შპს ,,სოლო 500’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/25770-17
განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს ,,სოლო 500“, ს/ნ 432543759
წარმომადგენელი – გიგა სალუქვაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით და
გამოარკვია:
2017 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სოლო 500“-ის დირექტორმა ალენ სოფრომაძემ და შპს ,,სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს "სოლო 500"-ს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს "სოლო 500"-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, შპს "სოლო 500" გამოცხადდებოდა გაკოტრებულად და საწარმოს რეგისტრაცია გაუქმდებოდა.
2017 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს "სოლო 500"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2017 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მოვალე საწარმოს მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 5 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ გამოცხადდა შემოსავლების სამასახურის წარმომადგენელი, რის გამოც კრებაზე არცერთი საკითხი არ განხილულა. პირველი კრების ჩატარება შპს "სოლო 500"-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2018 წლის 21 თებერვლისათვის, 17 საათზე, რასაც დაეთანხმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.
2018 წლის 21 თებერვალს, კრედიტორთა პირველ კრებაზე გამოცხადებულმა შემოსავლების სამსახურის სავარაუდო წარმომადგენელმა ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა იშუამდგომლა კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის არქონის გამო. აღნიშულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მოვალის წარმომადგენლები. კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 11 აპრილს, 15.00 საათზე.
2018 წლის 11 აპრილს დანიშნულ კრედიტორთა პირველ კრებაზე არ გამოცხადდნენ სსიპ _ შემოსავლების სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არ განხილულა და კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 10 მაისს, 17.15 საათზე.
2018 წლის 10 მაისს, კრედიტორთა პირველ კრებაზე, მეურვემ წარმოადგინა მოვალე საწარმოსთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიში და აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა 97 083 ლარისა და 26 თეთრის მოცულობით, როგორც მე-5 რიგის მოთხოვნა. კრედიტორთა მოთხოვნების ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხზე მსჯელობის ეტაპზე მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობით, შუამდგომლობაზე პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება მოვალის თანხმობით გადაიდო 2018 წლის 22 მაისს, 10 საათზე.
2018 წლის 22 მაისს კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი. მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 26 ივნისს, 10 საათზე.
2018 წლის 24 მაისს, შპს ,,სოლო 500“-ის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის როგორც 2018 წლის 10 მაისის, ასევე 2018 წლის 22 მაისის განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელი და დაუსაბუთებელია და ის საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩნებით, შპს ,,სოლო 500''-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებაზე (სსიპ _ შემოსავლების სამსახურის კრედიტორად აღიარების ნაწილში) დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, შპს ,,სოლო 500''-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება 2018 წლის 4 სექტემბერს, 17 საათზე, მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 29-ე, 30-ე, 36-ე, მე-40 მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,სოლო 500’’-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზში №9.
3. დაევალოს შპს ,,სოლო 500’’-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლევერა დობორჯგინიძე