ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2018
ძალაში შესვლა 01.11.2018
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №191
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2018
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№191
2018 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 91 და 56-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესი (შემდგომში „წესი“) არეგულირებს საწაფის სერტიფიცირებას და ადგენს მოთხოვნებს სერტიფიკატის მიღების მსურველი განმცხადებლის სერტიფიკატის მფლობელის მიმართ.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს საწაფს.
მუხლი 2🔗.
მიზანი
წესის მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა და გაუმჯობესება ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების გზით.
მუხლი 3🔗.
ტერმინები და განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თვითმფრინავის კლასი – ერთპილოტიანი თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაციისთვის არ მოითხოვება ტიპის ოსტატობა;
ბ) სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობა (BITD) – მოწყობილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაცია, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობის დონე;
გ) საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო (QTG) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საწაფის საექსპლუატაციო და ტექნიკური მახასიათებლები, იმიტირების შედეგად შეესაბამება საჰაერო ხომალდის, თვითმფრინავის კლასის ან შვეულმფრენის ტიპის წინასწარ განსაზღვრულ მახასიათებლებს. საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო მოიცავს როგორც საჰაერო ხომალდის, თვითმფრინავის კლასის ან შვეულმფრენის ტიპის მონაცემებს, ასევე საწაფის მონაცემებს.
დ) საწაფის კვალიფიკაცია (FSTD Qualification) – საწაფის ტექნიკური შესაძლებლობების დონე, კერძოდ:
ა) FFS A,B,C,D
ბ) FTD 1,2,3
გ) FNPT I/II/III/MCC
დ) BITD
ე) სრულპილოტაჟიანი საწაფი (FFS) – კონკრეტული ტიპის, მოდელის, სერიის თვითმფრინავის კაბინის სრული ზომის მაკეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ მოწყობილობითა და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც აუცილებელია თვითმფრინავის ჰაერში და მიწაზე ექსპლუატაციის იმიტაციისათვის, ასევე აღჭურვილია კაბინის გარეთა ხედვის მაჩვენებელი ვიზუალური სისტემით და მოძრაობის/ძალის იმიტაციის სისტემით;
ვ) საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობა (FTD) – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მოწყობილობების, ხელსაწყოების, მართვის სახელურების, პანელების სრული ზომის მაკეტი, რომელიც დამონტაჟებულია ღია ან დახურულ კაბინაში, აღჭურვილია ყველა მოწყობილობით და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავის ჰაერში და მიწაზე ექსპლუატაციის იმიტაციას დანადგარზე დამონტაჟებული სისტემის ფარგლებში. მოწყობილობა არ საჭიროებს მოძრაობის/ძალის იმიტაციას ან ვიზუალურ სისტემას, გარდა შვეულმფრენის მე-2 და მე-3 დონის FTD-ის შემთხვევებისა, სადაც ვიზუალური სისტემები აუცილებელია;
ზ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობა (შემდგომში „საწაფი“) – საავიაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ფრენის პირობების/ეტაპების მიბაძვა ხდება ხმელეთზე და რომელიც მოიცავს:
ა) სრულპილოტაჟიან საწაფს (FFS);
ბ) საფრენოსნო საწვრთნელ მოწყობილობას (FTD);
გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარს (FNPT);
დ) სახელსაწყო ფრენის ძირითად საწვრთნელ მოწყობილობას (BITD).
თ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარი (FNPT) – საწვრთნელი მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ხომალდის კაბინის გარემოს და აღჭურვილია ყველა მოწყობილობითა და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ტიპის ან კლასის თვითმფრინავის მართვისთვის ჰაერში თვითმფრინავზე არსებული სისტემების ფარგლებში.
თავი II
სერტიფიცირება და მუდმივი ზედამხედველობა
მუხლი 4🔗.
სერტიფიკატის გაცემა, ცვლილების შეტანა, შეჩერება, შეზღუდვა, გაუქმება
1. ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიკატის (შემდგომში „სერტიფიკატი“) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ახორციელებს საწაფის ექსპლუატაციას კომერციული მიზნით.
2. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საწაფის ექსპლუატაცია კომერციული მიზნით, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი.
3. სერტიფიკატის გაცემას, მასში ცვლილების შეტანას, შეჩერებას, სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვას და სერტიფიკატის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“).
მუხლი 5🔗.
სერტიფიცირების ეტაპები
1. სერტიფიცირება ხორციელდება შემდეგ ეტაპებად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადების და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადების და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) საბაზო ობიექტის შემოწმებას;
ბ.ბ) საწაფის შემოწმებას (სუბიექტური, ობიექტური და ფუნქციონალური);
გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე ურის თქმის შესახებ.
2. საწაფის პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
მუხლი 6🔗.
განცხადება და თანდართული დოკუმენტები
1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
2. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი;
ბ) მართვის სისტემის სახელმძღვანელო;
გ) ტექნიკური მომსახურებისთვის შესაბამის ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულებების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემები, რომელთა მიერ მოხდება საწაფის კვალიფიკაციის და ვარგისობის შენარჩუნება;
ე) საწაფის საექსპლუატაციო მონაცემები;
ვ) საწაფის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო – QTG;
თ) საწაფის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე შედგენილი ტექნიკური მომსახურების სახეობების და ინტერვალების ჩამონათვალი.
მუხლი 7🔗.
განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარი განხილვა
1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარი განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის მოთხოვნებს.
2. სააგენტო 3 (სამი) დღის ვადაში ამოწმებს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ჩამონათვალის სისრულეს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტ(ებ)ის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 8🔗.
განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობივი შემოწმება
1. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება ხორციელდება წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და საწაფს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის დონე საწაფის სუბიექტური, ობიექტური და ფუნქციონალური შემოწმების შემდეგ.
2. სააგენტო საწაფს აფასებს იმ საფრენოსნო პრაქტიკული სავარჯიშოების მიხედვით, რომლებშიც კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ეკიპაჟი გადის სწავლებას და შემოწმებას.
3. სააგენტო ახორციელებს საწაფის ობიექტურ, სუბიექტურ და ფუნქციონალურ შემოწმებას საკვალიფიკაციო შეფასების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, აანალიზებს შემოწმების შედეგებს, რის შემდეგადაც ითანხმებს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოს (QTG) და გასცემს საკვალიფიკაციო ტესტის ძირითად სახელმძღვანელოს (MQTG).
4. იმ შემთხვევაში, თუ საწაფის სერტიფიკატის მაძიებლის ან მფლობელის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, საწაფის სერტიფიკატის მაძიებელი ან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს შემოწმების ჩასატარებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.
5. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას, სააგენტო ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დაგეგმილი სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებას და პერსონალის უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება დადგენილია დოკუმენტალურად;
ბ) განმცხადებელი ორგანიზაცია დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს მათი ფუნქციების სათანადო დონეზე შესრულებას;
გ) სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აკმაყოფილებენ ამ წესის და მართვის სისტემის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;
დ) განმცხადების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, მათ შორის ინსტრუქციები, შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს;
ე) განმცხადებელი უზრუნველყოფს მართვის სისტემის სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესრულებასა და დაცვას.
6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას განცხადებლის მიერ უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოში (QTG) გაწერილი მოთხოვნების შესრულების დემონსტრირება.
7. სააგენტო ამტკიცებს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოს (QTG) საწაფის პირველადი შეფასებისას, ან მას შემდეგ, რაც გამოსწორდება საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოში (QTG) არსებული ყველა შეუსაბამობა. პირველადი შეფასების შედეგების გათვალისწინებით შესწორებული საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო (QTG) წარმოადგენს საკვალიფიკაციო ტესტის ძირითად სახელმძღვანელოს (MQTG), რომლის საფუძველზეც ტარდება საწაფის საკვალიფიკაციო და შემდგომი პერიოდული შეფასებები.
8. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სააგენტო აცნობებს განმცხადებელს ნაკლოვანებების შესახებ და აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ გამოასწორებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
მუხლი 9🔗.
სერტიფიკატის გაცემა
1. განმცხადებლის მიერ, ამ წესით დადგენილი სერტიფიცირების I და II ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის შესახებ.
2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
3. სერტიფიკატის მფლობელისთვის ნებადართული საქმიანობის სფერო და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სერტიფიკატის დანართით.
4. სერტიფიკატი (დანართი 2) გაიცემა სერტიფიკატის დანართთან (დანართი 3) ერთად, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საწაფის მონაცემებისა და კვალიფიკაციის დონის შესახებ.
მუხლი 10🔗.
სერტიკატში და/ან მის დანართში ცლილების შეტანა
1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი და/ან მისი დანართი, საწაფის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, ახალი პირობების შესრულებამდე სააგენტოს წარუდგინოს სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შესატანად საჭირო დოკუმენტაცია.
2. საწაფის საკვალიფიკაციო სერტიფიკატში რაიმე სახის ცვლილების შეტანის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს პირველადი შეფასების პროცედურას.
3. სააგენტო ახორციელებს შეფასებას, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში, ან თუ აღმოჩნდება, რომ საწაფი არ ფუნქციონირებს მისთვის მინიჭებული პირველადი საკვალიფიკაციო დონის შესაბამისად.
4. სააგენტო ახორციელებს სპეციალურ შეფასებას საწაფისათვის უფრო მაღალი საკვალიფიკაციო დონის მისანიჭებლად.
5. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია, თუ:
ა) შეიცვალა საწაფის სერტიფიკატის მფლობელის სახელი ან საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც იწვევს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანას.
6. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. საწაფის სერტიფიკატის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ძველი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოში დაბრუნება.
მუხლი 11🔗.
სერტიფიკატის და სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ სერტიფიკატის მფლობელის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.
2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააგენტო სერტიფიკატის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.
3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შეზღუდვის მიზეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვ(ებ)ის გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.
მუხლი 12🔗.
სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება და აღდგენა
1. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი.
2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სერტიფიკატის მფლობელს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 45 დღისა.
4. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
5. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;
ბ) მოხდა სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) მოითხოვა სერტიფიკატის მფლობელმა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს, სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით სერტიფიკატის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
7. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია სერტიფიკატის გაუქმების ან საქმიანობის შეწყვეტისთანავე სააგენტოს დაუბრუნოს სერტიფიკატი და მისი დანართი.
მუხლი 13🔗.
მუდმივი ზედამხედველობა
1. სააგენტო ახორციელებს ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) მუდმივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სააგენტო ადგენს ზედამხედველობის გეგმას, რომლის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საწაფის სპეციფიკა და სერტიფიცირების ან/და საზედამხედველო საქმიანობის შედეგები.
3. მუდმივი ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს საწაფის სერტიფიკატის მფლობელის შემოწმებებს, რათა დარწმუნდეს, რომ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი, ყოველი 12 თვის განმავლობაში, ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ძირითადი სახელმძღვანელოთი (MQTG) გათვალისწინებული ტესტების სრულ ნაკრებს;
ბ) პერიოდული შეფასების შედეგები შეესაბამება კვალიფიკაციის დონის სტანდარტებს, დათარიღებული და შენახულია;
გ) მოქმედებს კონფიგურაციის კონტროლის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საწაფისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრულობის (ერთ სისტემად ფუნქციონირების) მუდმივი შენარჩუნება.
4. სააგენტოს მიერ ინსპექტირების ჩატარების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით.
თავი III
საწაფის კვალიფიკაცია, მისი შენარჩეუნება და მოდიფიკაცია
მუხლი 14🔗.
საწაფის კვალიფიკაცია და მისი შენარჩუნება
1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საწაფს კვალიფიკაციის დონეს ანიჭებს სააგენტო, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) 2012 წლის 4 ივლისის №2012/010/R და №2012/011/R გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია სასერტიფიკაციო მახასიათებლები თვითმფრინავის და შვეულმფრენის საწაფის საკვალიფიკაციო დონის მისანიჭებლად.
2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საწაფი შემუშავებულია/დამზადებულია იმ კონკრეტული საჰაერო ხომალდის დამპროექტებელის ან მწარმოებელის მიერ, რის იმიტაციასაც ასრულებს საწაფი, ან აღნიშნულ დამპროექტებელს ან მწარმოებელს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საწაფის შემუშავება/დამზადებაში, კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლად, სააგენტოს მიერ, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველადი კვალიფიკაციის მონაცემები.
3. საწაფის კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა ჩაატაროს ყველა ის შემოწმება, რომელიც მითითებულია სახელმძღვანელოში (MQTG), ასევე ფუნქციონალური და სუბიექტური შემოწმებები ეტაპობრივად, 12 თვის განმავლობაში.
მუხლი 15🔗.
საწაფის კვალიფიკაციის ცვლილება
1. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს საწაფის ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების თაობაზე, როგორიცაა:
ა) მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები;
ბ) საწაფის ადგილმდებარეობის შეცვლა (რელოკაცია);
გ) საწაფის დეაქტივაცია.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მნიშვნელოვანი მოდიფიკაციების შესახებ მოცემულია ევროკომისიის 1178/2011 რეგულაციაში (GM1 ORA.FSTD.110) და აისახება სერიფიკატის მფლობელის მართვის სისტემის სახელმძღვამელოში.
2. საწაფის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელმა შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე სააგენტოს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელსაც თან ერთვის:
ა) სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩატარებული ვალიდაციის ყველა ტესტის შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილი კვალიფიკაციის დონისათვის;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი.
3. დაუშვებელია კვალიფიკაციის დონის ამაღლების მიზნით იმ შეფასების შედეგების გამოყენება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სერტიფიკატი.
მუხლი 16🔗.
საწაფის მოდიფიკაციები
1. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს საწაფის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ინტეგრირების სისტემა, მათ შორის:
ა) საჰაერო ხომალდზე განხორციელებული ნებისმიერი მოდიფიკაცია (არა აქვს მნიშვნელობა ვარგისობის დირექტივების მიხედვით იყო შესრულებული თუ არა), რომელიც მნიშვნელოვანია სწავლების, შემოწმებისა და გამოცდისათვის;
ბ) საწაფის მოძრაობისა და ვიზუალური სისტემების ნებისმიერი მოდიფიკაცია, როცა იგი მნიშვნელოვანია სწავლებისა და შემოწმებისათვის;
გ) საწაფი აპარატურისა და პროგრამის მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და სისტემის ოპერირებაზე ან მოძრაობისა და ვიზუალური სისტემების ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია უნდა შეფასდეს თავდაპირველ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებზე მოხდენილი გავლენის განსაზღვრის მიზნით. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა მოამზადოს ყველა იმ სავალიდაციო შემოწმების ცვლილება, რომლებზეც გავლენა იქონია აღნიშნულმა მოდიფიკაციამ და გამოსცადოს საწაფი ახალი კრიტერიუმებით;
დ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს წინასაწარ უნდა აცნობოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე იმის დასადგენად, რომ მის მიერ ჩატარებული შემოწმება დამაკმაყოფილებელია. სააგენტომ უნდა დაადგინოს, საჭიროებს თუ არა საწაფი სპეციალურ შეფასებას მოდიფიკაციის შემდგომ სწავლების პროცესში დაბრუნებამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ საწაფზე დამონტაჟდა ისეთი დამატებითი მოწყობილობა, რომელიც არ არის სავალდებულო მისი კვალიფიკაციისათვის, სააგენტო ვალდებულია შეაფასოს და დაადგინოს, თუ რამდენად ახდენს დამატებითი მოწყობილობა უარყოფით გავლენას სწავლების ხარისხზე.
მუხლი 17🔗.
საწაფის ადგილის შეცვლა (რელოკაცია)
1. საწაფისთვის ადგილის შეცვლის (რელოკაცია) შემდეგ მის ექსპლუატაციაში შეყვანამდე სერტიფიკატის მფლობელმა უნდა ჩაატაროს ვალიდაციის ტესტების არანაკლებ 1/3 და ფუნქციონალური და სუბიექტური ტესტები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საწაფი შეესაბამება მის თავდაპირველ საკვალიფიკაციო სტანდარტს. აღნიშნული ტესტების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს საწაფის ჩანაწერებთან ერთად.
2. ადგილის შეცვლის (რელოკაცია) შემდეგ სააგენტო ახორციელებს საწაფის შეფასებას, რომელიც ემყარება საწაფის პირველადი საკვალიფიკაციო შეფასების მოთხოვნებს.
მუხლი 18🔗.
საწაფის დეაქტივაცია
საწაფის ფუნქციონირების შეჩერების (დეაქტივაცია) შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს საწაფის დეაქტივაციის, შენახვისა და ხელახალი გააქტიურების გეგმა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი გახდეს საწაფის აქტიური სტატუსის შეჩერების მთელი პერიოდის მანძილზე შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების განხორციელება.
თავი IV
მართვის სისტემის სახელმძღვანელო, განმცხადებლის/სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები, ჩანაწერების შენახვა
მუხლი 19🔗.
მართვის სისტემის სახელმძღვანელო
1. მართვის სისტემის სახელმძღვანელოში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვული შემდეგი საკითხები:
ა) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალის პასუხისმგებლობის სფეროები და ორგანიზაციაში ანგარიშვალდებულების საკითხი, პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე პირდაპირი ანგარიშვალდებულების ჩათვლით;
ბ) უსაფრთხოების პოლიტიკა;
გ) საწაფის საქმიანობასთან დაკავშირებული საავიაციო საფრთხის იდენტიფიცირების წესი, მისი შეფასების და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის მეთოდები, რისკის შემცირებისაკენ მიმართული ქმედებების და მათი ეფექტურობის შემოწმების ჩათვლით;
დ) პერსონალის სწავლება და მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ე) მართვის სისტემის ყველა პროცესის და პერსონალის მოვალეობების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და დოკუმენტირება;
ვ) დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა;
ზ) ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობის სისტემა (compliance monitoring system), რომელიც მოიცავს პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშგებას, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ქმედებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაციის მართვის სისტემა უნდა იყოს შედგენილი იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს ორგანიზაციის ზომა, მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროპორციული საფრთხის ფაქტორები და მასთან დაკავშირებული რისკები.
მუხლი 20🔗.
განმცხადებლის/სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები
1. განმცხადებელმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული მომსახურება შეესაბამებოდეს ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და ასევე სერტიფიკატის მფლობელისთვის გაცემული სერტიფიკატის პირობებს. ამასთან, განმცხადებელი/სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების გამწევ ორგანიზაციაში სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის დაუბრკოლებელი შესვლა, შესრულებული სამუშაოების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ჰყავდეს საკმარისი პერსონალი დაგეგმილი ამოცანების და საქმიანობის შესასრულებლად;
გ) საწაფი განთავსებულ იქნეს გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას;
დ) საწაფის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პერსონალი ინფორმირებულ იქნეს საწაფის უსაფრთხოების ტექნოლოგიის და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში უსაფრთხოების აღჭურვილობით სარგებლობისა და მოქმედების პროცედურების თაობაზე.
2. განმცხადებლმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს ინსტრუქტორების თეორიული მომზადების, მათი ცოდნის, გამოცდილების და ინსტრუქტაჟის ჩატარების მეთოდიკის შეფასების შესახებ ჩანაწერები, სადაც ასევე მითითებული უნდა იქნეს თეორიული/პრაქტიკული საკითხების ჩამონათვალი.
3. განმცხადებლმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს ინსტრუქტორების და გამომცდელის კვალიფიკაციის ჩანაწერები, შესაბამისი დაშვებების მითითებით.
4. განმცხადებელს/სერტიფიკატის მფლობელს უნდა გააჩნდეს დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო შენობა და საშუალებები.
5. საწაფის უსაფრთხოების მახასიათებლები, როგორიცაა სიმულაციის ავარიულად გაჩერება და ავარიული განათება, უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და შემოწმების შედეგები ინახებოდეს შესაბამისი ჩანაწერების სახით.
მუხლი 21🔗.
ჩანაწერების შენახვა
1. მართვის სისტემის სახელმძღვანელო ითვალისწინებს დოკუმენტაციის არქივში შენახვის პროცედურას, ჩანაწერების ფორმატის მითითებით.
2. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს და შეინახოს შემდეგი ჩანაწერები მუდმივად:
ა)კვალიფიკაციის ტესტის ძირითადი სახელმძღვანელო;
ბ) პირველადი სერტიფიცირების შედეგად გაცემული სერტიფიკატის ასლი;
გ) პირველადი შემოწმების ანგარიში.
3. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს და შეინახოს შემდეგი ჩანაწერები 5 წლის ვადით:
ა) კვალიფიკაციის ტესტის სახელმძღვანელოთი დადგენილი ტესტების შემდგომი შემოწმებები;
ბ) პერიოდული შემოწმების ანგარიშები;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩატარებული ფუნქციონალური და სუბიექტური ტესტების შემოწმების შედეგები;
დ) ტექნიკური წიგნაკები;
ე) შესაბამისობის სისტემის ანგარიშები;
ვ) შემოწმების ჩატარების განრიგი/პროგრამა;
ზ) მართვის შეფასების ანგარიში;
თ) ყველა პროცედურა, რომლის საფუძველზეც აწარმოებდა საქმიანობას.
4. საწაფის შემოწმების შედეგები უნდა იყოს მარკირებული და მათზე მითითებული უნდა იყოს თარიღი.
5. ჩანაწერები ინახება დაცულ ადგილას.