საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/398
2018 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 30 მაისის განცხადება (N01/1643) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). ამჟამად, მიმდინარეობს კმ1+000- კმ13+325 მონაკვეთის მშენებლობა.
პროექტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის /ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
პროექტი ითვალისწინებს მონაკვეთს მახინჯაურიდან – მდინარე ჭოროხამდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ-ს, ხოლო სიგანე 14.0 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც უვლის ქ. ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ სოფელ მახინჯაურის მისადგომებთან.
პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ.
პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა უმეტეს ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მავილე ველიაძის, დავით ბერიძის და ნინო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალში მოექცა დავით ბერიძის, ნინო ბერიძის და მავილე ველიაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების მდებარე ბათუმი, თბილისის ქუჩა N9, საკადასტრო კოდი 05.34.25.683 და ს/კ 05.34.25.702 მესაკუთრეები არიან დავით ბერიძე, ნინო ბერიძე და მავილე ველიაძე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს. დასახელებულ წერილობით შეთავაზებაში მესაკუთრეებს ასევე განემარტათ, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 06 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:
1.1 უძრავი ქონება ს/კ 05.34.25.683 (მდებარე ბათუმი, თბილისის ქუჩა N9, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 595.87 კვ.მ (მათ შორის I სართული ფართით 187.3 კვ.მ, II სართული ფართით 231.9 კვ.მ, სხვენი ფართით 176.67 კვ.მ), N2 საერთო ფართით 18.39 კვ.მ, N3 საერთო ფართით 3.42 კვ.მ) მესაკუთრეები: დავით ბერიძე (პ/ნ 61007002935), მავილე ველიაძე (პ/ნ 61006047826), ნინო ბერიძე (პ/ნ 61007005467) საექსპროპრიაციო ფართი სრულად.
1.2 უძრავი ქონება ს/კ 05.34.25.702 (მდებარე ბათუმი, თბილისის ქუჩა N9, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 601. კვ.მ, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართით 21.74 კვ.მ) მესაკუთრეები დავით ბერიძე (პ/ნ 61007002935), მავილე ველიაძე (პ/ნ 61006047826), ნინო ბერიძე (პ/ნ 61007005467) საექსპროპრიაციო ფართი სრულად.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი