AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.06.2018
ძალის დაკარგვა 24.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №124/04
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016317
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 23.04.2024
დოკუმენტის ტექსტი
AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№124/04
2018 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და 71 პუნქტების, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი
მუხლი 1🔗.
დოკუმენტის მიზანი
წინამდებარე წესი ადგენს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის“ გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალი მომხმარებლების ძირითად უფლება – მოვალეობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალი (შემდგომში – პორტალი) – www.aml-cft.nbg.ge მისამართზე განთავსებული ვებპორტალი;
ბ) დისტანციური ზედამხედველობის ანგარიშგება (შემდეგში – ანგარიშგება) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგება;
გ) პორტალის მომხმარებელი (შემდეგში – მომხმარებელი) – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას და რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;
დ) უფლებამოსილი პირი – მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პორტალში მოქმედებს მომხმარებლის სახელით;
ე) პროფილი – პორტალის ფუნქციების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი ან ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამშრომელი;
ვ) ქმედებების ჟურნალი – სისტემაში განხორციელებული ქმედებებისა და ცვლილებების ქრონოლოგიური ჩანაწერები;
ზ) ავტორიზაცია – მომხარებლის შესვლა პორტალზე ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული იდენტიფიკატორი (username) და შესაბამისი პაროლის (password) მეშვეობით;
თ) პორტალის შეტყობინება (შემდეგში – შეტყობინება) – ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის პორტალის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც ატარებს სავალდებულო იურიდიულ ძალას;
ი) შეტყობინების მიმღები – მომხმარებელი, რომელიც პორტალის მეშვეობით იღებს შეტყობინებას, მიუხედავად უფლებამოსილი პირების რაოდენობისა;
კ) პორტალის შეზღუდვა (შემდეგში – შეზღუდვა) – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დროის მომენტი, რომლის დროსაც ხდება მომხმარებლისათვის პორტალით სარგებლობის უფლების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა;
ლ) შემაფერხებელი გარემოება – ტექნიკური ხასიათის შეფერხება, რომლის დროსაც პროტალი სრულად ან ნაწილობრივ მიუწვდომელია და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიზეზით;
მ) ფორს-მაჟორი – ნებისმიერი გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამისი მხარის კონტროლს, მათ შორის ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული გარემოებები;
ნ) ელექტრონული თოქენი (შემდგომში – თოქენი) – USB ინტერფეისის მქონე ელმოწყობილობა, რომელიც შეიცავს შიდა მეხსიერებას და პროცესორს. იგი გამოიყენება მომხმარებლისათვის მინიჭებული ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის სერთიფიკატის (შემდგომში – „სერტიფიკატი“) და შესაბამისი დახურული გასაღების დაცულ მატარებლად;
ო) პორტალის ოპერატორი – ეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია პორტალის მართვასა და პორტალის წესების განსაზღვრაზე;
პ) პორტალის ადმინისტრატორი – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში მომხმარებლებისათვის და ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის შესაბამისი პროფილების შექმნასა და სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე;
ჟ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი (შემდეგში – თანამშრომელი) – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში იმოქმედოს ეროვნული ბანკის სახელით.
მუხლი 3🔗.
პორტალის ზოგადი აღწერილობა
1. პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის, კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. პორტალი ასევე გამოიყენება სამართლებრივი აქტების და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განსათავსებლად.
2. პორტალზე წვდომის უფლება აქვს ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ თანმშრომლებს და მომხმარებელს მისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ მოდულზე.
3. ეროვნული ბანკის მიერ პორტალზე ატვირთულ ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის დასკანერებულს, შეტყობინებით გაგზავნილს ან/და ციფრულად/ელექტრონულად ხელმოწერილს) აქვს შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალა. პორტალის ფარგლებში ციფრულად/ელექტრონულად შესრულებულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ხელმოწერა ხორციელდება ეროვნული ბანკის სახელით.
4. მომხმარებელი ვალდებულია ყოველდღიურად გადაამოწმოს პორტალის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ან/და პორტალზე ატვირთული დოკუმენტები.
5. მომხმარებელი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ პორტალის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებას ან/და ატვირთულ დოკუმენტს გაეცნოს გაგზავნიდან/ატვირთვიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. გაგზავნილი შეტყობინების გაცნობის გარეშე მომხმარებელს არ ეძლევა პორტალზე მუშაობის გაგრძელების უფლება.
6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით პორტალის მიერ ხორციელდება მომხმარებლების და ეროვნული ბანკის ქმედებების ჟურნალის ჩანაწერების დამახსოვრება.
7. მომხმარებლის მიერ პორტალის მეშვეობით წარმოდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას და დოკუმენტაციას აქვს იურიდიული ძალა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის საზედამხედველო ღონისძიება.
8. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგება ხელმოწერილი უნდა იყოს მომხმარებლისათვის გადაცემული თოქენის მეშვეობით, გარდა იმ მომხმარებლისა, რომელსაც ამ წესის შესაბამისად არ გადაეცემა თოქენი. ხელმოწერის გარეშე გამოგზავნილი ანგარიშგება არ ჩაითვლება მიღებულად.
9. ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენილ ანგარიშგებად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ანგარიშგების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე ბოლო ატვირთული ანგარიშგება (მიუხედავად მისი სისწორისა).
10. ეროვნული ბანკის მიერ პორტალზე დოკუმენტის/ინფორმაციის ატვირთვის/მომხმარებლისთვის გაგზავნის შემთხვევაში, ავტომატურად ხდება მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნა პორტალის სისტემაში.
11. ყოველი სანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკი მომხმარებელს პორტალის მეშვეობით უგზავნის შეტყობინებას საანგარიშგებო პერიოდის დასრულების და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის ვადების შესახებ.
12. ანგარიშგების წარმოდგენის ვადების ამოწურვამდე 5 კალენდარული დღით ადრე ეროვნული ბანკი მომხმარებელს უგზავნის განმეორებით შეტყობინებას ანგარიშგების განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენის შეხსენების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების მიუღებლობა მომხმარებელს არ ათავისუფლებს ანგარიშგების განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
მუხლი 4🔗.
ეროვნული ბანკის როლი პორტალში
1. ეროვნული ბანკი ადმინისტრირებას უწევს პორტალის ფუნქციონირებას, განსაზღვრავს პორტალის ტექნიკურ კონფიგურაციასა და მის პარამეტრებს, აკონტროლებს და მართავს პორტალს.
2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს:
ა) პორტალში მომხმარებელთა და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დაშვებას;
ბ) პორტალის გამართულ ფუნქციონირებას და ინფორმაციის დაცულობას;
გ) პორტალზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას ან/და დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებას;
დ) პორტალის მოხმარების წესების პორტალზე განთავსებას.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გამოიყენოს პორტალი მოხმარებლებლებთან დაკავშირებული შემოწმების და სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, გაფრთხილებების და საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტების და ინფორმაციის გაგზავნის, ანგარიშგებების მიღება/დამუშავებისთვის და პორტალის მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის;
ბ) გამოიყენოს პორტალი ნორმატიული და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განთავსებისათვის;
გ) განახორციელოს პორტალთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვების განზოგადება;
დ) თავის შეხედულებისამებრ მოახდინოს პორტალის მოდიფიკაცია. თუ მოდიფიკაცია იწვევს ცვლილებებს მომხმარებელთა პროფილის ნაწილშიც, მაშინ ეროვნული ბანკი აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ატყობინებს ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანს 3 სამუშაო დღისა;
ე) გააკონტროლოს და შეამოწმოს მონაწილეების მიერ ამ წესების მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;
ვ) დაადგინოს შეზღუდვა პორტალის ნებისმიერ მომხმარებელთან მიმართებაში;
ზ) განახორციელოს ნებისმიერ სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა პორტალის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის.
4. ეროვნული ბანკი, როგორც პორტალის ოპერატორი, პორტალის ხარვეზების ან მისი არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში უზრუნველყოს ხარვეზის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოფხვრას.
5. შემაფერხებელი გარემოების ან ფორსმაჟორის დროს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდების/მიღების ალტერნატიული საშუალებები.
მუხლი 5🔗.
პორტალის მონაწილეები და მონაწილეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. პორტალის მონაწილეები არიან:
ა) ეროვნული ბანკი;
ბ) მომხმარებლები ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. პორტალში მონაწილეობა შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით ჩამოთვლილ ყველა მომხმარებელს, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული იქნება პორტალში მონაწილეობისთვის და რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. პორტალის გამოყენების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია:
ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პორტალის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო (მათ შორის ინტერნეტ და კომპიუტერული) ინფრასტრუქტურის შექმნა;
ბ) პორტალზე წვდომის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ევალებათ ამ პორტალში შესაბამისი ქმედებების განხორცილება. ასევე განსაზღვროს ის უფლებამოსილი პირი, რომელიც მომხმარებლის სახელით მოახდენს პორტალში თოქენის გამოყენებას. პორტალზე წვდომასა ან/და თოქენის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხარებელს;
გ) უზრუნველყოს თავისი შიდა სისტემების თავსებადობა პორტალის გამოყენების მოთხოვნებთან;
დ) უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;
ე) პორტალზე პირველი ავტორიზაციისთანავე შეცვალოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი (password);
ვ) პორტალზე პირველი ავტორიზაცია განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მომხარებლისათვის იდენფტიფიკატორის (username) და დროებითი პაროლის (password) გადაცემიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში;
ზ) განსაზღვრული წესით და ვადებში ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები (მათ შორის ანგარიშგება);
თ) უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტების (მათ შორის ანგარიშგების) სისწორე;
ი) ამ წესით განსაზღვრულ ვადებში ოპერატიულად გაეცნოს შეტყობინებებს;
კ) ყოველდღიურად განახორციელოს პორტალში ავტორიზაცია ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წასაკითხად. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დროებით ხდება თავისი საქმიანობის შეჩერება, რის გამოც ვერ ხერხდება პორტალზე ყოველდღიური ავტორიზაცია, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ პორტალის მეშვეობით წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკის საქმიანობის შეჩერების ვადების მითითებით;
ლ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს პორტალის მეშვეობით მიღებული დოკუმენტებით, მითითებებით და შეტყობინებებით წარმოშობილი ვალდებულებები;
მ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ინფორმაციის/დოკუმენტების, ანგარიშგების, მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შესახებ;
ნ) დოკუმენტების/ინფორმაციის გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით. ნებისმიერი მიზეზის გამო პორტალის ფუნქციონირების შეფერხება მომხმარებელს არ ათავისფულების ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნის ვალდებულებისაგან, რაც შეფერხების არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ალტერნატიული საშუალებებით;
ო) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები პორტალზე არაავტორიზებული წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზებული წვდომების შესახებ;
პ) პორტალის არაავტორიზებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით მომხარებელი ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს შიდა უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურები.
მუხლი 6🔗.
მომხარებლისათვის პორტალზე წვდომის უფლების მინიჭების და გაუქმების პირობები
1. მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციას ახდენს ეროვნული ბანკი. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება პორტალზე დაამატოს ახალი მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები.
2. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის/ლიცენზირების პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, პორტალზე რეგისტრაციის მოთხოვნით, ამ წესით გათვალისწინებული ფორმით მიმართოს ეროვნულ ბანკს.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მის მიერ დადგენილ ვადებში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლის განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოხმარებლის მიერ არასწორად არის შევსებული ამ წესის დანართით განსაზღვრული შესაბამისი ფორმა;
ბ) თოქენის ან/და მომხმარებლის იდენტიფიკატორის (username) და ერთჯერადი პაროლის (password) გატანაზე ფორმაში მითითებული უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. ეროვნული ბანკი განაცხადს მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მომხმარებელს გადასცემს თოქენს ან/და მომხმარებლის იდენტიფიკატორს (username) და ერთჯერად პაროლს (password).
6. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომხმარებელს მოსთხოვს დამატებითი ინფორმაციის წარდგენას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენამდე.
7. ამ მუხლის გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, მომხმარებელს და ეროვნულ ბანკს შორის ფორმდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მომხმარებელს გადაეცემა თოქენი. მომხმარებელს ასევე გადაეცემა მომხმარებლის იდენტიფიკატორის (username) და ერთჯერადი პაროლი (password).
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომელთაც მიმართვის საფუძველზე გადაეცემათ მხოლოდ მომხმარებლის იდენტიფიკატორის (username) და ერთჯერადი პაროლი (password).
9. მოხმარებლისათვის რეგისტრაციის გაუქმების ან ლიცენზიის ჩამორთმევიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ეროვნული ბანკი მოხმარებელს უუქმებს პორტალზე წვდომის უფლებას.
10. მომხმარებელს ასევე შეიძლება გაუუქმდეს პორტალზე წვდომის უფლება, თუ:
ა) მომხმარებელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მომხმარებელი რეგულარულად არღვევს ამ წესებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და/ან ამ წესებით გათვალისწინებულ პროცედურებს.
მუხლი 7🔗.
ფორს-მაჟორი
1. პორტალის მომხმარებლები თავისუფლდებიან ამ წესებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს დაკავშირებულია დაუძლეველ გარემოებებთან (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების აქტები), რომლებიც სცილდება მომხმარებელთა კონტროლს და რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მომხმარებლებს არ შეეძლოთ. მომხმარებლები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ფორსმაჟორული გარემოების არსებობის განმავლობაში.
2. მხარე, რომელიც განიცდის ფორსმაჟორული გარემოებების ზემოქმედებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აცნობოს მეორე მხარეს ფორსმაჟორულ გარემოებათა დადგომის შესახებ და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებებით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად. ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება ფორსმაჟორული გარემოებებისა და მათი შედეგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზეც. შეტყობინების ვალდებულების უგულვებელყოფით ან შეტყობინების დაგვიანებით გამოწვეულ ყველა შედეგებზე, ეროვნული ბანკისა თუ სხვა მესამე პირის მიმართ პასუხიმგებლობა ეკისრება მომხარებელს.
3. ფორსმაჟორული მდგომარეობა მომხმარებელს არ ათავისუფლებს ამ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარმოდგენის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარმოდგენა ასევე შეუძლებელია ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო.
მუხლი 8🔗.
ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა
1. მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალის არასანქცირებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად.
2. ეროვნული ბანკი და პორტალის მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ არ გათქვან ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ გახადონ მესამე პირებისთვის ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდათ პორტალის გამოყენების შედეგად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
1. კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს მომხმარებლებს დამატებითი ინსტრუქციები პორტალის ორგანიზაციასა და პორტალის მომხმარებლების მოვალეობებთან დაკავშირებით. მსგავსი სახის დამატებითი ინსტრუქციები წარმოადგენს წინამდებარე წესის განუყოფელ ნაწილს.
2. მოხმარების წესები განისაზღვრება „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ დოკუმენტით, რომელიც განთავსებულია პორტალზე და წარმოადგენს ამ ბრძანების განუყოფელ ნაწილს.
3. მომხმარებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათალისწინებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ დოკუმენტით.
მუხლი 10🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ფინანსური ინსტიტუტების, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, მიერ აღნიშნული პორტალით სარგებლობის ვალდებულება წარმოიშობა 2018 წლის 1 ივლისიდან. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ პორტალით სარგებლობის ვალდებულება წარმოიშობა 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ფინანსური ინსტუტიტები, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, ვალდებულნი არიან 2018 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება წარმოადგინონ ამ წესით განსაზღვრული პორტალის მეშვეობით.