შპს „ეფლ ფაის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/14428-18

განჩინება

საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

2018 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი გვანცა ლომიძე

მოვალე – შპს „ეფლ ფაი“

წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი

კრედიტორი – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მეურვე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „ეფლ ფაის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

 

 გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს „ეფლ ფაის“ (ს/კ 404999098) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ეფლ ფაის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2018 წლის 13 აპრილს. 2018 წლის 17 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს შპს „ეფლ ფაის“ (ს/კ 404999098) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, შემოსავლების სამსახურს დაევალა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2018 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 დღით გაგრძელება, ვინაიდან თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ დროსთან. სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 სამუშაო დღით.

2018 წლის 18 ივნისს შემოსავლების სამსახურის მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, გადახდილი იქნა 5000 ლარი.

2018 წლის 25 ივნისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ეფლ ფაის“ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2018 წლის 8 აგვისტოს მეურვის მიერ წარმოდგენილ იქნა გაკოტრების მოხსენება შპს „ეფლ ფაის“ (ს/კ 404999098) საქმესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „ეფლ ფაის“ ქონების მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მოვალე საწარმოს საკუთრებაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული არც მოძრავი არც უძრავი ქონება არ გააჩნია. საწარმოს ასევე არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ეფლ ფაის“ ანგარიში აქვს გახსნილი სს „თიბისი ბანკში“, მაგრამ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მოვალისა და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს „ეფლ ფაის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მოხსენებით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული გარემოება დადასტურდა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ეფლ ფაი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ეფლ ფაის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

ამასთან, მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან არსებობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და, ამასთანავე, სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

ვინაიდან შპს „ეფლ ფაის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს მეურვის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. შპს „ეფლ ფაის“ (ს/კ 404999098) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ეფლ ფაი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ეფლ ფაის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 18 ივნისს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათაო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №119769) შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩი ნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                           მაია სვიანაძე