შპს „თემოს“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/7720-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2018 წლის30 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოვალე: შპს „თემო ”, ს/ნ 430030236
მოთხოვნა: შპს „თემოს'' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს "თემოს" წარმომადგენელმა და შპს „თემოს ” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კვლავ განცხადებით მომართა შპს "თემოს" წარმომადგენელმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნაცვლად, შპს "თემოს" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს "თემოს" უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს "თემოს" არ გააჩნია ქონება, არც ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე, საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. ამავე განჩინებითკრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,თემოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 14 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს ,,თემოს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და, "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა 5 დღის ვადაში 5000ლარისსასამართლოსსადეპოზიტოანგარიშზეშეტანისდამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა.
2018 წლის 27 მარტს, შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა ადრესატს 2018 წლის 2 აპრილს (ს.ფ. 31).
2018 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამატებით 14 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 31 მაისს (ს.ფ. 42).
2018 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 კალენდარული დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 21 ივნისს (ს.ფ. 63).
2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა 5000 ლარის სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 64-65).
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,თემოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2. შპს ,,თემოს“ მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. შპს ,,თემოს“ აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ,,თემოს“ მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს ,,თემოს“, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს ,,თემოს“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 14 აგვისტოს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, დარბაზში №9.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ”. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ.
11. დაევალოს მეურვეს განჩინების "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა არაუგვიანეს 2018 წლის 11 ივლისისა.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლევერა დობორჯგინიძე