შპს „მეტროლაინის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17553-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/17553-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2018 წლის 2 ივლისი

  ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე

 

მოვალე – შპს ,,მეტროლაინი" (საიდენტიფიკაციო კოდი : 406029505).

დირექტორი -ნინო კეკელიძე

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი

 

მოთხოვნა – შპს ,,მეტროლაინის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მეტროლაინის" წარმომადგენლის, ოთარ ხუციშვილის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (გაკოტრების) დაწყების თაობაზე და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მეტროლაინის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „მეტროლიანს“ არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშზე. კომპანიას ამავდროულად არ გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო რაც შეეხება მოძრავს ქონებას – კომპანიის აქტივს წარმოადგენს ავტომანქანა Toyota Vitz და 2 კომპიუტერის მაგიდა, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 4553.97 ლარს. ამავდროულად, კომპანიის ვადამოსული დავალიანება კრედიტორების მიმართ შეადგენს 300 000 ლარს. ვინაიდან, შპს „მეტროლაინის“ ვადამოსულ მოთხოვნებს ვერ ფარავს კომპანიის აქტივები, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის დაწყების შესახებ.

განმცხადებელი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 17.1 და 20.4 მუხლების საფუძველზე ითხოვს კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას და განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს „მეტროლაინის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა კომპანიის წილების (ე.ი. ფლობს თუ არა კომპანია სხვა საწარმოებში წილებს/მატერიალურ აქტივებს ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე. აღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით, შპს „მეტრონალინის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 25 ივნისს წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად შპს „მეტროლაინი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „მეტროლაინის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანიის სახელზე მოძრავი ქონების სახით ირიცხება სატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა ვიტზ“ (იხ. საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მ01.06.2018 წ. ცნობა) და კომპიუტერის მაგიდა თაროებით. ვინაიდან, საწარმოს გაჩნია აქტივი – მოძრავი ქონების სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „მეტროლაინის“ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე 25-ე, 26-ე, 29-ე და 56-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,მეტროლაინის“ (ს/ნ 406029505) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს ,,მეტროლაინის" მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 31 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №19 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                                 თინა ვაშაყმაძე