ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის
სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებს,
სახეებს, ხანგრძლივობასა და მოსამზადებელი კურსის გავლასთან დაკავშირებულ
საორგანიზაციო საკითხებს, მოსამზადებელი კურსის საფასურის ოდენობას, მისი
გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან
განთავისუფლების პირობებს. აგრეთვე, განსაზღვრავს კურსის ადმინისტრირებაზე
უფლებამოსილ პირებს და მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების
უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. მოსამზადებელი კურსის მიზანი
მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის
მსურველი პირებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო
საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
ბ) მოსამზადებელი კურსი – ბავშვის, მათ შორის, განსხვავებული
საჭიროებების მქონე ბავშვის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი
პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის სასწავლო/სატრენინგო
პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების
შესაბამისად;
გ) მოსამზადებელი კურსის ორგანიზება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც
მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების
მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას,
სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის
გაცემას/აღრიცხვას და კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო
მოქმედებებს;
დ) სერტიფიკატი – ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი
პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტრენერი შეიძლება იყოს:
ა) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარების ფუნქციის მქონე
სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა ან/და
მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა
მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო
პროგრამის შესაბამისად და რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს
დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი
ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის
შესაბამისად და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების
გაწევის ხელშეკრულება;
გ) პირი, რომელიც არის იმ იურიდიული პირის, მათ შორის, საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით
აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა
შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს
შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება.
3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა,
როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
მუხლი 4. მოსამზადებელი კურსის სახეები და
საფასური
1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
ა) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირისთვის:
ა.ა) ძირითად კურსს;
ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად
აყვანის სურვილის შემთხვევაში);
ბ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის:
ბ.ა) ძირითად კურსს;
ბ.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით
აღზრდის შემთხვევაში).
2. მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროგრამის მოდული შეთანხმებული უნდა
იყოს სამინისტროსთან.
3. მოსამზადებელი კურსის გავლა ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა ბავშვის
შვილად აყვანის მსურველი პირის მოსამზადებელი ძირითადი კურსისა, რომლის
საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს – 50 ლარს.
4. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი კურსი და მშვილებლად რეგისტრაციის
შესახებ განაცხადში დააფიქსირებს განსხვავებული საჭიროების მქონე
გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, გათავისუფლდება ამ მუხლის
მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან და გადახდილი
თანხა დაუბრუნდება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი,
რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება მოსამზადებელი კურსის გავლის
პროცედურებთან დაკავშირებით
1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა
სააგენტო.
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) მიღებული განაცხადების დამუშავებას;
ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის
დაგეგმვას;
გ) სწავლების/ტრენინგის ჩატარებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალიწინებული პირების მეშვეობით;
დ) სერტიფიკატის გაცემასა და აღრიცხვას;
ე) მოსამზადებელი კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა
ღონისძიებებს.
მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი
კრიტერიუმები
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი
უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 16 პირისათვის
(ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო
პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს
16-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის
დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის
განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა
რაოდენობა.
3. ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო
პროცესის დაწყების შესახებ ჯგუფის წევრების ინფორმირების დღიდან
არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან
დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის, კურსის სრულად გავლის
სერტიფიკატის გაცემა.
4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის შეადგენს 21
ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის
შვილად აყვანის, ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7
ასტრონომიულ საათს.
მუხლი 7. მოსამზადებელი კურსის ორგანიზების ფინანსური
უზრუნველყოფა
1. მოსამზადებელი კურსების ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია
განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით.
2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი
დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:
ა) სასწავლო/სატრენინგო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სივრცით
სარგებლობის ხარჯებს;
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი
სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების
მიერ გადახდილი თანხის 25%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს ორს);
გ) საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად გაწეულ
ხარჯებს;
დ) ხარჯებს სატრენინგო ჯგუფის წევრებისა და ტრენერების შესვენებისათვის
საკვები პროდუქტების შესაძენად;
ე) შესაბამისი სახის სერტიფიკატების ტირაჟირების ხარჯებს;
ვ) მივლინების ხარჯებს, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის.
3. შვილად აყვანის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის
სწავლების/ტრენინგის ორგანიზებისთვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება ამ
წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი
შემოსულობებიდან.
4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის
სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება
„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მართვის“ პროგრამის ფარგლებში
გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი
განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სატრენინგო მომსახურების ანაზღაურების
მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელთან დამატებით გააფორმოს
შრომითი ხელშეკრულება ან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოს
შესაბამისი დამატება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
გათვალისწინებით.
6. სწავლების/ტრენინგის ჩატარების მიზნით ტრენერთან, რომელიც არ არის
სააგენტოს თანამშრომელი, შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება, როგორც
ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს მთავრობის
შესაბამისი აქტის საფუძველზე.
მუხლი 8. მიმართვა მოსამზადებელი კურსის გავლის
მიზნით
1. პირმა, რომელსაც სურს გაიაროს მოსამზადებელი კურსი, უნდა მიმართოს
სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ
დამტკიცებული განაცხადის ფორმა.
2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის
შემთვევაში საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 9. მოსამზადებელი კურსის ჩატარების პირობები
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების
დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის
განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი
კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და
ადგილის შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების
მიხედვით.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 10
სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან
10 სამუშაო დღეში.
3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს –
7 ასტრონომიულ საათს.
4. კურსის სრულად გავლის შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი
სერტიფიკატი.
5. მოსამზადებელი კურსის სწავლებაზე/ტრენინგზე დასწრების, აღრიცხვის და
ქცევის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 10. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესზე
გამოცხადება და დაშვება
1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების
მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილზე მითითებულ
დროს.
2. პირი, რომელიც არ გამოცხადდება სასწავლო/სატრენინგო პროცესზე ან
გამოცხადდება დაგვიანებით ან სასწავლო/სატრენინგო პროცესს დროზე ადრე
დატოვებს, იმ დღეს მოიხსნება ჯგუფიდან.
3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო
თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც
არ იქნება სრულად დაკომპლექტებული.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის
შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა
გავლა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების
შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ
შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით
დაფიქსირებული რეკვიზიტების შესაბამისად.
მუხლი 11. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ:
ა) საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით
უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სააგენტო ვერ
უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას;
გ) პირი გათავისუფლდა საფასურის გადახდისგან ამ წესის მე-4 მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. საფასურის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ
მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის
განმავლობაში.
ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მშვილებლად
რეგისტრაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის
წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საფასური არ
ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემა
1. სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 5
სამუშაო დღის ვადაში.
2. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი
მოსამზადებელი კურსისათვის 21 ასტრონომიული საათი, ხოლო განსხვავებული
საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა ან მინდობით აღზრდის მსურველი
პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიული საათი.
მუხლი 13. სერტიფიკატის ვადა
1. ბავშვის შვილად აყვანის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის
გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და მოქმედებს
მოსამზადებელი კურსის სწავლების დასრულების დღიდან.
2. ბავშვის მინდობით აღზრდის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი
კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება
სწავლება/ტრენინგის დასრულების დღიდან 3 წლის ვადით, თუ მინდობით
აღმზრდელთან ამ ვადაში არ განთავსდა მინდობით აღსაზრდელი.
3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი, სერტიფიკატი
ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით
აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით
აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს
სააგენტოს.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1
იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით, აგრეთვე, მინდობით
აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის
დაწყების თარიღისა და ადგილის შესახებ. აღნიშნულის შესახებ
მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება
სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან
ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი).
სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა
შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს
მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.
2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში, მშვილებელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს
ტერიტორიულ ერთეულს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების
შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, დაუყოვნებლივ
ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
3. პირი, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის
მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე
და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში
აღრიცხვა/რეგისტრაცია, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი პირი მოიხსნება
რეესტრიდან, ხოლო მინდობით აღმზრდელს გაუუქმდება რეგისტრაცია. მშვილებლის
მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების
შეუსრულებლობა.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა,
რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ
ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის
გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული
მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1
იანვრისა.