საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-743
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016546
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-743
2018 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
გ) სამინისტროს სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
დ) დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივად და რაციონალურად ათვისების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების კოორდინაცია და მართვა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების უზრუნველყოფა და სამინისტროს სისტემის ნაერთი ფინანსური ანგარიშგებისა და ნაერთი საბუღალტრო აღრიცხვის ფორმების დანიშნულებისამებრ წარდგენის კოორდინაცია და მართვა;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სამინისტროს სისტემის ფინანსური სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის, ასევე, მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების ლიმიტების, სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებული ქმედებების შეთანხმება;
ლ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში საჭირო ინფორმაციის ან/და მონაცემების მიღება, აგრეთვე განმარტებების მისაცემად სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის და არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან/და შესაბამისი სფეროს თანამშრომლების მოწვევა;
მ) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის ეფექტიანი მართვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადმოცემული საზოგადოებ(ებ)ის ანგარიშგების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) და წლიური ბიუჯეტის (ბიზნესგეგმის) პროექტის განხილვა და დამტკიცება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის განხორციელება;
ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა დასამტკიცებლად;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საბიუჯეტო პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, განწერის შემუშავება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, გათვალისწინებულ ასიგნებებში, საჭიროების მიხედვით, ცვლილების მომზადებისა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხების და სახელფასო ფონდების, მატერიალური წახალისების გამოსაყოფი სახსრების შეთანხმების მიზნით, შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
თ) სამინისტროს სისტემის ფინანსური სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახდელების და შემოსულობების პროგნოზირების უზრუნველყოფა, მათი მიმდინარე შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
ი) სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადმოცემული საზოგადოებ(ებ)ის ანგარიშგების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) და წლიური ბიუჯეტის (ბიზნესგეგმის) პროექტის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
კ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ხელფასების, სამივლინებო თანხებისა და სხვა თანხების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
დ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და საბუღალტრო აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციების მიღების, მათ საფუძველზე ნაერთი ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების შედგენისა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) აქტივების, ვალდებულებების, დაფინანსების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წარმოება;
ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერების დეპარტამენტში შემავალ სხვა სამმართველოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების განხორციელებისა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
გ) შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადება;
დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგება, კანონდებლობით დადგენილი წესით;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულებების ადმინისტრირების კოორდინაცია და მათი შესრულების ფინანსური მონიტორინგის ელექტრონული პროგრამის წარმოება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დავის განმხილველ უწყებაში მონაწილეობა;
ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.