შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13185-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2018 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე – თინა ვაშაყმაძე
წარმომადგენელი – მამუკა ნოზაძე
მოთხოვნა – შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით შპს „აისს“ (ს.ნ 400133887) უარი ექთვა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 04 აპრილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 04 მაისს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა ფინანსური მოთხოვნის დაზუსტება შპს „აისის“ მიმართ და საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის და 05 ივნისის განჩინებებით, განმცხადებელს ორჯერ გაუგრძელდა 2018 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა.
სსიპ – შემოსავლების სამსახურმა დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2018 წლის 25 ივნისს მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე განცხადებაზე დართული ანალიტიკური დეპარტამენტის გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 22.06.2018 წლის წერილიდან ვლინდება, რომ კომპიუტერულ ბაზაში არსებული ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, შპს „აისს“ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით ერიცხება საგდასახადო დავალიანება 250.07 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება ერიცხება ქონების გადასახადში და სხვა ჯარიმაში. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის №001-12254 შეტყობინებით, შპს „აისის“ ქონების მიმართ წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით მოთხოვნის დაზუსტების მიზნით კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. ეს განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2018 წლის 04 ივლისს.
სსიპ – შემოსავლების სამსახურმა დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2018 წლის 25 ივნისს განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ 09.07.2018წ. მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ შპს „აისის“ საგადასახადო დავალიანება შეადგენს 250.87 ლარს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „აისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13-15, მე-18, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „აისის“ (ს/ნ 400133887) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს შპს „აისის“ მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 31 აგვისტოს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №19 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6) განჩინების მხარეებისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე