„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
130070000.63.075.016081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №111

2018 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესი თანდართული რედაქციით.“;

3. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობის წესს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში მოთავსების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამმართველოს მოსამსახურეებისთვის, იზოლატორში მოთავსებული პირებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის/იმყოფება იზოლატორის ტერიტორიაზე.“;

გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამედიცინო მუშაკი – სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე ან/და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი;“;

დ) მე-3 მუხლის:
დ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსათავსებელი პირის პირად დათვალიერებას და მისი ნივთების შემოწმებას დადგენილი წესით, იზოლატორის ცვლის უფროსის ზედამხედველობით, ახორციელებს ამ მიზნით გამოყოფილი სამმართველოს მოსამსახურე.“;

ე) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვა ან/და სხვა საჭიროებიდან გამომდინარე,  სამმართველოს უფროსი, შესაბამის საგამოძიებო დანაყოფთან შეთანხმებით, უფლებამოსილია იშუამდგომლოს სხვა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დანაყოფთან, მოთავსებული პირის სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ. აღნიშნული  შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცემული და გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.“;

ვ) მე-5 მუხლის:
ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით, იმ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისას მისი ტანსაცმელი თვალიერდება და ისინჯება ამ მიზნით გამოყოფილი სამმართველოს მოსამსახურის მიერ. პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი, სადაც აღიწერება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსათავსებელი პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარმოდგენის ან იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურის გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურას.“;

ზ) მე-6 მუხლის:
ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოთავსებული პირი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. თუ ექიმს წარმოეშვა ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, იგი ვალდებულია, აცნობოს სამმართველოს ხელმძღვანელობას, სამსახურის გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას.“;

ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იზოლატორში, როდესაც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაკავებულის პირველადი შემოწმების შედეგად შევსებული სამედიცინო ბარათი ინახება დაკავებულის პირად საქმეში. დაკავებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ან/და სხეულის ახლად მიღებული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამმართველოს ხელმძღვანელობას, სამსახურის გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას.“;

თ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იზოლატორის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის უფროსი უფლებამოსილია, მოთავსებული პირი საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, გადაიყვანოს ერთი საკნიდან მეორეში.“;

ი) მე-9 მუხლის:
ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„3. იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს (დამკავებელს); “;

ი.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამის საგამოძიებო დანაყოფთან დაკავშირება, ან შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება დაკავებულის გადაყვანა იზოლატორიდან, ანდა სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოთავსებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამის დაწესებულებაში დაკავებულის გადაყვანას უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველო“;

კ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების და საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის ღონისძიებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო  კონტაქტის დამყარება. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში სამმართველოს უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.“;

ლ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი

1. ვიდეომეთვალყურეობის გაცნობა და მონიტორინგი ხორციელდება სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის მიერ საამისოდ დაცულ ოთახში.

2. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათისა, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად.

3. სამმართველო უფლებამოსილია, ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერი დააარქივოს, შეინახოს და გაანადგუროს დადგენილი წესით.

4. დაცულ ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს:

ა) სამსახურის უფროსს;

ბ) სამმართველოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს;

გ) სამმართველოს  უფროსს;

დ)  სამმართველოს  უფროსის მოადგილეებს;

ე) სამმართველოს  მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეებს;

ვ) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე სხვა პირს, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.

5. აკრძალულია მონიტორინგის დანაყოფის დაცულ ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიოგადაღება/ჩაწერა სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. მონიტორინგის დანაყოფის დაცულ ოთახში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით – სხვა პირებს.

7. გადაღებული მასალის გაცნობა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ვიდეომეთვალყურეობის მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.

9. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით გადაღებული მასალის დაარქივება ხორციელდება შემდეგი შემთხვევის/გარემოების აღმოჩენისას:

ა) სამართალდარღვევა, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები;

ბ) მოთავსებული პირის გარდაცვალება;

გ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ფაქტები;

დ) მოთავსებული პირის მხრიდან თვითდაზიანების ან/და სუიციდის მცდელობის შემთხვევები;

ე) სხვა შემთხვევებში სამმართველოს უფროსის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

10. დაარქივებული მასალა ინახება სამმართველოში, მონიტორინგის დანაყოფის საამისოდ დაცულ ოთახში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი, რომელსაც ადგენს სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება.

11. დაარქივებული მასალის, მათ შორის, ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს სამმართველოს უფროსი კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის თანხმობით.

12. დაარქივებული მასალა ინახება იმ სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

13. შენახული დაარქივებული მასალა კომისიის მიერ უნდა განადგურდეს ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას.

14. განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება განადგურებული მასალის მოცულობა, განადგურების დრო, ადგილი, ფორმა და სხვა მონაცემები.”;

მ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება შესაბამისი წესით, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურის შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, სამსახურის გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურას.“;

ნ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება დასაშვებია მოთავსებული პირის დაწყნარებამდე, მაგრამ არაუმეტეს უწყვეტად 2 საათისა.  ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს მოთავსებული პირის მიერ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს შერჩეული ღონისძიების გამოყენების ადგილს, საფუძველსა და ხანგრძლივობას. ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ ეცნობება სამმართველოს ხელმძღვანელობას, სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფს და საქართველოს პროკურატურას.“;

ო) მე-16 მუხლის:
ო.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში, საჭიროების შემთხვევაში გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიღებულ იქნეს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.  როდესაც სამმართველოში:

ა) ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს სამმართველოს  სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე;

ბ) არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.“;

ო.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იზოლატორში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ღონისძიებები მტკიცდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“;

პ) მე-18 მუხლის:
პ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იზოლატორის მოსამსახურემ მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელ პირს შემოწმებამდე უნდა გააცნოს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის (შინაგანაწესის დანართი N2).“;

პ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს იზოლატორის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის უფროსი, სამმართველოს ხელმძღვანელის თანხმობით.“;

ჟ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, იზოლატორის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით, იზოლატორში დაიშვებიან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები.“;

რ) 22-ე მუხლის:
რ.ა) პირველი პუნქტის:
რ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის დადგენილების საფუძველზე;“;

რ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ გავიდა იზოლატორში მოთავსების ვადა, რომელიც აითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითб ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

რ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოთავსებული პირის გათავისუფლებას უზრუნველყოფს იზოლატორის უფროსი, რომელიც გათავისუფლების წინ ამოწმებს გათავისუფლებული პირის ვინაობას და შესაბამის დოკუმენტაციას.“;

რ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სამმართველოს უფროსის დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, თუ დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მას არ გადაეცა დადგენილება ბრალდების შესახებ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.“;

ს) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ს.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) წარმომადგენლებთან და კანონით გათვალისწინებული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით;“;

ს.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეინახოს და გამოიყენოს შინაგანაწესის №1 დანართით გათვალისწინებული ნივთები;“;

ტ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში შესაძლებელია მოთავსდეს პირთა განსხვავებული ოდენობა, არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ადგილების რაოდენობის 30 პროცენტისა.“;

უ) დანართი №1-ის 1-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული (კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა) – ერთობლიობაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 კილოგრამისა; ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), ქარხნული წესით დამუშავებული საწებელი (შუშის ქილის გარეშე), ქარხნული წესით დამუშავებული თაფლი (შუშის ქილის გარეშე) – თითოეული არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა.

2. ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის და შუშის ქილის გარეშე- ერთჯერადად არაუმეტეს 3 ლიტრისა.

3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი(„ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) – არაუმეტეს 1 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა)- არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტერი (თავსაფრის გარეშე) – არაუმეტეს 1 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) – არაუმეტეს 1 ცალისა, პერანგი – არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური თბილძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) – არაუმეტეს 1 ცალისა, სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრის, ზონარისა და სარჩულის გარეშე) – არაუმეტეს 1 კომპლექტისა.

4. საცვალი არაუმეტეს 1 ცალისა და წინდა არაუმეტეს 1 წყვილისა.

5. ღია ფერის, ზომით არაუმეტეს 30/40, პირსახოცი – არაუმეტეს 1 ცალისა და ცხვირსახოცი – არაუმეტეს 2 ცალისა.

6. კბილის ჯაგრისი, პასტა, ბამბა და არამეტალის სავარცხელი – არაუმეტეს 1 ცალისა.

7. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი)  – არაუმეტეს 1 ცალისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური