📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2018
ძალაში შესვლა 10.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016523
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,907 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2018 მიღება
10.10.2018 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 29.01.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 31.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.05.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 05.09.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-14/ნ 2018 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანება. 3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის განხორციელების ნაწილში. 4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ფარგლებში მიღებული/გამოცემული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 5. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები 1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტი) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; გ) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ შექმნა და მისი პერიოდული სრულყოფა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება; ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება; ვ) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) მეურვეობისა, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის, ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა; თ) მეურვის, მზრუნველის და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 68-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ; კ) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია-აღრიცხვის ელექტრონული სისტემებისა და შესაბამის მონაცემთა ბაზების შექმნა და განვითარება; ლ) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება; მ) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება; ნ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა; ო) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობა; პ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ჟ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა; რ) დასაქმების ხელშეწყობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ტ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა; უ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით, დონორ, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება; ქ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება; ღ) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე, მოსახლეობისათვის გეოგრაფიული ბარიერების თავიდან ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით სოფლის დონეზე), სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად; ყ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი; შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ჩ) დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) გამოცემა; ც) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღება (ანკეტირება), ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ძ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება; ჭ) ეკომიგრანტების დაზარალების ფაქტის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ჯ) დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება; ჰ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიზიკური პირების კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვა-დეკლარირება კანონმდებლობის შესაბამისად; ჰ​1) დევნილთა და ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზების წარმოება და მისი ადმინისტრირება ჰ​2) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; ჰ​3) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტომ, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სააგენტო, დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები,  გამიზნული იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად); ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას; დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა. მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სააგენტოს დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუხით. 4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე (რაც არ გულისხმობს იმავდროულად მინისტრის მოადგილის თანამდებობის შეთავსებას).   5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. მუხლი 4🔗. სააგენტოს დირექტორი სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანო) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი); ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; მ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები; ნ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ; პ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას; რ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას; ს) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს; ტ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; უ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები 1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენს სააგენტოს სათათბირო ორგანოებს. 2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას, კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 3. რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან/და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცი(ებ)ის და/ან პროფესიული ასოციაცი(ებ)ის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ი. 4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას. 2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 8🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, დადოს სათანადო ხელშეკრულებები. 5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას. 6. სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 9🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.