სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2018
ძალაში შესვლა 01.12.2018
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №166
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 14.08.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში
მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№166
2018 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 81 მუხლის მე-8 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი დეკემბრიდან.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე და მის ექსპლუატანტზე;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოზე და მის პერსონალზე;
გ) უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდსა და მის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე;
დ) უცხო ქვეყნის ავიასაწარმოზე და მის პერსონალზე, რომელიც მომსახურებას უწევს საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს და/ან ექსპლუატანტს;
ე) სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო უშიშროებასთან.
2. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
3. ამ წესით განსაზღვრულ ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები: პილოტი-ინსპექტორი (OPS-FOI); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ინსპექტორი (OPS); საწაფის ინსპექტორი (FSTD-OPS, FSTD-AIR) ექიმი-ინსპექტორი/ავიასამედიცინო შემფასებელი (MED); სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი (ATO); ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი (PEL); საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ზედამხედველობის ინსპექტორი (Air); აეროდრომების ინსპექტორი (AGA); სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (DG); საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC); საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორი (ATM); კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორი (CNS); მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი (MET); სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორი (AIS); ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორი (PANS-OPS); საავიაციო რუკების ინსპექტორი (Cartographic); საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორი (SAR) და SAFA-ს ინსპექტორი.
4. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (შემდგომში – ინსპექტორი)/SAFA-ს ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
5. ინსპექტორზე/SAFA-ს ინსპექტორზე სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურით გაიცემა სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოწმობა/SAFA-ს ინსპექტორის მოწმობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით დანართი №2-ით გათვალისწინებულ ფორმებს.
6. ინსპექტირების განხორციელებისას ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ხელმძღვანელობს საქართველოს საჰაერო კოდექსით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებით, ამ წესით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
7. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დაინტერესებული მხარეებისაგან დამოუკიდებელია ინსპექტირების პროცესში.
8. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით სააგენტო შეიმუშავებს ინსპექტირების სახელმძღვანელოებს, რომელიც აღწერს სააგენტოს მიერ ინსპექტირების მიმართ დადგენილ პროცესებს და პროცედურებს.
9. სააგენტო უფლებამოსილია ინსპექტირებისას მოიწვიოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსპექტირების ობიექტი – საქართველოში რეგისტრირებული, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის ავიასაწარმოები, მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, რომელთა ფუნქციონირება დაკავშირებულია ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო უშიშროებასთან, საჰაერო ხომალდები, ფრენის უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
ბ) ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ავიასაწარმოების/საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განმარტებული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ინსპექტირების მიზანი და ზოგადი მოთხოვნები ინსპექტირების მიმართ
1. ინსპექტირების მიზანია ინსპექტირების ობიექტისა და მისი საქმიანობის შესაბამისობის დადგენა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დონის შენარჩუნება.
2. ინსპექტირება ხორციელდება:
ა) ავიასაწარმოების, საჰაერო ხომალდების მდგომარეობის და პერსონალის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მათთვის შესაბამისი სერტიფიკატის, მოწმობის, ოსტატობის ან დაშვების გაცემამდე;
ბ) სერტიფიცირების პირობებთან და კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების იმ ღონისძიებების განხორციელების შემოწმების მიზნით, რომელთა შესრულება სავალდებულოა „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 15 თებერვლის №17 ბრძანების შესაბამისად.
დ) სააგენტოს მიერ შემუშავებული ინსპექტირების სახელმძღვანელოების შესაბამისად.
3. ინსპექტორი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს და ინსპექტირების ობიექტს ინსპექტირების შედეგების ანგარიშით;
გ) სააგენტოს იმ მტკიცებულებით, რომელიც საჭიროა ინსპექტირების შემდგომი ქმედებების გასატარებლად.
4. საინსპექციო შემოწმების მოცულობის განსაზღვრა ხდება წინა საინსპექციო შემოწმებების მოცულობისა და შედეგების საფუძველზე და ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
მუხლი 4🔗.
ინსპექტორის უფლება-მოვალეობები
1. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;
ბ) ინსპექტირების განხორციელებისას შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე, შეუჩეროს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს სერტიფიკატით/მოწმობით ან სხვა საავიაციო დოკუმენტებით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ იგი დარწმუნებულია, რომ შემოწმებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას და/ან საავიაციო უშიშროებას.
2. ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით.
3. პილოტი-ინსპექტორი (OPS-FOI) უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის მუშაობის ტექნოლოგია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე პილოტის რანგში ფრენის უფლება.
4. ინპექტორი უფლებამისილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო, ვიდეო, კომპიუტერული და აუდიოაპარატურა; საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC) დამატებით უფლებამოსილია შეიტანოს საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
5. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედება გრძელდება საფრთხის შემცველი გარემოების სრულ აღმოფხვრამდე ან/და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი მოვალეობები;
ბ) ინსპექტირებისას თან იქონიოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მოწმობა;
გ) ინსპექტირებისას გამოიყენოს ინსპექტირების საკონტროლო ბარათი (Check-list);
დ) ინსპექტირების შედეგები ასახოს ინსპექტირების ანგარიშში.
8. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
9. ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი არ მონაწილეობს ინსპექტირებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებს აფასებს სააგენტო.
მუხლი 5🔗.
ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები
1. ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა ინსპექტორს საკუთარი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის, აგრეთვე ინსპექტირების მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში.
2. ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი შეუზღუდავად დაუშვას ინსპექტირების ობიექტზე, მათ შორის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობებით;
ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში;
გ) წარუდგინოს და მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის პროცედურების, ტექნიკური მოწყობილობების ან საშუალებების ჩანაწერების ასლები;
დ) უზრუნველყოს ნაკლოვანებების აღმოფხვრა სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადაში და სხვა.
მუხლი 6🔗.
ინსპექტირების პროცესი
1. ინსპექტირების პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:
ა) ინსპექტირების დაგეგმვა;
ბ) ადგილზე შემოწმება;
გ) ანგარიშის წარდგენა;
დ) მაკორექტირებელი ქმედებების შეთანხმება;
ე) გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების გადამოწმება.
2. ინსპექტირების დაწყებამდე ინსპექტორი/ინსპექტორთა ჯგუფი უნდა წარუდგეს ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენელს, გააცნოს ინსპექტირების მიზანი, მისი მსვლელობა და შემდგომი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში შეახსენოს მისი ვალდებულებები, მათ შორის ყველა საჭირო ობიექტთან და დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ. თუ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნები.
3. დოკუმენტაციის ინსპექტირება, რომელსაც მინიჭებული აქვს „საიდუმლოობის გრიფი“, უნდა განახორციელოს ინსპექტორმა, რომელსაც აქვს დაშვება საიდუმლო დოკუმენტაციასთან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ინსპექტირება იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ ინსპექტირების ობიექტს შეძლებისდაგვარად ხელი არ შეეშალოს საქმიანობაში.
5. ადგილზე შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექტორმა/ინსპექტორთა ჯგუფმა ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენელს უნდა გააცნოს საინსპექციო შემოწმების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები.
6. ინსპექტირების შედეგები აისახება ინსპექტირების ანგარიშში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-3 დანართს.
7. ინსპექტირების ანგარიში დგება და ეგზავნება შესაბამის ავიასაწარმოს ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
8. ინსპექტირების პროცესი SAFA შემოწმების ფარგლებში დამატებით განისაზღვრება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების პროცედურით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
9. საავიაციო უშიშროების სფეროში ინსპექტირების პროცესი ხორციელდება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანება
1. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებას, გარდა SAFA შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებისა, სიმძიმის მიხედვით ენიჭება I ან II დონე.
2. სააგენტო ნაკლოვანებას ანიჭებს I დონეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან სერტიფიკატით დადგენილ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს, მათ შორის:
ა) სააგენტოს ინსპექტორებისათვის სამუშაო საათებში ავიასაწარმოში შემოწმების მიზნით შესვლაზე უარის თქმა ორი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ;
ბ) ავიასაწარმოს სერტიფიკატის გაცემა ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ავიასაწარმოს მიერ წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე;
გ) სერტიფიკატის გამოყენება კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით;
დ) დანიშნული პასუხისმგებელი ხელმძღვანელის არყოლა.
3. ნაკლოვანებას II დონე ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, ან სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება დააქვეითოს უსაფრთხოების დონე ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.
4. თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდება ისეთი ხარვეზი, რომელიც არ კლასიფიცირდება I ან II დონის ნაკლოვანებად, სააგენტო უფლებამოსილია დააფიქსიროს აღნიშნული ხარვეზი (observation) ინსპექტირების ანგარიშში.
5. ინსპექტირების პროცესში ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით შეატყობინებს ავიასაწარმოს გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ და მოსთხოვს გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებას.
6. I დონის ნაკლოვანების შემთხვევაში, სააგენტო ნაკლოვანების სიმძიმიდან გამომდინარე, მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდავს ან შეაჩერებს სერტიფიკატს, ავიასაწარმოს მიერ ეფექტური გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებამდე, ან აუქმებს მას.
7. II დონის ნაკლოვანების შემთხვევაში სააგენტო:
ა) ნაკლოვანების ხასიათიდან გამომდინარე, ადგენს ან ითანხმებს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ავიასაწარმომ უნდა გაატაროს გამოსასწორებელი ღონისძიებები;
ბ) აფასებს ავიასაწარმოს მიერ შემოთავაზებულ გამოსასწორებელ ღონისძიებებს და მათი დანერგვის გეგმას და შენიშვნის არსებობის შემთხვევაში წერილობით დასაბუთებას წარუდგენს ავიასაწარმოს.
8. სააგენტოსთან შეთანხმებული ან მის მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში ავიასაწარმოს მიერ სააგენტოსათვის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარუდგენლობის ან გამოსასწორებელი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, ნაკლოვანებას ენიჭება I დონე და სააგენტო ატარებს I დონის ნაკლოვანებისთვის დადგენილ ქმედებებს.
9. სააგენტო აწარმოებს ჩანაწერებს მის მიერ გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების, მის მიერ გამოყენებული სააღსრულებო ღონისძიებების, ყველა გამოსასწორებელი ღონისძიებისა და ნაკლოვანების აღმოფხვრის თარიღის შესახებ.
10. თუ პირი თავს არიდებს ან ვერ უზრუნველყოფს ნაკლოვანების აღმოფხვრას დადგენილ ვადაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების, სერტიფიკატით/მოწმობით და/ან სერტიფიკატის/მოწმობის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის/მოწმობის გაუქმების ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 8🔗.
SAFA შემოწმებისა და საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები
1. SAFA შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებს სიმძიმის მიხედვით ენიჭება 1-ლი, მე-2 და მე-3 კატეგორია.
2. SAFA შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებების კატეგორიზაცია განსაზღვრულია „უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების პროცედურების“ GCAA 03-1 დამტკიცებისა და „უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების პროცედურების“ თაობაზე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 3 ოქტომბრის №131 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 30 ოქტომბრის №174 ბრძანებით.
3. საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები სიმძიმის მიხედვით იყოფა 6 კატეგორიად.
4. საავიაციო უშიშროების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები დადგენილია „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილებით.
მუხლი 9🔗.
ინსპექტირების ობიექტები და მიმართულებები
1. ინსპექტირების ობიექტებია:
ა) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი;
ბ) უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდი, ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტი, რომელიც ახორციელებს ფრენებს საქართველოში;
გ) საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას;
დ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი;
ე) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო;
ვ) აეროდრომი და აეროდრომის ექსპლუატანტი;
ზ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმო;
თ) სამოქალაქო საავიაციო სასწავლო დაწესებულებები;
ი) ავიასამედიცინო ცენტრი და ავიასამედიცინო ექსპერტი;
კ) საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი;
ლ) სხ-ს მიწისზედა/ბაქანზე მომსახურების საწარმო;
მ) სახიფათო ტვირთის მომსახურე დანიშნული საფოსტო ოპერატორი;
ნ) სახიფათო ტვირთის მომსახურე ტვირთგამგზავნი და სატვირთო ექსპედიტორი;
ო) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობა (საწაფი);
პ) საავიაციო პერსონალი;
ჟ) უცხო სახელმწიფოს აეროდრომის ექსპლუატანტი, საიდანაც/სადაც სრულდება/უნდა შესრულდეს ფრენები საქართველოში/საქართველოდან შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო(ები)ს წინასწარი თანხმობით;
რ) სხვა ავიასაწარმოები, მოიჯარეები ან პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტზე ან შესაძლო ზეგავლენას ახდენენ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე.
2. მიმართულებების მიხედვით, ინსპექტირების განხორციელების პროცესში, სააგენტო ამოწმებს:
ა) საჰაერო ხომალდებზე:
ა.ა) საბორტო დოკუმენტაციას;
ა.ბ) ეკიპაჟის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
ა.გ) სხ-ის ტექნიკურ მდგომარეობას;
ა.დ) ფრენის მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ პროცესებს და პროცედურებს;
ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე:
ბ.ა) საწარმოს მართვის (მათ შორის, უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის) სისტემას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას;
ბ.ბ) ტექნიკური საშუალებების/ინფრასტრუქტურის მდგომარეობას;
ბ.გ) საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაში ჩართული პირების კომპეტენციას/კვალიფიკაციას;
ბ.დ) სამუშაო დოკუმენტაციას, პროცესებსა და პროცედურებს;
გ) საავიაციო პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს და საკვალიფიკაციო აღნიშვნებს;
დ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის):
დ.ა) შესაბამისობას ტექნიკური შესაძლებლობების დონესთან (საწაფის კვალიფიკაცია);
დ.ბ) ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პროცესებს, პროცედურებს და შესაბამის ჩანაწერებს;
დ.გ) პერსონალის კვალიფიკაციას.
მუხლი 10🔗.
ინსპექტირების პერიოდულობა და გეგმური ინსპექტირება
1. ინსპექტირება ტარდება როგორც ინსპექტირების ობიექტის წინასწარი ინფორმირებით, (გეგმური ინსპექტირება), ისე ინფორმირების გარეშე (არაგეგმური ინსპექტირება).
2. სააგენტო ადგენს ინსპექტირების პროგრამას ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისთვის ავიასაწარმოს სპეციფიკის, საქმიანობის კომპლექსურობისა და წინა სერტიფიცირების ან/და საზედამხედველო საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით და ახორციელებს ინსპექტირებას აღნიშნული პროგრამის შესაბამისად.
3. ინსპექტირების მიმართულებების მიხედვით გეგმური ინსპექტირება ტარდება შემდეგი პერიოდულობით:
ა) საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;
ბ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება – არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
გ) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მარშრუტზე (ფრენისას) ინსპექტირება – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ;
დ) ავიასაწარმოების ინსპექტირება, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას – როგორც წესი, კვარტალში ერთხელ, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
ე) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს, აეროდრომის და აეროდრომის ექსპლუატანტის, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, სამოქალაქო საავიაციო სასწავლო დაწესებულების, ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის; საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს და მისი ტექნიკური პერსონალის და სხ-ს მიწისზედა/ბაქანზე მომსახურების საწარმოს ინსპექტირება – ზედამხედველობის 24 თვიანი ციკლის მანძილზე საზედამხედველო მიმართულებების სრული დაფარვით;
ვ) საავიაციო სატვირთო ტერმინალების, აეროდრომის ექსპლუატანტი (მგზავრთა უფლებების დაცვისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის კუთხით), სახიფათო ტვირთის მომსახურე დანიშნული საფოსტო ოპერატორის, ტვირთგამგზავნების და სატვირთო ექსპედიტორების ინსპექტირება – ზედამხედველობის 12-თვიანი ციკლის მანძილზე საზედამხედველო მიმართულებების სრული დაფარვით;
ზ) საავიაციო პერსონალის ინსპექტირება - ავიასაწარმოების შემოწმების გრაფიკის მიხედვით;
თ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ინსპექტირება, გარდა სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობისა - ზედამხედველობის 12 თვიანი ციკლის მანძილზე საზედამხედველო მიმართულებების სრული დაფარვით;
ი) სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობის ინსპექტირება - ზედამხედველობის 36 თვიანი ციკლის მანძილზე საზედამხედველო მიმართულებების სრული დაფარვით;
კ) ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი ობიექტების ინსპექტირება - არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.
4. საზედამხედველო მიმართულებების შემოწმებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ ინსპექტირების პერიოდულობას.
5. იმ ავიასაწარმოს საზედამხედველოდ, რომელიც ფლობს ერთზე მეტ სერტიფიკატს, სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ზედამხედველობის ინტეგრირებული გრაფიკი ინსპექტირების ყველა აუცილებელი მიმართულების მოცულობით.
6. გეგმური ინსპექტირების ჩატარების თაობაზე ინსპექტირების ობიექტს ეცნობება არაუგვიანეს 5 დღით ადრე.
7. სააგენტო, ჩატარებული ინსპექტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება გამოვლენილი ნაკლოვანებების რისკების დონეების შეფასებას, უფლებამოსილია წინასწარ დადგენილი ინსპექტირების პროგრამისგან განხვავებული პერიოდულობით განახორციელოს ინსპექტირება.
8. საავიაციო უშიშროების ობიექტების საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა დგინდება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
არაგეგმიური ინსპექტირება
1. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) ინსპექტირების ობიექტზე განხორციელებული ისეთი ცვლილებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ბ) ავიასაწარმოში ფრენის უსაფრთხოების და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ ნაკლოვანებებზე შეტყობინების მიღებისას;
გ) სააგენტოსთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გარემოების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფრენების უსაფრთხოებაზე ან/და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.
2. საჰაერო ხომალდების ბაქანზე არაგეგმური ინსპექტირება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, ხორციელდება ავიაკომპანიის ფრენის განრიგიდან გამომდინარე და ფრენის გეგმის შესაბამისად.
3. არაგეგმური ინსპექტირება ტარდება ინსპექტირების პროცესის დაცვით, გარდა ინსპექტირების ჩატარების თაობაზე ინსპექტირების ობიექტის ინფორმირებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს უშუალოდ ინსპექტირების დაწყებამდე.
4. საავიაციო უშიშროების ობიექტების არაგეგმური საინსპექციო შემოწმება ხორციელდება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილების შესაბამისად.
5. SAFA შემოწმების ფარგლებში არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 12🔗.
უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება SAFA შემოწმების ფარგლებში
1. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება SAFA შემოწმების ფარგლებში ხორციელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის შემოწმების პროგრამის (SAFA) შესაბამისად და მას ახორციელებს სააგენტოს SAFA-ს ინსპექტორი.
2. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირების მიზანია იმის დადგენა, რომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა, ეკიპაჟი, საბორტო საბუთები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის პირველი, მე-6 და მე-8 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.
3. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდი შეიძლება შემოწმდეს ბაქანზე, საჰაერო ხომალდისა და ეკიპაჟის საბუთების, კაბინის ძირითადი აღჭურვილობის არსებობისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის საერთო მდგომარეობის საკითხებზე.
4. ინსპექტირების შედეგად ფორმდება ინსპექტირების ოქმი ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე. ოქმის ფორმა მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
5. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ტარდება გეგმურად, ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი პერიოდულობით ან არაგეგმურად, თუ:
ა) მიღებულ იქნა ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ტექნიკურად გაუმართაობის შესახებ;
ბ) მიღებულ იქნა ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლისა და მასში ფრენის წესების დარღვევის შესახებ;
გ) წინა ინსპექტირებისას აღმოჩენილ იქნა ფრენის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და არსებობს იმის არგუმენტირებული ვარაუდი, რომ ეს ნაკლოვანებები არ იქნა აღმოფხვრილი ბოლომდე;
დ) არსებობს საფუძველი, რომ საჰაერო ხომალდის მარეგისტრირებელი შესაბამისი საავიაციო უწყება ვერ უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
6. ინსპექტირება უნდა ჩატარდეს საჰაერო ხომალდის დაფრენასა და აფრენას შორის დროის მონაკვეთში, ისე რომ მან არ გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის უსაფუძვლო დაგვიანება.
7. ინსპექტირების დამთავრებისთანავე, ინფორმაცია შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ უნდა მიეწოდოს საჰაერო ხომალდის მეთაურს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის წარმომადგენელს. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს ექსპლუატანტს და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამის საავიაციო უწყებას.
8. ინსპექტირების შედეგად ისეთი ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ფრენის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, SAFA-ს ინსპექტორმა უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა საჰაერო ხომალდის აფრენამდე. ასეთი ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიღება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომები.
12. ინსპექტირებისას SAFA-ს ინსპექტორმა მოქმედად უნდა მიიჩნიოს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობები.
მუხლი 13🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.