⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.11.2022)
გაუქმებულია:

,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’

მიღების თარიღი 20.07.2018
ძალის დაკარგვა 03.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-174
სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.030.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,075 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2018 მიღება
03.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით დონდუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
1. სახელი, გვარი
2. თანამდებობა
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება/დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
4. რატომ გსურთ კონსულების მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოსაზრება (რეკომენდაცია) კანდიდატის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-174 2018 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საკონსულო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი (დანართი №1); ბ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო  პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა (დანართი №2); გ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №3); დ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური  სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების  შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის №01-254 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, მათ შორის, ,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური  სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების  შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №192 ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ჩაითვალოს უვადოდ გაცემულად, თუ მათი მფლობელი პირები აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა დანართი №1 საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის (შემდგომში – სასწავლო პროგრამა) გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასწავლო პროგრამის მონაწილე პირის მიერ ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სასწავლო პროგრამის გავლის წესსა და პირობებს, ასევე ცოდნის შეფასების სისტემას, სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესს. 2. ამ წესის მიზნებისათვის: ა) სასწავლო პროგრამა – საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს; ბ) სერტიფიკატი – საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მოწმობა – საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სასწავლო პროგრამის მონაწილე პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელი, აგრეთვე პირი, რომელიც ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში; ე) ექსტერნატი – სასწავლო პროგრამის სალექციო კურსზე დაუსწრებლად, დამოუკიდებლად გავლა. 3. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗 სასწავლო პროგრამის მიზანია: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მაღალკვალიფიციურ საკონსულო თანამდებობის პირთა წარგზავნა; ბ) მონაწილე პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება; გ) მონაწილე პირთა პროფესიული გადამზადება და მათთვის დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკონსულო თანამდებობის პირი და რომელიც მათ დაეხმარებათ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების უკეთ დაძლევასა და საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოთხოვნების უკეთ შესრულებაში. მუხლი 3🔗 1. სასწავლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს, აგრეთვე პირებს, რომლებიც ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. 2. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ: ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს, რომელსაც აქვს საკონსულო თანამდებობის პირად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი უწყვეტი გამოცდილება; ბ) ამ წესის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს; გ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს, რომელსაც აქვს საკონსულო დეპარტამენტში დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება; დ) პირს, რომელიც ფლობს სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ მოწმობას, მისი მიღებიდან 2 წლის განმავლობაში; ე) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირს, რომელსაც აქვს საკონსულო თანამდებობის პირად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი უწყვეტი გამოცდილება; ვ) პირს, რომელიც ამორიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით და აქვს საკონსულო თანამდებობის პირად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი უწყვეტი გამოცდილება. თავი II სასწავლო პროგრამის ორგანიზება მუხლი 4🔗 1. სასწავლო პროგრამის გავლა შესაძლებელია როგორც სასწავლო (სალექციო) კურსზე დასწრებით, ასევე – დაუსწრებლად (ექსტერნად). 2. სასწავლო პროგრამა ტარდება წელიწადში ერთხელ, სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან (შემდგომში - ინსტიტუტი) შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში. 3. სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფს ინსტიტუტი სამინისტროს თანამშრომელთა და მოწვეულ სპეციალისტთა მეშვეობით. 4. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სასწავლო მოდულები, რომლებიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს, მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ: ა) სასწავლო პროგრამის დასრულებისთანავე; ბ) ექსტერნატის ფორმით. 6. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებითი სასერტიფიკატო გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით. მუხლი 5🔗 1. სასწავლო პროგრამის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის მონაწილე პირთა: ა.ა) განაცხადების მიღებას; ა.ბ) ინფორმირებას სასწავლო პროგრამისა და სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, აგრეთვე გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა; ბ) ინსტიტუტი: ბ.ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის მონაწილე პირთათვის შესაბამისი მასალების მიწოდებას; ბ.ბ) უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ბ.გ) იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მათ შორის სამინისტროს თანამშრომლებს შესაბამისი სასწავლო მოდულის ჩასატარებლად; ბ.დ) ასწორებს ტესტურ ნამუშევრებს და ადგენს ტესტების პასუხების შემოწმებისას მონაწილე პირის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას; ბ.ე) შეიმუშავებს რეკომენდაციას სასწავლო პროგრამის გავლის ცალკეულ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტს; ბ.ვ) კურატორ მინისტრის მოადგილეს და დეპარტამენტს წარუდგენს ინფორმაციას სასწავლო პროგრამის გავლის შედეგების შესახებ; ბ.ზ) გასცემს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი); ბ.თ) გასცემს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოწმობას (შემდგომში – პროგრამის გავლის მოწმობა); ბ.ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗 1. სასწავლო პროგრამის გავლის მსურველები ვალდებულნი არიან შეავსონ სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა და წარუდგინონ დეპარტამენტს. 2. სასწავლო პროგრამის მონაწილეთა ოდენობას განსაზღვრავს ინსტიტუტი, თავისი რესურსების გათვალისწინებით და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტში წარდგენილი სასწავლო პროგრამის გავლის მსურველ პირთა განაცხადის ოდენობა აღემატება ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ სასწავლო პროგრამის მონაწილეთა ოდენობას, დეპარტამენტი უზრუნველყოფს განაცხადების გადარჩევას შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით: ა) დიპლომატიური თანამდებობის პირი; ბ) პირის მიერ წარდგენილ განაცხადში მოყვანილი პროგრამის გავლის მიზანი. 4. სასწავლო პროგრამის მონაწილე პირის სასწავლო კურსზე ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მუხლი 7🔗 1. სასწავლო პროგრამის მონაწილე პირი ვალდებულია დაესწროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მოდულების თეორიულ ნაწილში განსაზღვრული საათების არანაკლებ 80 პროცენტს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში განსაზღვრული საათების არანაკლებ 90 პროცენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასწრების არქონის შემთხვევაში მონაწილე პირი ამოირიცხება სასწავლო პროგრამის მონაწილეთა სიიდან, რის შესახებაც წერილობით ეცნობება მინისტრს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასწავლო პროგრამის მონაწილემ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო დასწრება სასწავლო მოდულზე. 4. ინსტიტუტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დასტურდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე. თავი III სასერტიფიკატო გამოცდა და მისი შედეგების შეფასება მუხლი 8🔗 1. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით. 2. ტესტების თემატიკას და ტესტების შეკითხვების მომზადებას, სამინისტროს თანამშრომელთა ან/და მოწვეული სპეციალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყოფს ინსტიტუტი. 3. ტესტი შედგება 100 კითხვისაგან. 4. ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილის – უშუალო კითხვისა და სავარაუდო პასუხებისაგან, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი პასუხი. 5. გამოსაცდელი ვალდებულია აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული მხოლოდ ერთი პასუხი. 6. სასერტიფიკატო გამოცდა, შესაძლოა ასევე მოიცავდეს კაზუსების ამოხსნას, რომლებსაც შეიმუშავებს და შეაფასებს სპეციალისტთა ჯგუფი. მუხლი 9🔗 1. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი – კი 0 ქულით. 2. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური – 100 ქულა. 3. გამოსაცდელს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით. 4. თუ გამოსაცდელი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, მაშინ პასუხი შეფასდება 0 ქულით, ხოლო თუ ტესტში არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი პასუხიც შეფასდება 0 ქულით. მუხლი 10🔗 1. ტესტირებისათვის გამოსაცდელს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი, რომლის გასვლის შემდეგაც გამოსაცდელი ვალდებულია ინსტიტუტის წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი. 2. გამოსაცდელის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში ინსტიტუტის წარმომადგენლისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 ქულით. 3. დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას გამოსაცდელი მიიღებს ორჯერ დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე. მუხლი 11🔗 ტესტირების დაწყებამდე ინსტიტუტის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნისა და შევსების მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები. მუხლი 12🔗 1. ტესტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ავტოკალმის შეტანა. 2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება დამხმარე მასალის ან ინსტრუქტაჟით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 ქულით. 3. გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ინსტიტუტის წარმომადგენელი. მუხლი 13🔗 1. ტესტირების ჩატარების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს. 2. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 14🔗 1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა (საპატიო მიზეზი/ავადმყოფობა), ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ უფლებას ართმევს გამოსაცდელს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსაცდელის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული. მუხლი 15🔗 დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 70 ქულა. მუხლი 16🔗 1. ტესტების პასუხები მოწმდება ინსტიტუტის ან/და მოწვეული სპეციალისტის (ინსტიტუტის წარმომადგენლის თანდასწრებით) მიერ. 2. ტესტირების დამთავრებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ინსტიტუტი ტესტირების შედეგებს ატყობინებს კურატორ მინისტრის მოადგილეს, დეპარტამენტს, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და შესაბამის კანდიდატს წერილობითი ფორმით. მუხლი 17🔗 1. ამ წესით დადგენილი პირობებით სასწავლო პროგრამის გავლისა (მათ შორის, ექსტერნატის გზით) და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირს გადაეცემა სერტიფიკატი. 2. პირს, რომელმაც გაიარა ამ წესით დადგენილი პირობებით სასწავლო პროგრამა, სასერტიფიკატო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გადაეცემა პროგრამის გავლის მოწმობა. 3. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 4. სერტიფიკატი უქმდება და საკონსულო თანამდებობის პირად დანიშვნა შესაძლებელი გახდება პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელ პირს, სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის გზით უწყვეტად არანაკლებ 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკონსულო ფუნქციები; ბ) დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელიც ფლობს სერტიფიკატს, მისი მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ აქვს სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში უწყვეტი 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება. 5. იმ პირზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მაგრამ რომლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საკონსულო ფუნქციების უკანასკნელად განხორციელებიდან და/ან სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მუშაობის დასრულებიდან გასულია 5 წელი, უქმდება და საკონსულო თანამდებობის პირად მისი დანიშვნა შესაძლებელი გახდება პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ასევე ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ სერტიფიკატებზეც. მუხლი 18🔗 1. სამინისტროსთან შეთანხმებით სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს ინსტიტუტის მიერ შერჩეულმა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციამ (შემდგომში – ორგანიზაცია). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასერტიფიკატო გამოცდის, მისი ჩატარებისა და შეფასების ფორმა, ასევე გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის პროცედურები, განისაზღვრება ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ. ბ“ და ,,ბ. დ“ ქვეპუნქტები, ასევე მე-8 - მე-16 და მე-19 მუხლების მოქმედება. თავი IV საპრეტენზიო კომისია მუხლი 19🔗 1. სასწავლო პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის მიზნით, გარდა ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე; გ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე; დ) სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე; ე) ინსტიტუტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი). 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს შესაბამისი სასწავლო მოდულის სპეციალისტი. 3. კომისიის მიზანია ტესტირების ჩატარების დროს გამოსაცდელთა უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და ინსტიტუტისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა. 4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც. 6. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 7. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. 8. კომისია ტესტირების შედეგებზე პრეტენზიებს იღებს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან -წერილობითი გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 7 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, განსაკუთრებული გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობის შემთხვევაში განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღემდე. 9. კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 10. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 20🔗 მინისტრმა, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანართი №2    საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადი 1. სახელი, გვარი 2. თანამდებობა 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება/დიპლომატიური სამსახურის რეზერვი 4. რატომ გსურთ კონსულების მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობის მიღება? 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოსაზრება (რეკომენდაცია) კანდიდატის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:  6. კანდიდატის ხელმოწერა  --------------------------------------  7. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ხელმოწერა            8. თარიღი  -----------------------------------  შენიშვნა: ამ განაცხადის მე-5 და მე-7 პუნქტები არ ივსება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირის მიერ.