კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი
მიღების თარიღი 27.07.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №173/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016329
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.01.2021
დოკუმენტის ტექსტი
კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№173/04
2018 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ი1“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესებს.
2. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მიზანია კომერციული ბანკისა და საბანკო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვა, რაც შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მანდატთან და ამოცანებთან.
3. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმს წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
4. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და გაუქმების, ასევე, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე.
მუხლი 2🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი შემოიღოს იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელსაც აქვს ან შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები (რაც შეიძლება, გამოიხატოს მომგებიანობის სუსტი მაჩვენებლებით, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით), ან რომელიც გადახდისუუნაროა, ან რომლის რისკების სუსტი მართვის მოდელმა და არაჯანსაღი საქმიანობის პრაქტიკამ (რაც შეიძლება, გამოიხატოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შიდა კონტროლის სისტემების არაადეკვატურობით, დარღვევების აღმოფხვრისათვის მენეჯმენტის უმოქმედობით, სხვა საფრთხის შემცველი ქმედებით) შეიძლება, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს.
2. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. წინამდებარე აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის საიტზე და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ აქტში, მინიმუმ, მითითებული უნდა იყოს:
ა) დროებითი ადმინისტრაციის შემოღების საფუძვლები;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი;
გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ვადა;
დ) დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა;
ე) გაფრთხილება კომერციული ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;
ვ) ზომები, რომლებიც გამოიყენება კომერციული ბანკის ადმინისტრატორების მიმართ.
4. დროებით ადმინისტრაციას წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დროებითი ადმინისტრატორი შესაძლოა იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ისე სხვა პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, არ იქნება სახეზე ინტერესთა კონფლიქტი. დროებითი ადმინისტრატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს დროებითი ადმინისტრატორის მიმართ დადგენილი პირობები, მათ შორის, მისი დანიშვნის ვადა.
მუხლი 3🔗.
დროებითი ადმინისტრატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ეფექტურად წარმართვისათვის დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
2. პირს ეკრძალება იყოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. დროებით ადმინისტრატორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გამოცხადებულია გაკოტრებულად.
3. დროებით ადმინისტრატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
4. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
მუხლი 4🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
1. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული დღიდან.
2. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების დღისა, აცნობოს აღნიშნულის შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის კომერციული ბანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს.
3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება კომერციული ბანკის სახელით და მისი ხარჯებით დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗.
დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებანი
1. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.
2. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, კომერციული ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია, მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება.
3. დროებითი ადმინისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
4. კომერციული ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს კომერციულ ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
5. კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
6. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული დროებითი ადმინისტრატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით.
7. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის რიგი გადაწყვეტილებები შესაძლოა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას. წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შესაძლოა განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.
მუხლი 6🔗.
ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან
დროებითმა ადმინისტრატორმა კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის, მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების/ქმედებებისა და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ანგარიშგება უნდა განახორციელოს ეროვნულ ბანკთან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული პერიოდულობით და აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის ვადის ამოწურვისას (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებისას).
მუხლი 7🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ხანგრძლივობა და მისი გაუქმება
1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა არ უნდა აჭარბებდეს 1 წელს, თუმცა, სათანადო საფუძვლის არსებობისას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. აღნიშნული საფუძველი, მათ შორის, შესაძლოა იყოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების რომელიმე საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან/და კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით.
3. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი უქმდება:
ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
გ) კომერციული ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, რის შემდეგაც იწყება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია.
4. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.