1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახეებია:

ა) სახელმწიფო − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისადმი დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი;

ბ) საუწყებო − სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი;

გ) კერძო − მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი.

2. საუწყებო სახანძრო დაცვის დანაყოფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

3. კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობისა და შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესს ამტკიცებს მინისტრი.

5. საუწყებო და კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს მეთოდურ დახმარებას უწევს, აგრეთვე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ამოწმებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018