შპს „გეო-ტეკის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ
2018 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
განმცხადებელი – შპს ,,გეო-ტეკი“
(საიდენტიფიკაციო კოდი 204396563)
დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია“ (ს/ნ 206096419)
დირექტორი – თამარ მუმლაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გეო-ტეკის“ დირექტორმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,გეო-ტეკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს „გეო-ტეკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით დაб
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გეო-ტეკის“ (ს/ნ 204396563) დირექტორის თამარ მუმლაძის განცხადება შპს ,,გეო-ტეკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „გეო-ტეკის“ (ს/ნ 204396563) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. შპს „გეო-ტეკს“ (ს/ნ 204396563) აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „გეო-ტეკის“ (ს/ნ 204396563) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „გეო-ტეკს“ (ს/ნ 204396563), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „გეო-ტეკის“ (ს/ნ 204396563) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 5 ნოემბერს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, დარბაზში №28.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგი:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე არაუგვიანეს 2018 წლის 10 ოქტომბრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოში, განჩინების გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი