საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2018
ძალის დაკარგვა 01.04.2019
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.04.2019
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №25
2018 წლის 5 სექტემბერი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე), მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
გ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა.
3. მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
მუხლი 3🔗. მოსამსახურის წახალისების წესი
1. მოსამსახურის წახალისება ხდება მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
3. წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.
5. წახალისების ნებისმიერი სახის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა წახალისებული მოსამსახურე.
6. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
7. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს.
მუხლი 4🔗. მოსამსახურის წახალისებისას ფულადი ჯილდოს მიცემა
1. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, რომელიც წახალისების ფორმით დაჯილდოვდება სამსახურის სამკერდე ნიშნით („განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, „წარმატებული სამსახურისთვის“) ერთჯერადად ეძლევა ფულადი ჯილდო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველს, მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანისას მიეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო.
მუხლი 5🔗. დისციპლინური გადაცდომის სახეები
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;
ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა;
თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევებია:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
ბ) შრომის შინაგანაწესის დარღვევა;
გ) განწესის დარღვევა;
დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება;
ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით (გარდა საპატიო მიზეზისა);
ზ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);
თ) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება;
ი) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
კ) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა, გარდა ობიექტური მიზეზებისა;
ლ) აუცილებლობის გარეშე, ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
მ) მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, გარდა სამსახურის სხვა მოსამსახურისა, თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება ეს მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) საყვედური;
ბ) სასტიკი საყვედური;
გ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
დ) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.
2. სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება.
მუხლი 7🔗. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია მოქალაქეთა და მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.
2. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არის მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, მასში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;
ბ) თანამდებობა;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;
ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;
ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს.
3. სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა.
4. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია სამსახურის ნებისმიერ მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება.
5. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება.
6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
8. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.
9. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
10. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
11. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მას დაქვემდებარებულ მოსამსახურეზე სუსტი სამსახურებრივი კონტროლის შემთხვევაში.
12. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
14. დისციპლინურ გადაცდომაზე დისციპლინური წარმოებისას და დისციპლინური სახდელის შეფარდებისას გამოიყენება ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღისთვის მოქმედი დისციპლინური წარმოებისა და სახდელის შეფარდების მარეგულირებელი შესაბამისი წესები.
მუხლი 8🔗. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოიხსნას ვადაზე ადრე, თუ:
ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი წარდგინებით.
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, აგრეთვე, მოსამსახურის დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
6. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
მუხლი 9🔗. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ.
2. დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან.
მუხლი 10🔗. შეფარდებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი
მოსამსახურეს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებული ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.