„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

მიღების თარიღი 19.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3148-რს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2018
matsne.gov.ge 6,965 სიტყვა · ~35 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე   ქუთაისი, 19 ივლისი 2018 წ. N3148-რს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 20.09.2019 „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 29.06.2020 „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 18.10.2022 „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 12.07.2021 „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 30.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვისა და მასზე რეაგირების მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოსმენის შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების პრაქტიკა, რომლითაც პარლამენტი აფასებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებს აძლევს. „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: 1. პენიტენციური სისტემა: ა) 2017 წელს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი პატიმრობის კოდექსში. ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტებია: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა; არასაპატიმრო ღონისძიების ახალი სახის − შინაპატიმრობის ამოქმედება; გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება; ბ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიენიჭათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზარდა მათ მიერ სატელეფონო საუბრით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა; გ) წლიდან წლამდე იკლებს პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრების რაოდენობა. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის არცერთი წინადადება არ შეეხებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტს; დ) პენიტენციურ დაწესებულებებში ამოქმედდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების ახალი წესი. 2. რეფორმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში: ა) დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც განახორციელებს ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგს; ბ) საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 120 საათის განსაზღვრას; გ) დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2017 წლის 12 ივლისიდან სამართალდამცველ პირებს პირისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის განმარტების პროცესის და მასთან გასაუბრების სამხრე ვიდეოკამერის საშუალებით გადაღება ევალებათ; დ) დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გამართული ინფრასტრუქტურისა და სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების არსებობა. 3. პერსონალური მონაცემების დაცვა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა გადაუდებელი აუცილებლობისას იშვიათად ხორციელდება (დაახლოებით 4%), რაც მისასალმებელია. 4. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარმოდგენა წინგადადგმული ნაბიჯია. 5. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა: ა) ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს სახელმწიფომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა; ბ) დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც განახორციელებს ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგს; გ) 2017 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, რამაც ასეთი შემთხვევების შემცირებაზე დადებითი გავლენა მოახდინა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ძალადობის ფორმების ანალიზი (შემაკავებელი ორდერების მიხედვით). ამასთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაამუშავა ჩადენილი ქალთა მკვლელობების სისხლისსამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ე) გაუმჯობესდა დედათა ჯანმრთელობა, მათ შორის, შემცირდა დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და ხელოვნური აბორტების რაოდენობა; ვ) საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც შეიცვალა მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი; ზ) 2017 წელს საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 სახელმწიფო დაწესებულება (თავშესაფარი) და კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებდა. 2017 წლის ბოლოს კრიზისული ცენტრები გაიხსნა აგრეთვე ქუთაისსა და გორში, რაც სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია; თ) 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ეფექტიანი აღსრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გაუმჯობესებულ ეროვნულ სტანდარტს. 6. შრომის უსაფრთხოება: დადებითად ფასდება შრომის უსაფრთხოების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. 7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტები: ა) 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება, რომლის მე-11 თავი (მისაწვდომობა) არეგულირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი საშუალებების დაგეგმარებას და მშენებლობას. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში მიღებული, ზემოაღნიშნული დოკუმენტის დებულებები ეფუძნება უნივერსალური დიზაინის ამერიკულ სტანდარტებს, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს; ბ) დადებითად ფასდება საქართველოს დედაქალაქში ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა; გ) 2017 წელს ხანდაზმულ პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიდან დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება; დ) დადებითად ფასდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამების მაჩვენებლის გაზრდა, რომლებითაც ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გათვალისწინებულია უსახლკარო პირთა სოციალურ სახლებში განთავსება, აგრეთვე მათთვის საცხოვრებლის ქირის საფასურის გადახდა და ამ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ე) დადებითად ფასდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტის 5 მილიონი ლარით გაზრდა. 8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები: ა) საქართველოს მასშტაბით გრძელდება დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. 2018 წლისთვის იგეგმება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება თბილისში, ვაზიანში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთასა და წყალტუბოში; ბ) საანგარიშო პერიოდში პრივატიზაციის პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა. ამასთანავე, გაიზარდა ამ პროცესის ნებაყოფლობითობისა და უარის თქმის შემთხვევაში განსახლების ალტერნატივის შესახებ დევნილთა ინფორმირებულობა; გ) მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ბენეფიციარებს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით; დ) დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გარდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო საჭიროებისთვის მორგებულ დახმარებაზე გადასვლა; ე) წინგადადგმული ნაბიჯია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ამ კანონში გათვალისწინებულია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ძირითადი დებულებები, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები და სტანდარტები. 9. ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ა) მისასალმებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირების ჩართვა; ბ) შემუშავდა და განხორციელდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე სამედიცინო და აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადების პროგრამები; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის მაისში გაიხსნა და ფუნქციონირებს ინტეგრაციის ცენტრი; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წელს შეიმუშავა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მუშაობისთვის მზად მყოფი პირებისათვის დიპლომისშემდგომი განათლების სრულად დაფინანსებას პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. ამასთანავე, 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაამზადა ექიმები პერსონალის მომზადების პროგრამის ფარგლებში. 10. თავდაცვა: ა) დადებითად ფასდება ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე სრულად აღმოფხვრა ინფრასტრუქტურული პრობლემები და ეტაპობრივად აფართოებს შიდა კომპიუტერულ ქსელებს;  ბ) 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა და უახლესი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისი, რაც ამ უწყების ფუნქციონირებას ეფექტიანს გახდის.  11. სამოქალაქო ინტეგრაცია:  ა) მისასალმებელია, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამები მიმდინარეობს. ამასთანავე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობდა ორენოვანი სახელმძღვანელოებისა და სწავლების სისტემის გაუმჯობესებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციული ელემენტების, ძალადობისკენ მოწოდების ან შუღლის გაღვივების აკრძალვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესით სავალდებულო მოთხოვნა გახდა. დაიწყო სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენის სახელმძღვანელოების საქართველოში შედგენისა და გამოცემის პროცესი; ბ) საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციის ქვეყნის მოსახლეობისთვის მიწოდების მიზნით 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. შეიქმნა მედიასტრატეგია ეროვნული უმცირესობების თემატიკის რეგულარული გაშუქების მიზნით და დაიწყო ამ თემატიკის უფრო ფართოდ გაშუქება, ჩამოყალიბდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საბჭო. ამასთანავე, დაიწყო სომხური და აზერბაიჯანული ტელე- და რადიომაუწყებლობის ჩამოყალიბება. ამ პროცესის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას; გ) დადებითად ფასდება 2017 წლის სექტემბერში თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. 12. სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა: ა) საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2017 წელს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს, ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ ცვლილებების ეფექტიანად განხორციელება;  ბ) 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებული ნორმების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია; გ) დადებითად ფასდება ხმაურის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს მთავრობამ: ა) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი ამ სამსახურის ბიუროებში ადამიანური რესურსის გაზრდის მიზნით; ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების პარალელურად დაგეგმოს საბიუჯეტო პარამეტრები თავშესაფრის ბენეფიციართა სადღეღამისო ხარჯების ოდენობის გაზრდის მიზნით; გ) მედიკამენტების ხარისხის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაამტკიცოს იმ ფსიქიატრიული დაწესებულებების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების) მიერ მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი, რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და განსაზღვროს, რომ ამ დაწესებულებებს აქვთ მედიკამენტების გამარტივებული შესყიდვის უფლება; დ) განახორციელოს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ივანე მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად; ე) არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; ვ) დაიწყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის დაცვის შესახებ“ №183 კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ზ) „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში შეიტანოს ცვლილებები რელიგიური გაერთიანებებისთვის კომპენსაციის გაცემის არსებული უთანასწორო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად; თ) დროულად მოახდინოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტის ინიციირება, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლების მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი, აგრეთვე დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევებისთვის; ი) დროულად შეიმუშაოს კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი; კ) შესაბამისი უწყების ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანხების განკარგვის თაობაზე; ლ) სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე არ გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე; მ) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ევროკავშირის 89/656/EEC, 1999/92/EC და 92/57/EEC დირექტივების დებულებათა შესასრულებლად; ნ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანით განსაზღვროს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება; ო) დააჩქაროს ევროკავშირის 2008/50/EC („ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“) და 2004/107/EC („ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შესახებ“) დირექტივების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; პ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციის (მონაცემების) გამჭვირვალობის სტანდარტები; ჟ) განახორციელოს ყველა ღონისძიება, მათ შორის, ჩაატაროს გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში „RMG Gold“-ისა და „RMG Copper“-ის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოკვლევის მიზნით და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად; რ) სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღოს უნიფიცირებული ნორმატიული აქტი, რომელიც ჩაანაცვლებს მოძველებულ, რუსულენოვან აქტუალიზებული წესების კრებულს, და უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების დანერგვა; ს) გაზარდოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ჩამონათვალი, პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ტ) შექმნას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განსაზღვრავს უსახლკარობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; უ) შეიმუშაოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის მექანიზმი, შექმნას და დროულად აამოქმედოს სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულებების მუშაობის კონცეფცია; ფ) შეიმუშაოს ბავშვთა განთავსების დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში) სასმელი წყლის უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის რეგულარული ზედამხედველობის ერთიანი მექანიზმი საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის უვნებლობის სისტემატური მონიტორინგისა და მისი შედეგების შესაბამისად მუშაობის განსახორციელებლად; ქ) შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია ბავშვთა სუიციდის პრევენციის, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სისტემის სფეროში; ღ) გონივრულ ვადაში განსაზღვროს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმის ეროვნულ დონეზე განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო მექანიზმი და შეიმუშაოს ამ ოქმის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურული წესები; ყ) განახორციელოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება და მონიტორინგის საფუძველზე დაგეგმოს სათანადო ღონისძიებები; შ) „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის 2009/48/EC დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს მოქმედებები შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად; ჩ) განახორციელოს სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; ც) გააძლიეროს შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერული წინსვლა საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; ძ) შეიტანოს ცვლილებები „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში, რათა გათანაბრდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირმა, როგორც ეს იყო 2012 წლის 1 სექტემბრამდე; წ) უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის განხორციელების და ამ პროცესის კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით; ჭ) უზრუნველყოს სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასთან ჰარმონიზაცია; ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების დროს გაითვალისწინოს მათი კომპლექსურობა და მაქსიმალურად ჩართოს ამ პროცესში შესაბამისი სფეროს ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები; ჯ) უზრუნველყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტით და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების დროული და ეფექტიანი განხორციელება; ჰ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტანდარტებისა და შეფასების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების პარალელურად დაგეგმოს საბიუჯეტო პარამეტრები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხარჯების ოდენობის გაზრდის მიზნით; ჰ​1) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით; ჰ2) ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას; ჰ​3) გააძლიეროს ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიები მათი სათანადო სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად; ჰ​4) დაავალოს შესაბამის უწყებებს, შეიმუშაონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური დაცვის პროგრამა; ჰ​5) უზრუნველყოს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეაფასოს საერთო სასამართლოებში არსებული საჭიროებები და ეფექტიანად გაანაწილოს შესაბამისი პროგრამული და ადამიანური რესურსები. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანით განსაზღვროს ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 7 დღისა); ბ) ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემით ან პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების შეტანით: ბ.ა) განსაზღვროს პატიმრისთვის სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდების ეტაპობრივად შეთავაზების ვალდებულება; ბ.ბ) ერთმანეთისგან გამიჯნოს გაშიშვლებით შემოწმება და შინაგანი შემოწმება; დაადგინოს მათი განხორციელების პროცედურები; ბ.გ) აკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა; გ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების მონიტორინგი ამ ღონისძიების შესაბამისი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე გამოყენების გამოსარიცხად; დ) არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით, შეიმუშაოს პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე პენიტენციურ დაწესებულებებად დაყოფის და ამ დაწესებულებებში დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია; ე) №15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად მსჯავრდებულები გადაიყვანოს სხვა, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა ოჯახების საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით; ვ) №2, №8, №12, №14, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი თითოეული პატიმარი უზრუნველყოს 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით; №14 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები; ზ) ეტაპობრივად უზრუნველყოს №2, №9, №12, №18 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა; თ) 2018 წელს გაზარდოს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების რაოდენობა; ი) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის ინტერესთა სფეროს განსაზღვრის მიზნით 2018 წელს უზრუნველყოს ყველა მსჯავრდებულის გამოკითხვა; კ) უზრუნველყოს 2017 წელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; უზრუნველყოს 2017 წელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; უზრუნველყოს 2017 წელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელება შესაბამისი დაწესებულების სპეციფიკის, საჭიროებების, ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; ლ) 2018 წელს გაზარდოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქოლოგთა რაოდენობა; მ) 2018 წელს გაზარდოს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ; ნ) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში შტატით განსაზღვრული ექიმებისა და ექთნების რაოდენობის გაზრდის საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების შესაბამისად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები; ო) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაატაროს არაგადამდები დაავადებების სკრინინგი და წარმოადგინოს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის თაობაზე; პ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისთვის არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დოკუმენტირების შესახებ ტრენინგის ჩატარება და წარმოადგინოს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის თაობაზე; ჟ) პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევით; რ) 2018 წელს უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის პროფესიული გადაწვის შესახებ ტრენინგის ჩატარება; ს) გააუმჯობესოს პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა.  