სს ,,იუნიონის'' აქციათა ფასის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 14032 -1 5
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის შესახებ
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
201 8 წლის 14 სექტემბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
განმცხადებელი: სს „იუნიონი“, ს/კ 204872799
წარმომადგენლები: ინდირა მეტრეველი, ალა კახნიაური
აქციონერები: ზოია აგუმბა, გიორგი ადამაშვილი, იური ბატიაშვილი, ვიქტორი ბატუაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ალექსანდრე დავთიანი, ელენე იაკუშევა, ვალერი იასკევიჩი, რუზანა მარკელოვა, მარეხი მინაშვილი, ომარი ნებიერიძე, დავით ნიკოლეიშვილი, არშაულ ოვანესიანი, სვეტლანა ფრიდონოვა, ლილი ქადაგიშვილი, იური შავიძე, ლორეტა ძაგნიძე, ანზორ ხახიაშვილი, ნადეჟდა ჯაგინავა, ლარისა გოცირიძე
დავის საგანი: აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს „იუნიონის“ განცხადება აქციათა სავალდებულო გამოსყიდვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე, სს ,,იუნიონის'' წარმომადგენელმა აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ,,კავკასრეესტრი'' შესთავაზა შემფასებლად. სს "იუნიონის" წარმომადგენელმა განმარტა, რომ "კავკასრეესტრი" განმცხადებელი საწარმოს რეგისტრატორია და მისთვის კარგად არის ცნობილი საქმის სპეციფიკა, რაც აქციათა სამართლიანი ფასის დადგენას გააადვილებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, შემფასებელ ექსპერტად უნდა დაინიშნოს არა სს "იუნიონთან" დაკავშირებული "კავკასრეესტრი", არამედ დამოუკიდებელი და ნეიტრალური ექსპერტი. სასამართლომ დაადგინა, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რასაც დაეთანხმა სს "იუნიონის" წარმომადგენელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912, 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს ,,იუნიონის'' აქციათა ფასის დადგენა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დაკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.
3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები – ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.
5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აქციათა ფასის დადგენის მიზნით გადაეგზავნოს სამოქალაქო საქმე N2/14032-15 2 (ორ) ტომად.
7. ექსპერტის მიერ აქციათა შეფასების ხარჯის ანაზღაურება დაეკისროს სს ,,იუნიონს''.
8. სს ,,იუნიონს'' დაევალოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ამ განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება აქციათა გამოსყიდვის პროცესთან დაკავშირებით აქციონერთა ინფორმირების მიზნით.
9. სს ,,იუნიონს'' დაევალოს მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი ცნობის სასამართლოსთვის წარმოდგენა.
10. განჩინება არ საჩივრდება.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე