შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2018 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს „ტაჩი საქართველო“ (ს/კ 405069866)
წარმომადგენელი – შპს „REAL Georgia“
დირექტორი – ბაჩუკი ქირია
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – 1. ქრისტინე კუბლაშვილი
2. ლელა ხაციკიდუ
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია
2017 წლის 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბაჩუკი ქირიამ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად.
2017 წლის 24 აპრილს შპს „ტაჩი საქართველოს“ წარმომადგენლის ბაჩუკი ქირიას მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ტაჩი საქართველოს“ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 30 მაისს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ტაჩი საქართველოს“ (ს/კ:405069866) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება, შემოწმებულ იქნა შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, ხოლო 2018 წლის 28 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ტაჩი საქართველოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიურომ და მოითხოვა კრების მოწვევა შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, შპს „ტაჩი საქართველოს“ ჰყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი: სსიპ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; ხუთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „ტაჩი საქართველოს“ (ს/ნ 405069866) ქონება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია მის სახელზე რიცხული, რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე არ აქვს დადებითი ნაშთი საბანკო ანგარიშზე და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია, რომ შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.
მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა გაუქმდეს საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან უნდა აუნაზღაურდეს საპროცესო ხარჯი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასრულდეს შპს „ტაჩი საქართველოს“ გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მელიქ-სურხავის ქ. №9ა, ბ.9, საიდენტიფიკაციო ნომერი №405069866).
2. სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 5 000 (ხუთი ათასი) ლარიდან, რომლის რეკვიზიტებია: დასახელება – ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, მიმღების ბანკის კოდი TBCBGE22, საგადახდო მოთხოვნა №66007, აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხოს მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხოლო დარჩენილი თანხა დაუბრუნდეს განმცხადებელს – შემოსავლების სამსახურს.
3. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „ტაჩი საქართველოს“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მელიქ-სურხავის ქ. №9ა, ბ.9, საიდენტიფიკაციო ნომერი №405069866) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი