შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15987-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე, შპს „რეაბილიტაციის“ ს/კ 206096419 ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ამირან დადვანი, გიორგი სამხარაძე
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები: ნინო მუმლაძე-ბარავკოვი, გვანცა ღვინაშვილი, მერაბ წირქვაძე
გაკოტრების მმართველი: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები: ლელა ხაციკიდუ, ირაკლი წიკლაური, ნათია სახოკია, მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია:
2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. აღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში 2017 წლის 3 ივლისს, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება ჩატარდა 2017 წლის 9 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის 9 აგვისტოს კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი, ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება, გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა. კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნა 571 742 ლარისა და 19 თეთრის ფარგლებში, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა. გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განჩინების საფუძველზე, მოვალის გაკოტრების ანგარიშის მოსმენის მიზნით, 2018 წლის 13 ივლისს გაიმართა შპს „საქართველოს მარკის" კრედიტორთა კრება.
2018 წლის 13 ივლისის კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ს.ფ 127). შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს კრედიტორთა კრებაზე გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის არ უცნობებია.
2018 წლის 13 ივლისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებული გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,საქართველოს მარკის'' ქონების რელიზაციის მიზნით, "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა 3 აუქციონი და გაიყიდა მხოლოდ ერთი ლოტი, კონვერტები, ხოლო მეორე ლოტი, მარკები, არ გაყიდულა. გაკოტრების მმართველის განცხადებით, სხვა ქონება, გარდა აღნიშნული მარკებისა, მოვალე საწარმოს არ გააჩნია.
გაკოტრების მმართველმა ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოვალე საწარმოს მიმართ არსებული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 11² პუნქტის საფუძველზე შესთავაზა შემოსავლების სამსახურს მოვალე საწარმოს კუთვნილი, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების, მარკების, ნატურით მიღება. შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 14 დეკემბრის წერილით თანხმობა განაცხადა მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონების ნატურით მიღებაზე (ს.ფ. 132). გაკოტრების მმართველის განმარტებით, კრედიტორს 2017 წლის 22 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების კრედიტორისთვის ნატურით გადაცემისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, თუმცა შემოსავლების სამსახური არ იხდის მომსახურების საფასურს, მიიჩნევს რა, რომ ის საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისგან განთავისუფლებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 133-135). აღნიშნული გარემოება კი, გაკოტრების მმართველის განმარტებით, მოვალე საწარმოს მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმეზე მოვალის გაკოტრების საბოლოო ანგარიშის მომზადებას აბრკოლებს.
2018 წლის 13 ივლისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა მოვალის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ გაკოტრების საქმე კრედიტორის მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტორი სამეურვეო ქონების მიუღებლობით აბრკოლებს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას.
სასამართლომ მოისმინა გაკოტრების მმართველის ინფორმაცია, მოვალე საწარმოს წარმომადგენლის პოზიცია და მიიჩნევს, რომ კრედიტორთა პირველი კრება უნდა გადაიდოს და გაგრძელდეს 2018 წლის 25 სექტემბერს, 17 საათზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება არის საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 207 დღისა. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ამ ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებისა და მესამე პირების მიერ სასამართლოსთვის მიმართვა დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვის მიზნით).
განსახილველ შემთხვევაში, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2017 წლის 3 ივლისს. ამასთან, გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორთა კრებაზე წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ სამეურვეო ქონების გადაცემა კრედიტორისთვის არ მომხდარა კრედიტორის მიერ შესაბამისი საზღაურის გადაუხდელობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და 51 მუხლის დანაწესების გათვალისწინებით, კრედიტორს უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა, იმ მიზნით, რომ, სამეურვეო ქონების მიმართ ინტერესის არსებობის შემთხვევაში ისარგებლოს გაკოტრების მმართველის 2017 წლის 22 დეკემბრის შეთავაზებით და მიიღოს სამეურვეო ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, კრედიტორს უნდა განემარტოს, რომ თუ ის არ ისარგებლებს სამეურვეო ქონების მიღების უფლებით, 2018 წლის 25 სექტემბერს, კრედიტორთა კრებაზე მოვალე საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ზემოგანმარტებული დებულებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველს უნდა დაევალოს 2018 წლის 25 სექტემბერს საქმეზე საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 284-285-ე მუხლებით და ,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეული იქნეს შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
მოვალის გაკოტრების საბოლოო ანგარიშის მოსმენა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №9.
3. შემოსავლების სამსახურს განემარტოს, რომ თუ ის არ ისარგებლებს სამეურვეო ქონების მიღების უფლებით, 2018 წლის 25 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე მოვალე საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად.
4. გაკოტრების მმართველს დაევალოს 2018 წლის 25 სექტემბერს საქმეზე საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა.
5. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე