კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 320110000.22.027.016808
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და
გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№308
2018 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესის განსაზღვრის შესახებ
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი“.
2.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3.
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე
კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი
.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, განსაზღვრავს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესს და ადგენს ავტორიზაციის შესახებ განაცხადის ფორმასა და მისი წარდგენის წესს, ავტორიზაციის მინიჭების ან მასზე უარის საფუძვლებს, შესაბამის ვადასა და საფასურს, ასევე, ზედამხედველობის განხორციელების პრინციპებსა და დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს.
2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ (შემდგომში − სააგენტო).
3. სააგენტო კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით:
ა) განიხილავს ავტორიზაციის შესახებ განაცხადს;
ბ) ანიჭებს ავტორიზაციას ან უარს ამბობს ავტორიზაციის მინიჭებაზე;
გ) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის კანონსა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკურ რეგლამენტთან (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) შესაბამისობას;
დ) კანონით, ამ წესითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეაგირებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე;
ე) აჩერებს ან აუქმებს ავტორიზაციას;
ვ) აწარმოებს და აქვეყნებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიას;
ზ) ახორციელებს კანონით, ამ წესითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. პირი, რომელსაც სურს, გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, მისი საქმიანობის კანონთან, ტექნიკურ რეგლამენტსა და ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვალდებულია, ავტორიზაცია გაიაროს სააგენტოში.
5. კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის ავტორიზაცია გაიცემა 2 წლის ვადით.
6. სააგენტო ავტორიზაციის მინიჭებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
თავი II. ავტორიზაცია
მუხლი 3🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადი
1. ავტორიზაციის მსურველი პირი სააგენტოს მიმართავს წერილობითი განაცხადით, რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესის დანართით. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებელი იურიდიული პირის/მეწარმე ფიზიკური პირის/ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობასა და პირად ნომერს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კვალიფიციური სანდო მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა გაწევასაც გეგმავს ავტორიზაციის მსურველი პირი;
გ) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.
2. განაცხადს უნდა ერთვოდეს:
ა) აუდიტის დასკვნა კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მომსახურების უწყვეტობის გეგმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტში ჩამოყალიბებულ მინიმალურ მოთხოვნებს;
გ) შესაბამისი დოკუმენტაცია, კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც, ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში, დაადასტურებს მის მიერ საკმარისი ფინანსური რესურსებისა და გარანტიების ფლობას (კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წლიური ბიუჯეტი ან/და სხვა დოკუმენტი), ხოლო სხვა პირის შემთხვევაში – მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობას. ორივე შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი წელიწადში, სულ მცირე, 500 000 ლარის ფარგლებში;
დ) ავტორიზაციის მსურველი პირის შინაგანაწესი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ე) ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ჩამონათვალი ელექტრონული ფორმით (შესაბამის მატარებელზე), რომელიც უნდა შეიცავდეს თითოეული მომსახურების აღწერას (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეგისტრირებული ETSI TS 119 612 „Electronic Signatures and Infrastructures (ESI); Trusted Lists“ სტანდარტის მოქმედი ვერსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტს უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების აღწერის დოკუმენტისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ ავტორიზაციის შესახებ განაცხადში მითითებული მომსახურებისათვის კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შესახებ.
5. აუდიტი უნდა განხორციელდეს აუდიტის დასკვნის სააგენტოში წარდგენამდე არაუადრეს 6 თვისა.
6. აუდიტის განხორციელების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტი.
7. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტის დასკვნის ავტორიზაციის მიზნებთან შესაბამისობის საკითხის დადგენისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. სააგენტო აფასებს აუდიტის დასკვნაში მოცემულ ყველა იმ გარემოებას/ინფორმაციას, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, არ გაითვალისწინოს აუდიტის დასკვნაში მითითებული შეფასებები და გარემოებები.
მუხლი 4🔗. ავტორიზაციის საფასური
1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განხილვისა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილია სავალდებულო გადასახდელი (შემდგომში − ავტორიზაციის საფასური). ავტორიზაციის საფასური შეადგენს 10 000 ლარს.
2. ავტორიზაციის საფასური უნდა იქნეს გადახდილი წინასწარ.
3. გადახდილი საფასური დაბრუნებას ექვემდებარება, თუ:
ა) ავტორიზაციის მსურველმა პირმა ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
4. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 5🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განხილვა
1. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში სააგენტო შეისწავლის წარდგენილ განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს/ინფორმაციას და ადგენს განაცხადში მითითებული მომსახურების კანონის, ამ წესისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცხადის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს ორი თვით.
3. სააგენტო განაცხადში მითითებულ თითოეულ მომსახურებაზე ავტორიზაციის მოთხოვნას აფასებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ავტორიზაციის შესახებ განაცხადის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე;
ბ) ავტორიზაციის შესახებ განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;
გ) პირობითი ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ავტორიზაციაზე უარის თქმის თაობაზე;
ე) ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.dea.gov.ge.
5. ავტორიზაციის ვადა აითვლება კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიაში ინფორმაციის შეტანის მომენტიდან. ამ ვადის გასვლის შემდგომ ავტორიზაცია ავტომატურად ჩაითვლება გაუქმებულად.
6. სააგენტო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, შეიტანს ინფორმაციას კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიაში.
მუხლი 6🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის სრულად დაკმაყოფილება
1. ავტორიზაციის შესახებ განაცხადში მითითებული ყველა მომსახურების, განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის კანონთან, ამ წესსა და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადში მითითებული ყველა მომსახურებისათვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ.
2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აქვს ავტორიზაცია, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესით, წერილობითი განაცხადით მიმართავს სააგენტოს ავტორიზაციის განახლების მოთხოვნით მოქმედი ავტორიზაციის 2-წლიანი ვადის გასვლამდე არაუადრეს 6 თვისა.
მუხლი 7🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
1. თუ ავტორიზაცია მოთხოვნილია რამდენიმე კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის, სააგენტო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებს თითოეულ ასეთ მომსახურებაზე ავტორიზაციის მინიჭების საკითხს.
2. ავტორიზაციის შესახებ განაცხადში მითითებული მომსახურებების ნაწილის (ერთი ან რამდენიმე მომსახურება), განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის კანონთან, ამ წესსა და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 8🔗. პირობითი ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება
1. ავტორიზაციის შესახებ განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი ავტორიზაციის შესახებ, რაც გულისხმობს ავტორიზაციის მსურველი პირისათვის ავტორიზაციის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ იგი აუდიტის დასკვნაში მითითებულ შეუსაბამობებს აღმოფხვრის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
2. პირობითი ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის გასვლამდე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს წარუდგენს აუდიტის დასკვნას ან/და სხვა მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობების აღმოფხვრა.
3. სააგენტო აფასებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას ან/და სხვა მტკიცებულებებს და იღებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
4. პირობითი ავტორიზაცია ძალაშია სააგენტოს მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 9🔗. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
თუ განაცხადში მითითებული მომსახურებები ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მინიჭებისათვის კანონით, ამ წესითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 10🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განუხილველად დატოვება
1. სააგენტო განაცხადის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განაცხადში მითითებული მომსახურებების, განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას კანონის, ამ წესისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ ავტორიზაციის მსურველი პირი სააგენტოს არ წარუდგენს კანონით, ამ წესითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
2. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის უსაფრთხოებისა და პირის საქმიანობის უწყვეტობის შეფასების მიზნით მოითხოვოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის მიერ მოთხოვილი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოდგენა.
3. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.
5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, სააგენტო გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 11🔗. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
სააგენტოს მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 12🔗. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სია
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სია ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. სია შექმნილია სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეგისტრირებული ETSI TS 119 612 „Electronic Signatures and Infrastructures (ESI); Trusted Lists“ სტანდარტის მოქმედი ვერსიის მოთხოვნათა გათვალისწინებით და დაცულია ყოველგვარი ცვლილებისა და გაყალბებისაგან სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
3. სია შეიცავს განახლებულ ინფორმაციას კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა და მის მიერ შეთავაზებული მომსახურებების სტატუსების შესახებ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან.
თავი III. ზედამხედველობა
მუხლი 13🔗. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
2. ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სააგენტო, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან კანონის, ამ წესისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისთვისაც იგი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა;
ბ) მოსთხოვოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, საკუთარი ხარჯით ჩაატაროს კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ აუდიტი, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა;
გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით შეაჩეროს ან გააუქმოს ავტორიზაცია.
3. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სააგენტოს არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს საკუთარი სისტემების უსაფრთხოების ან მონაცემთა მთლიანობის დარღვევის თაობაზე, ან სხვა მოვლენის შესახებ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული საქმიანობის წარმართვას.
მუხლი 14🔗. ცვლილების შეტყობინება
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა, სულ მცირე, 10 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა შეატყობინოს სააგენტოს ავტორიზაციის შესახებ განაცხადში ან/და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიაში არსებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების განხორციელება არ გულისხმობს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურებათა სიაში ახალი მომსახურების დამატებას.
3. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილია მომსახურებათა სიაში ახალი მომსახურების დამატება, რომელიც ავტორიზაციის მინიჭების მიზნით სააგენტოსთვის წარდგენილ აუდიტის დასკვნაში არ არის შეფასებული, მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მომსახურებისათვის გაიაროს ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაცია.
4. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ასახავს ცვლილებას კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიაში.
მუხლი 15🔗. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა, სულ მცირე, 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს სააგენტოს ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური სანდო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე და მიუთითოს საქმიანობის შეწყვეტის ზუსტი დრო, ასევე, მისი საქმიანობის სხვა პირისთვის (ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში) გადაცემის შესახებ ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებული პერიოდიდან ავტორიზაციის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სხვა პირს საქმიანობის გადაცემის დროისათვის სააგენტოში გავლილი უნდა ჰქონდეს ავტორიზაცია.
3. სააგენტო უფლებამოსილია, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში დარღვევის აღმოჩენისას გააუქმოს ავტორიზაცია. სააგენტოს მიერ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის დარღვევის აღმოფხვრის შესახებ წერილობით გაფრთხილებას, სადაც მოცემულია დარღვევის ხასიათი და მისი აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციები შესაბამისი ვადის მითითებით.
4. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ახდენს რამდენიმე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას და მის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევა შეეხება ერთი ან რამდენიმე ასეთი მომსახურების მიწოდებას, სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება ავტორიზაციის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.
5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევა და დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს ზემოაღნიშნულის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის დარღვევის აღმოფხვრის შესახებ წერილობითი გაფრთხილების გაგზავნიდან დარღვევის სრულად აღმოფხვრამდე პერიოდში სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მომსახურების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების შესახებ.
7. კვალიფიციური სანდო მომსახურების ფარგლებში ავტორიზაციის შეჩერება გულისხმობს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების აკრძალვას იმ ვადით, რა ვადითაც შეჩერებულია ავტორიზაცია.
8. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
9. ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ინფორმაცია ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე 10 კალენდარული დღის ვადაში აისახება კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიაში.
მუხლი 16🔗. ინფორმაციის შენახვა
1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არანაკლებ 15 წლის ვადით შეინახოს:
ა) პირის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პროცედურების მიხედვით არსებული ჩანაწერები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული შენახვის ვადის გასვლამდე, სულ მცირე, 3 თვით ადრე, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს სააგენტოს.
3. სააგენტო ვალდებულია, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისგან მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია და შეინახოს 15 წლის ვადით.
4. თუ კვალიფიცური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვადაზე ადრე გაუუქმდა ავტორიზაცია და საქმიანობა არ გადაუცია სხვა პირისათვის, ინფორმაცია ინახება სააგენტოში 15 წლის ვადით.