შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32598-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32598 -17

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2018 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

განმცხადებელი – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს „იმედი სვანეთი“

წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე

გაკოტრების მმართველი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „იმედი სვანეთის“ (ს/კ 435891313) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2017 წლის 28 ოქტომბერს. 2017 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა  შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს „იმედი სვანეთის“ (ს/კ 435891313) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას.

2018 წლის 03 იანვრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „იმედი სვანეთის“ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ 17 619.45 (ჩვიდმეტი ათას ექვსას ცხრამეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში ასახული იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად. გაკოტრების მმართველად დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).

2018 წლის 12 მარტს გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა გაკოტრების ანგარიში შპს „იმედი სვანეთის“ (ს/კ 435891313) საქმესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „იმედი სვანეთის“ ქონების მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მოვალე საწარმოს საკუთრებაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული არც მოძრავი არც უძრავი ქონება არ გააჩნია. საწარმოს ასევე არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შპს „იმედი სვანეთის“ დადებითი ნაშთი-6.99 (ექვსი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი უფიქსირდება ლიბერთი ბანკში არსებულ ანგარიშზე. მოვალე საწარმოს ჰყავს ერთი კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის დავალიანება შეადგენს 38 760 (ოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოც ლარს) ლარს“. გაკოტრების მმართველმა ითხოვა ამონაგები თანხის 6.99 ლარის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვა.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მოვალისა და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. 

მოცემულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის ანგარიშით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული გარემოება დადასტურდა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „იმედი სვანეთის“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „იმედი სვანეთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

ვინაიდან, შპს „იმედი სვანეთის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, კრედიტორის – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს მეურვის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, ხოლო ამონაგები თანხა, 6.99 ლარი უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც გაკოტრების მმართველის ანგარიშზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „იმედი სვანეთის“ (ს/კ 435891313) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „იმედი სვანეთი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „იმედი სვანეთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ –საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №99947) შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.

3. სს „ლიბერთი ბანკში“ არსებულ შპს „იმედი სვანეთის“ (ს/კ 4358913130) საბანკო ანგარიშზე არსებული 6.99 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.

4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                             მაია სვიანაძე