4. საქართველოს პროკურატურამ: ა) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაასრულოს გამოძიება ძალის პროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა; გ) სრულყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია; უზრუნველყოს პროკურორებისა და გამომძიებლების მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის საკითხებში; დ) დაამუშაოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს სტატისტიკური მონაცემები არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების დაწყების თარიღების თაობაზე; ე) დაიწყოს საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის სისტემურ რეფორმაზე მუშაობა საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით; ვ) განახორციელოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება ივანე მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებაში მიღწეული პროგრესის შესახებ, ახლად გამოვლენილი გარემოებების შემთხვევაში; თ) დაიწყოს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების ვალდებულების შესრულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ი) მიიღოს პრევენციული ზომები არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებისა და მასთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შემცირების და თავიდან აცილების მიზნით, ამასთანავე, ყველა ფაქტზე მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში − ჭელასა და მოხეში, აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში წარმოადგინოს ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფლებში − ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში და ქობულეთში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გაცემის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების, აგრეთვე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაში მიღწეული პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; ო) უზრუნველყოს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება და პროაქტიული გამოქვეყნება; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით და ქალაქ თბილისში ასათიანის ქუჩაზე ხეების ჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ; ჟ) საქართველოს სახალხო დამცველის დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია (შესაბამისი თარიღების მითითებით) იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომლებიც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე ჩატარდა. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2018 წელს გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, და ამ იზოლატორებში მყოფ პირთა მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების დოკუმენტირება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691 ბრძანებით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოს პოლიციის ყველა დეპარტამენტის, სამმართველოს და განყოფილების ვიდეოკამერებით აღჭურვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანით პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განსაზღვროს 14 დღე; დ) უზრუნველყოს პოლიციელთა გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების სამხრე კამერებით აღჭურვა; კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს მათი მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები; ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი თითოეული დაკავებული უზრუნველყოს 4 კვ. მ ფართობით და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახალხო დამცველის აპარატს; ვ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის თემატური ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებების საკითხებზე, მათ შორის, გაეროს წამების აკრძალვისა და პრევენციის სისტემის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების, დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ზ) გააუმჯობესოს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობები: დაკავებულთა მენიუში გათვალისწინებულ იქნეს ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვადასხვა საკვები; მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ამ ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ, მისი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სასადილოში; თ) დროებითი განთავსების ცენტრში დანერგოს ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურა; ი) უზრუნველყოს კონფიდენციალური საჩივრის დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიიდან გაგზავნის შესაძლებლობა; კ) შეიმუშაოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია; უზრუნველყოს გამომძიებლების მომზადება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკის საკითხებში; ლ) შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით; მ) უზრუნველყოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებში, ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შესაფასებლად; ნ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; ო) ჩამოაყალიბოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებში რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგია და თითოეული ოჯახში ძალადობის საქმისთვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა; პ) გააანალიზოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინებები შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ; ჟ) წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფლებში − ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში და ქობულეთში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში; რ) პატრულ-ინსპექტორთა საბაზისო მომზადების პროგრამაში შეიტანოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ამასთანავე, უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხებში სპეციალური გადამზადების კურსის ჩატარება საპატრულო პოლიციისა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც პასუხისმგებელია შეკრების/მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი განხორციელებისათვის; ს) ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას ყველა შემთხვევაში დროულად განახორციელოს რეფერირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეუწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას; ტ) დანერგოს ბავშვთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული სწავლების უკუკავშირისა და შეფასების მეთოდოლოგია; უ) დროულად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ბავშვთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციისა და მათი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ასეთი ფაქტების დროული გამოვლენისა და გამოძიების ეფექტიანობის საკითხებს; ფ) ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა სისტემატური გადამზადება; ქ) უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი ასეთი ძალადობის სპეციფიკური ასპექტების შესწავლის მიზნით; ღ) უზრუნველყოს სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა გადამზადება თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნული თემატიკის პროფესიულ საბაზისო და გადამზადების პროგრამებში ასახვა; ყ) უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და ამ სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის დასაბუთება კონკრეტული საფუძვლის მითითებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; შ) ინტეგრაციის ცენტრის მეშვეობით გააგრძელოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების გაუმჯობესება და გაფართოება, რათა უფრო მეტმა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირმა ისარგებლოს ამ პროგრამებით; ჩ) გააგრძელოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ ბენეფიციარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაგეგმოს შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანიები; ც) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელთათვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა; ძ) აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან სათანადო ფინანსური რესურსის მოძიების და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების საცხოვრებელი ყაზარმების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მოწესრიგება. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკასა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ქუტირი) პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში მოთავსებას; ბ) პაციენტთა შორის ძალადობის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებისგან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, პერსონალის მიერ პაციენტების სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, აგრეთვე საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ჩარევის, ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ მიღებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №92/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებების შეტანით განსაზღვროს: ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა; ფიზიკური შეზღუდვის, მათ შორის, ამ პროცესში პაციენტის ან/და პერსონალის მიერ სხეულის დაზიანებების მიღების შემთხვევაში სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში) შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება; სპეციალური რეესტრის (სპეციალური ჟურნალის) ფორმა; ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების დეტალური ინსტრუქცია; ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების მახასიათებლები; ფიზიკური შებოჭვის განხორციელების ადგილი და ამ პროცესზე დასწრების უფლებამოსილების მქონე პირი; მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა; ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და მისი გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება; დ) დანერგოს ფსიქიატრიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურა; ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვის და მათზე რეაგირების ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა; ე) განიხილოს სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) სომატური დაავადებების სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის საკითხი; ვ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისების მისაღებად გადამისამართების მიზნით; შეიმუშაოს თავშესაფრების შექმნის გეგმა თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით; ზ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; თ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგის განხორციელება; ი) სისტემური მონიტორინგის გზით გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა; კ) განიხილოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესში ცვლილების შეტანის საკითხი ამ შვებულებით ორივე მშობლის მიერ თანაბრად სარგებლობის უზრუნველსაყოფად; ლ) უზრუნველყოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი; მ) დანერგოს მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური შეღავათების შემოღების მიზნით; ნ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ბენეფიციართა გაძლიერებასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას; ო) მაქსიმალურად დახვეწოს თავშესაფრების ბენეფიციართა მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობა და უზრუნველყოს თავშესაფრების პერსონალის მუდმივი გადამზადება; პ) უზრუნველყოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისთვის და შენობების ადაპტირება სავალდებულო სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით; ჟ) უზრუნველყოს ეფექტიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება ფარმაცევტული საქმიანობის, ფარმზედამხედველობის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით; რ) უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ექიმების გადამზადების პროგრამების სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა პაციენტებისათვის მომსახურების გაწევისას ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე შეიმუშაოს შესაბამისი საქმიანობების განხორციელების სამოქმედო გეგმა გრძელვადიანი პერიოდისთვის; ს) შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განხორციელების ნორმები, რომლებითაც განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების შესწავლის და პროფესიული განვითარების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენის გონივრული ვადები, აგრეთვე დაინტერესებული მხარეებისათვის პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი; ტ) უზრუნველყოს საარსებო შემწეობის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ინიციირება, რათა საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარის დასაქმების შემთხვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათი დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს; უ) განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად; ფ) მიიღოს ზომები ბავშვებისათვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მდგომარეობას; ქ) უზრუნველყოს ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის კლებისათვის საჭირო სერვისებისა და მექანიზმების გონივრულ ვადებში ინიციირება და დანერგვა; ღ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისთვის ადეკვატური ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურების შეთავაზება მათი საჭიროებების შესაბამისად; ყ) არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თითოეული ფაქტის იდენტიფიცირებისას დროულად უზრუნველყოს მისი უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, არსებული სერვისების შესაბამისად, ამ კუთხით განსაკუთრებით გააძლიეროს მუშაობა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და გაზარდოს მათთან მომუშავე მობილური ჯგუფების რაოდენობა, აგრეთვე გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა; შ) ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში დეტალურად შეისწავლოს მისი უფლებრივი მდგომარეობა ორივე მშობლის მიმართ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს; გააძლიეროს ფსიქოლოგიური მომსახურება − საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საქმეში ფსიქოლოგის დროულად ჩართვა, ამასთანავე, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების განხორციელებისას მოისმინოს და გაითვალისწინოს მისი აზრი; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში დროულად შეაფასოს სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებები ზოგადი განათლების პროცესში მათ ჩასართავად; ც) ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად სიღრმისეულად შეაფასოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები და დროულად ჩართოს ისინი შესაბამის სოციალურ პროგრამაში, ამასთანავე, სიღარიბის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის მიზნით განთავსების ნაცვლად განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერებისათვის; ძ) უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვთა ემოციური და სოციალური განვითარებისთვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი სახლების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესის ზედამხედველობის გაძლიერებით და მათთვის მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; წ) უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების სისტემატური გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის თავიდან აცილებისა და იდენტიფიცირების, ბავშვის რთული ქცევის მართვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჭ) დროულად უზრუნველყოს საქართველოში არსებული ყველა რელიგიური სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვა, აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ მიზნით სკოლა-პანსიონებისთვის ლიცენზირების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სათანადო კონსულტაციის გაწევა; ხ) განახორციელოს რელიგიური სკოლა-პანსიონების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესის, აგრეთვე არასრულწლოვანთა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დანერგვის, ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის მომსახურების მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების სისტემატური მონიტორინგი; ჯ) გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებულობა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მიწოდებით; ჰ) ბავშვთა ფსიქიატრიის სუბსპეციალობის მქონე პირთა ნაკლებობის უარყოფითი შედეგების მოკლე დროში შესამცირებლად ხელი შეუწყოს ამ სუბსპეციალობაში ფსიქიატრების გადამზადებას; ჰ​1) შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქციები ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების მიღებისას პირთა (მათ შორის, არასრულწლოვანთა და მხარდაჭერის მიმღებ პირთა) მიერ ინფორმირებული თანხმობის განცხადების პროცესში საკუთარი ნების გამოხატვის უზრუნველსაყოფად; ჰ​2) გაააქტიუროს მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის განსახორციელებლად, მათ შორის, სათემო ორგანიზაციების თავშესაფრებისა და საოჯახო ტიპის სახლების შექმნით; ჰ​3) განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები 15-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების პროცესში მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად; ჰ​4) უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფა; ჰ​5) გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში დასაქმების სტიმულირების და დამსაქმებელთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; ჰ​6) ცენტრალურ დონეზე შეიმუშაოს და განახორციელოს ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, შინ მოვლის პროგრამა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; ჰ​7) უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა საჭიროებებისთვის მორგებული სათემო სერვისების განვითარება, მათ შორის, სათემო ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, აგრეთვე მიწოდებული სერვისების ხარისხის კონტროლი; ჰ​8) გამოყოს დამატებითი სახსრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით; ჰ​9) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს განსახლების სოციალური კრიტერიუმის საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ქულებთან შესაბამისობა; ჰ​10) სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია ეკომიგრანტთა შესახებ;  ჰ​11) უზრუნველყოს იმ ეკომიგრანტთა ოჯახების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, მათი პრიორიტეტული განსახლებისთვის;  ჰ​12) დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით გააგრძელოს მუშაობა დევნილთა საჭიროებებისთვის მორგებულ დახმარებაზე გადასასვლელად და უზრუნველყოს ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული;  ჰ​13) გადასინჯოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პაციენტთა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესი და უზრუნველყოს ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება, ისევე, როგორც ეს იყო 2015 და 2016 წლებში. 8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: ა) გონივრულ ვადაში დაასრულოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასთან ჰარმონიზაცია; ბ) განახორციელოს ღონისძიებები საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) გააგრძელოს საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების პროაქტიული მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება; დ) სისტემური ხასიათი მისცეს ბავშვის უფლებების, ბავშვის ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების, ბავშვის ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდებისა და მისი ჩაგვრის შესახებ მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლებას; ყურადღება გაამახვილოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებაზე; ე) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების (სამმართველოების) რაოდენობა და გააძლიეროს მოქმედი ცენტრების რესურსი; ვ) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა;  ზ) დახვეწოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე საჯარო სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების პროცედურები ბავშვის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს დროული, ადეკვატური, პროპორციული და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად; თ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით განსაზღვროს კერძო სკოლაში ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები; ი) ბავშვის მიერ სკოლის (განსაკუთრებით − სავალდებულო საფეხურის დასრულებამდე) მიტოვების თავიდან ასაცილებლად დროულად გამოავლინოს არსებული საჭიროებები და უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან რეფერირების განხორციელება; კ) შეცვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლის მოდელი; ლ) განახორციელოს პროგრამები სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვის პროცესის გასაგრძელებლად; მ) სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის ასახვის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების დროს კონსულტაციები გამართოს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან; ნ) იმ სკოლებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია წარმოდგენილი, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დანერგოს მრავალეროვან საზოგადოებაში ტოლერანტობის ღირებულებების ხელშემწყობი სასწავლო პროგრამები; ო) გააგრძელოს საქართველოს რეალობისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი მრავალენოვანი სწავლების მოდელის შემუშავებისა და დანერგვის პროცესი;  პ) ეროვნული უმცირესობების პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს შრომის ბაზრის საჭიროებებისთვის მორგებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები; ჟ) გააგრძელოს საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების განხორციელება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის პოპულარიზებას და გაზარდოს მისი შესწავლის ხელმისაწვდომობა; რ) უზრუნველყოს არაქართულენოვან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების დანერგვა, რათა მოზარდებს სკოლაში შესვლის დროისთვის ჰქონდეთ ქართული ენის ცოდნის გარკვეული ბაზა; ს) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც ე. წ. 1+4 სისტემით ჩარიცხული სტუდენტები სწავლობენ, შეიმუშაოს და დანერგოს ინტერკულტურული და საინტეგრაციო პროგრამები, რათა გაიზარდოს სტუდენტების ინფორმირებულობა და ამაღლდეს მათი ცოდნის დონე განსხვავებულ ეთნიკურ გარემოში სწავლისა და ურთიერთობის შესახებ; ტ) უზრუნველყოს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების დახვეწა ინკლუზიური განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; უ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით;  ფ) გააანალიზოს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა;  ქ) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება ინკლუზიური განათლების საკითხებში; ღ) შეაგროვოს დეტალური სტატისტიკური მონაცემები როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართული, ისე სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი/გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესახებ; ყ) უზრუნველყოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება, ამასთანავე, შეიმუშაოს ბავშვის რთული ქცევის მართვის და მის მიერ სკოლის მიტოვების თავიდან აცილების სტრატეგია; შ) განახორციელოს სამუშაოები ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ჩ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა საქმიანობის განხორციელებას; ც) დროულად განახორციელოს ყველა ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და დაგეგმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები; ძ) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობის დროს გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების ჩატარებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის და სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის საჭიროება; წ) უზრუნველყოს მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ტვიში ჰესისა და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის) მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებიდან სათანადო კვლევითი და სამშენებლო დოკუმენტაციის გამოთხოვა, მის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიაზე და პროექტის გავლენის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გავლენის საკითხის სრულყოფილად შესწავლა და არ დაუშვას აღნიშნული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების ხარჯზე განხორციელება.  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) დაიწყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის დაცვის შესახებ“ №183 კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ბ) 2018 წელს დაასრულოს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის საქართველოს პარლამენტისთვის რატიფიცირებისთვის წარსადგენად მიმდინარე შინასახელმწიფოებრივი პროცედურები;  გ) განახორციელოს ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81 კონვენციის, „სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №129 კონვენციის, „მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ“ №131 კონვენციისა და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე არ გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე; ბ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ტურისტულ მარშრუტებზე, რუკებზე და შესაბამის პუბლიკაციებში ასახოს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ნიმუშების შესახებ. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სრულყოფილად შეისწავლოს მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიაზე და პროექტის გავლენის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გავლენის საკითხი და არ დაუშვას აღნიშნული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების ხარჯზე განხორციელება. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) გააგრძელოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; გ) 2018 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას; დ) გააგრძელოს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმება ან განაახლოს არსებული დასკვნები; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად დაიწყოს პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით. 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მიერ სათანადო საცხოვრებლის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად და მიაწოდოს მათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. 14. მუნიციპალიტეტების ორგანოებმა: ა) მუნიციპალიტეტების დონეზე ჩაატარონ ქალთა საჭიროებების კვლევა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ბ) დაგეგმონ და მუნიციპალიტეტებში განახორციელონ პროექტები ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერების მიზნით და უზრუნველყონ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა; გ) შეაგროვონ და პერიოდულად განაახლონ ობიექტური და სანდო სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შესაფასებლად (შეიმუშაონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი), ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყონ შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება, ამასთანავე, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; დ) განახორციელონ სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; ე) ხელი შეუწყონ შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერულ წინსვლას საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; ვ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტების დანერგვა და მათი აღსრულების ეფექტიანი ზედამხედველობა, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მშენებარე და აშენებული ობიექტების მიმართ გამოიყენონ პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებები (ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, ინსპექტირება, დაჯარიმება, დემონტაჟი და სხვა); ზ) შეისწავლონ მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებები, აგრეთვე უზრუნველყონ მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა; თ) უზრუნველყონ სკოლამდელი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, სათანადოდ მიწოდება; ი) უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების სათანადო მონაწილეობა; კ) დაიწყონ პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით; ლ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საჭიროა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, განახორციელონ ამ პირების შესახებ მონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უსახლკარობის დაძლევის მიზნით მოახდინონ შესაბამისი პროცედურის რეგლამენტირება და სათანადო ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების მობილიზება; მ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სოციალური პროგრამები უსახლკარო პირთა მიერ სათანადო საცხოვრებლის უფლების განსახორციელებლად, უზრუნველყონ ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც აისახება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში; ო) დროულად განახორციელონ სათანადო ღონისძიებები საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; პ) გონივრულ ვადებში უზრუნველყონ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია და სათანადო საგანმანათლებლო ინვენტარით აღჭურვა; ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღებს; ჟ) ხელი შეუწყონ მოზარდების მიერ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით ეფექტიან სარგებლობას, მათ შორის, სათანადო ფინანსური რესურსის გამოყოფით; რ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში გააძლიერონ ქართული ენის სწავლება, რათა მოზარდებს სკოლაში შესვლის დროისთვის ჰქონდეთ ქართული ენის ცოდნის გარკვეული ბაზა; ს) იმ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია წარმოდგენილი, აღმზრდელ-პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის დანერგონ მრავალეროვან თემში ინტერკულტურული ქცევის ხელშემწყობი სასწავლო პროგრამები; ტ) გააუმჯობესონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განაახლონ სასწავლო ინვენტარი; ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს; უ) აქტიურად განახორციელონ ავარიული და საფრთხის შემცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განახლებული სასწავლო კორპუსების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები. 15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ: ა) განსაზღვროს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონება, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად, მათ შორის, პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობის დაცვით, განიხილოს მათთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ბ) გააგრძელოს თბილისში, ყიფშიძის ქუჩის №5-ში მდებარე „ბ“ კორპუსის მშენებლობის, სათანადო ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო ქსელების მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; გ) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობის დროს გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების ჩატარებისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის და სააგენტოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის საჭიროება; დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად დაუყოვნებლივ შეიმუშაოს მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის სამოქმედო გეგმა; ე) განახორციელოს სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით; ვ) ხელი შეუწყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა კარიერულ წინსვლას საშუალო რანგისა და მაღალი რანგის საჯარო თანამდებობებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; ზ) შესაბამის სამინისტროსთან ერთად დაიწყოს პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო სარგებლობის ფართობებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები შემდგომ მათი საკუთრებაში გადაცემის მიზნით. 16. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ: ა) საარჩევნო უბნების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გააძლიეროს მუნიციპალიტეტების ორგანოებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ბ) გააძლიეროს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სიღრმისეული სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან კომუნიკაციის და არსებული დამხმარე საშუალებების სწორად გამოყენების თაობაზე; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე შეიმუშაოს ინსტრუქცია საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავების მიზნით. 17. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზოგადოებრივმა მაუწყებელმა: ა) განახორციელოს „მოამბის“ სინქრონული თარგმნის სიზუსტისა და ხარისხის მონიტორინგი შესაძლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად;  ბ) ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე); გ) გაააქტიუროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული მედიაპროდუქციის (საინფორმაციო და სხვა გადაცემების) ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა და გავრცელება, მათ შორის, რეგიონული მედიასაშუალებების გამოყენებით; დ) გააგრძელოს და გააძლიეროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან გადაცემებში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის ასახვა, მათ შორის, აქცენტი გააკეთოს ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე; ე) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ჟურნალისტების ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ვ) გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, შეიმუშაოს სპეციალური წესები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შესყიდვების განსახორციელებლად და დამწყები საწარმოების (სტარტაპების) დასაფინანსებლად; ზ) შეიმუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ვაკანტური თანამდებობების დაკავების (მათ შორის, ღია და საჯარო კონკურსით) წესს.  18. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − კონკურენციის სააგენტომ შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა. 19. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 30 ივნისის №1181-IIს დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად. 20. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 2019 წლის 1 მარტამდე. 21. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს. 22. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე ქუთაისი, 19 ივლისი 2018 წ. N3148-რს