საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/399

2018 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის №01/1800 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი – ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000- კმ 14+400) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის ფოთი- გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 – კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 09 თებერვლის N264-IIს დადგენილებით) და 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ,,საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1290-Iს დადგენილებით) ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რაც გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას, შეძლებისდაგვარად, დასახელებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით.

განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14. 4 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. საავტომობილო გზის გასწვრივ დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის ზემოქმედების შედეგად ათვისებული იქნა 1 247537 მ2 მიწის ნაკვეთი, რაც 891 მიწის ნაკვეთს წარმოადგენს.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა გოგიტა ასანიძის, დარეჯან ასანიძის, იოსებ ასანიძის, მაყვალა ასანიძის და ხათუნა ბოლქვაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია საავტომობილო გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიაჩნია, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული საავტომობილო გზის ფოთი - გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 27.15.45.337 (მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სუფსა, ხიდმაღალა) მესაკუთრეები არიან: გოგიტა ასანიძე, დარეჯან ასანიძე, იოსებ ასანიძე, მაყვალა ასანიძე, ხათუნა ბოლქვაძე.

დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების, პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.

ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ფოთი -გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

 1.1. უძრავი ქონება ს/კ N27.15.45.337 (მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სუფსა (ხიდმაღალა)

7700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები),

მესაკუთრეები: გოგიტა ასანიძე (პ/ნ 59001091621), დარეჯან ასანიძე (პ/ნ 01033006233), იოსებ ასანიძე (პ/ნ

26001006928), მაყვალა ასანიძე (პ/ნ 26001032426), ხათუნა ბოლქვაძე( პ/ნ 26001031258), საექსპროპრიაციო ფართი 797 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა/ნაგებობა ღობე.

 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).

 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი ჩერქეზიშვილი.