შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/27284-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2018 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
განმცხადებელი შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“
წარმომადგენელი ბესარიონ ხუჭუა
მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ დირექტორ ბესარიონ ხუჭუას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ დირექტორმა ბესარიონ ხუჭუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა:
Ø დააზუსტოს მოთხოვნა. ითხოვს თუ არა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას მოვალე. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს განცხადებელი, წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება;
Ø „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მოთხოვნილი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
Ø წარმოადგინოს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და მოვალის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 05 სამოშაო დღე.
2018 წლის 21 სექტემბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ დირექტორმა ბესარიონ ხუჭუამ. განმცხადებლის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, რომ ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას და ასევე წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა საზოგადოების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის. თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან, შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) დირექტორის ბესარიონ ხუჭუას განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე