აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 09.08.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/42
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.062.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01/42
2018 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების (შემდგომში – ქონება) პრივატიზების/ სარგებლობის/ მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
3. ელექტრონული აუქციონის საფუძველზე ქონების პრივატიზება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულებაა საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი აუქციონისას ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/ სარგებლობის/ მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულება.
4. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე – ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, ამასთან, ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება.
5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს თანხმობით იღებს ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების/ სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
8. ელექტრონული აუქციონის ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს სამინისტრო, უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემას, სამინისტროს თანხმობით, ახორციელებს ის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს სამინისტრო.
9. ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სარგებლობაში გადაცემისა და მართვის უფლებით გადაცემის დროს საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასური დგინდება პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლების განმახორციელებელი ორგანოს მიერ.
10. ელექტრონული აუქციონის ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.
11. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
12. ელექტრონული აუქციონის ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი.
13. ელექტრონული აუქციონი ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
14. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
15. ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს სამინისტროს.
16. იმ შემთხვევაში, თუ ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს/დამფუძნებელს.
მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო.
2. ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო უფლებამოსილია,ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო/საწყისი სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის არა - ნაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარმოდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა პრივატიზების და მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 15 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში 7 კალენდარული დღით აღემატება სარგებლობაში გადაცემის ვადას, მაშინ შეიძლება მისი და ამ მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი თანხის გამოყენება (ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ ე” / მე-7 პუნქტის „ ე”/ მე-9 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა , თუ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).
4. თუ ქონების შეძენით, სარგებლობის უფლების მიღებით ან მართვის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
5. ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანო, ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge.
6. ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი.
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს.
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის თანხის არანაკლებ 10%‐ს და არაუმეტეს 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასური განისაზღვრება სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ, წლიური სარგებლობაში გადაცემის საბაზრო საფასურზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
კ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
8. აქციების ან წილის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას და ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
გ) წილის ოდენობას საზოგადოების კაპიტალში;
დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;
გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარმოში წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს მართვის უფლებით გადაცემის საწყისი თანხის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას;
თ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) ბიჯის სიდიდეს;
ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს;
მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას;
ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
10. ქონების შემძენს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
11. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემ ქონებას.
მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო თანხაზე/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს თანხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად/ მოსარგებლედ/მართვის უფლებით მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილებისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს/გაააქტიუროს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
11. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) უქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებაზე არ განახორციელა ხელმოწერა;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური;
გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.
13. აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები, აგრეთვე განკარგული ქონების სანივთო უფლებით დატვირთვის წესი და პირობები რეგულირდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები რეგულირდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის დადგენილებით.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. უძრავი ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ქონების სარგებლობაში გადაცემისას – 15 კალენდარულ დღეში, პრივატიზების სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადამცემი ორგანოსა და გამარჯვებულს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2. უძრავი ქონების პრივატიზებისას (გარდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება, საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
3. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, ქონების განმკარგავი სუბიექტი ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის ნაწილად.
6. საინვესტიციო პირობების არსებობისას სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. ქონების პრივატიზებისას, თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
მუხლი 6🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
3. პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურების (ელექტრონულად), ასევე წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
მუხლი 8🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიმურმან ფარფალია