ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.02.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური
დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №70
2018 წლის 27 ივნისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 852 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის მერმა დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს:
ა) დასახლებების საერთო კრებების შესახებ შემდეგი ინფორმაციის საჯაროობა:
ა.ა) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება და 2000-ზე ნაკლებია;
ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;
ბ) რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის №8 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება
ეს დებულება განსაზღვრავს დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევის, კრებაზე საკითხების ინიციირების, კენჭისყრის გამართვის და საქმიანობის წესებს, საერთო კრების რჩეულის უფლებებსა და მოვალეობებს, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.
თავი I
ზოგადი დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი
მუხლი 1🔗.
დასახლების საერთო კრების ცნება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
მუხლი 2🔗.
საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
საერთო კრების საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) თანასწორობა.
მუხლი 3🔗.
საერთო კრების სამართლებრივი საფუძვლები
1. საერთო კრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
2. კრების საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით, წყვეტს საერთო კრება.
თავი II
საერთო კრების სტრუქტურა, უფლებამოსილებები, მოწვევის და საქმიანობის წესი
მუხლი 4🔗.
საერთო კრების შემადგენლობა
1. საერთო კრების სრულუფლებიანი წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე:
ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – კოდექსი) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
5. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – რჩეული).
6. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომში – მდივანი).
7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.
მუხლი 5🔗.
საერთო კრების უფლებამოსილება
საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომ –
მუნიციპალიტეტი) ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ბ)განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ)განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროების შესახებ და შეიმუშაოს წინადადებები მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
ლ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
მ) იშუამდგომლოს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;
ნ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ო) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
პ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ჟ) განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;
რ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
ს) მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ტ)განახორციელოს კოდექსით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗.
საერთო კრების გადაწყვეტილება
საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, რეკომენდაცია საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით (შემდგომ – ოქმი).
მუხლი 7🔗.
საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
საერთო კრების მოწვევის ინიცირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს (შემდგომ – ამომრჩეველთა არანაკლებ 5%);
ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) რჩეულს.
მუხლი 8🔗.
ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი.
2. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
3. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;
დ)ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერი ანდა მის მიერ უფლებამოსილი მოხელე /სტრუქტურული ერთეული.
5. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტ-რესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6. საერთო კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს განცხადების მარეგისტრირებელი ორგანო.
7.საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
8.რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
9. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
10. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა სიის ფურცლები. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას და საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ამომრჩეველთა სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
11. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
12. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
13. მუნიციპალიტეტის მერი და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.
14. სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული ამ დასახლებაში ან
რეგისტრირებულია სხვა დასახლებაში;
ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.
15. ხელმოწერ(ებ)ის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
17. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღე.
18. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ- ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.
მუხლი 9🔗.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
2. მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.
3. მუნიციპალიტეტის მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.
4. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 10🔗.
რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის:
ა) თარიღი;
ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);
გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
3. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.
მუხლი 11🔗.
საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.
2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
4. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
5. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მიუხედავად საერთო კრების მოწვევის ინიციატორისა, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
6. საერთო კრება მუშაობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელსაც ადგენს კრების ინიციატორი. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს, რომელსაც რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აყენებს კენჭისყრაზე.
7. ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისათვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.
8. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
9. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს.
10. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა ტარდება საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ. კენჭისყრის საერთო კრებაზე კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ- ცალკე.
11. კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს კრებაზე დამსწრე რეგისტრირებული წევრი.
12. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
მუხლი 12🔗.
საერთო კრების სხდომის ოქმი
საერთო კრებაზე დგება ოქმი.
ოქმში მიეთითება
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3. სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიოვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად. სხდომის ოქმის ბეჭდური ვერსია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
4. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით, რჩეულის ან ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
თავი III
საერთო კრების რჩეული
მუხლი 13🔗.
რჩეულის უფლებამოსილება
1. რჩეული:
ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ) ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
ზ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ.
ა) რჩეულის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;
ბ) რჩეულის ანგარიში მტკიცდება საერთო კრების მიერ დამსწრეთა უმრავლესობით;
გ) თუ საერთო კრება არ დაამტკიცებს რჩეულის ანგარიშს, მისი უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება და მისი კანდიდატურის დაყენება რჩეულის კანდიდატურად არ შეიძლება მომდევნო საერთო კრებამდე.
მუხლი 14🔗.
რჩეულის უფლებამოსილების ვადა
1. რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით.
2. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება არ აირჩევს საერთო კრების ახალ რჩეულს.
3. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
მუხლი 15🔗.
რჩეულის არჩევის წესი
1. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრული პირი.
2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.
3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმის რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.
მუხლი 16🔗.
რჩეულის არჩევის პროცედურა
1. რჩეული ან ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი, წარმოდგენილი კანდიდატურების დასახელების შემდეგ ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის თანამდებობაზე.
2. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული ან მისი არყოფნის შემთხვევაში ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს მუნიციპალიტეტის მერი.
4. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.
5. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია (შემდგომ – კომისია). კომისია შედგება რჩეულის კანდიდატურის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის თითო წარმომადგენლისა და ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირისაგან. კომისიას თავმჯდომარეობს რჩეული ან საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, ბიულეტენი არ არის შესაბამისობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმასთან ან შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა.
8. ღია კენჭისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რჩეულად დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი. მიღებული ხმების დათვლა და ოქმში ასახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 და მე-9, მე-10 პუნქტების შესაბამისად.
9. რჩეულად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას.
10. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩეულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე დარეგისტრირდა.
11. არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება რჩეული ან ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
მუხლი 17🔗.
რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1.რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
დ) მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.
2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.
თავი IV
განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-2000 ამომრჩეველი
მუხლი 18🔗.
რეგულირების სფერო
1. ამ თავით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმ დასახლებების საერთო კრებებზე, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 501-დან 2000 ამომრჩევლამდე.
2. ამ თავით განსაზღვრულ ნორმებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ დებულების პირველი - მე-3 თავით გათვალისწინებული ნორმების მიმართ.
მუხლი 19🔗.
საერთო კრება
1. თითოეულ დასახლებაში იქმნება ერთი საერთო კრება.
2.თითოეულ დასახლება იყოფა უბნებად, რომელიც წარმოადგენს დასახელების საერთო კრების ნაწილს.
მუხლი 20🔗.
საერთო კრების საქმიანობის წესი
1. დასახლების საერთო კრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში, უბნის კრების სახით. ერთ დასახლებაში უბნის კრებები ერთი საერთო კრებისთვის უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით ერთი კვირის ვადაში.
2. ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა იანგარიშება ყველა უბნის კრებების დამსწრეთა საერთო რაოდენობიდან.
3. დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში გამართვისას კენჭისყრა იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში/უბანში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.
4. ერთსა და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
5. უბნის კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული ან ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6. დასახლებაში რეგისტრირებული საერთო კრების წევრი ხმის უფლებით მონაწილეობს დასახლების საერთო კრების მხოლოდ ერთი უბნის კრებაში.
მუხლი 21🔗.
საერთო კრების სხდომის ოქმი
1. დასახლების საერთო კრებისთვის სხდომის ოქმი დგება დასახლებაში შემავალი უბნების სხდომის ოქმების საფუძველზე.
2. უბნის კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების მდივანი.
3. დასახლების საერთო კრების/უბნის კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი და სხდომის მდივანი.
მუხლი 22🔗.
რჩეული
1. დასახლებას უბნებად დაყოფის შემთხვევაშიც ჰყავს ერთი რჩეული.
2. რჩეული აირჩევა ამ დებულების მე-15 და მე-16 მუხლებით დადგენილი წესით, საერთო კრების უბნის კრებების შეჯამებული შედეგების გათვალისწინებით.
თავი V
მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
მუხლი 23🔗.
მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ:
ა) საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს. განხილვას შეიძლება ესწრებოდეს რჩეული;
ბ) დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალური პროგრამები, დასახლებათა საზღვრების ცვლილების საკითხები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ განიხილონ დასახლების შესაბამის საერთო კრებასთან;
გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინონ შესაბამისი პროგრამები, ამასთან, საერთო კრებების ორგანიზებისთვის და ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი სახსრები არ შეიძლება იყოს წინა წელს გამოყოფილ სახსრებზე ნაკლები;
ბ) უზრუნველყოს ტექნიკური და პროგრამული პლატფორმის შექმნა რჩეულებისთვის საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიცირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის მიმართულებით.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 24🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.