შპს „საუკეთესოს“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2018 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
(საიდენტიფიკაციო კოდი 405158993).
დირექტორი – ინგა თხილავა.
მოთხოვნა – შპს „საუკეთესოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განიხილა შპს „საუკეთესოს“ დირექტორის ინგა თხილავას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საუკეთესოს“ დირექტორმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „საუკეთესოს“ საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშზე. ამავდროულად, კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 8456 ლარის ოდენობით, რომელიც არის ვადამოსული დავალიანება. კომპანიის დირექტორი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-14, მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე ითხოვს კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას და განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2018 წლის 8 ივნისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „საუკეთესოს“ საბანკო ანგარიშების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან ცნობის წარმოდგენა, შედარების აქტის წარმოდგენა, ასევე ინფორმაცია, შპს „საუკეთესოს“ აქვს თუ არა ბალანსზე რაიმე სახის უძრავი ან/ მოძრავი ქონება და ერიცხება თუ არა კომპანიას დებიტორული მოთხოვნები, გააჩნია თუ არა საწარმოს სალაროში ფულადი თანხის ნაშთი.
2018 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „საუკეთესოს“ დირექტორმა ინგა თხილავამ და წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, ცნობა საბანკო ანგარიშების შესახებ, ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის სალაროში ფულადი თანხების არარსებობის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 ივნისის ცნობით და სს „თიბისი ბანკის“ 2018 წლის 17 მაისის ამონაწერებით ანგარიშიდან დადგენილია, რომ შპს საუკეთესოს“ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს „თიბისი ბანკში“ და ანგარიშზე აქვს 0 (ნული) ლარი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №274387 ცნობის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს საუკეთესოს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 30 აპრილის №188990 ცნობის თანახმად, შპს „საუკეთესო“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №49/6/1/1/2-01573933 ცნობით ირკვევა, რომ შპს საუკეთესოს“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის შესაბამისად 2018 წლის 22 ივნისის მდგომარეობით შპს „საუკეთესოს“ საგადასახადო ვალდებულება შეადგენს: ძირითადი გადასახადი 7480.5 ლარი, საურავი – 777.19 ლარი და ჯარიმა 400 ლარი.
შპს „საუკეთესოს“ დირექტორის 2018 წლის 22 ივნისის ცნობის შესაბამისად, 1 მაისის მდგომარეობით კომპანიას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია და არ აქვს დებიტორული დავალიანებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „საუკეთესოს“ (ს/კ 405158993) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე