შპს „თემოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
წარმომადგენლები: სალომე გულოშვილი, ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
კრედიტორი: შპს „მირა“, ს/ნ 202218698
წარმომადგენელი: თინათინ ჭუმბაძე
მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
მოვალე: შპს „თემო“, ს/ნ 430030236
წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე
დღის წესრიგი: მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა
სასამართლომ განიხილა შპს „თემოს“ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თემოს“ წარმომადგენელმა და შპს „თემოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კვლავ განცხადებით მომართა შპს „თემოს“ წარმომადგენელმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნაცვლად, შპს "თემოს" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, შპს „თემოს“ უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „თემოს“ არ გააჩნია ქონება, არც ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე, საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „თემოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 14 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს „თემოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა 5 დღის ვადაში 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა.
2018 წლის 27 მარტს, შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა ადრესატს 2018 წლის 2 აპრილს (ს.ფ. 31).
2018 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამატებით 14 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 31 მაისს (ს.ფ. 42).
2018 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 კალენდარული დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 21 ივნისს (ს.ფ. 63).
2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა 5000 ლარის სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 64-65).
2018 წლის 30 ივნისს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „თემოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2018 წლის 14 აგვისტოს, კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი. კრედიტორთა კრებაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაზუსტებული მოთხოვნის წარმოდგენის მიზნით პროცესის გადადების თაობაზე. ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის და მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება მხარეთა თანხმობით გადაიდო 2018 წლის 28 სექტემბერს, 15 საათზე.
2018 წლის 28 სექტემბერს, კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი – ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება – და აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 199 042.32 ლარის ნაწილში, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა. შპს „თემოს“ კრედიტორად აღიარებულ იქნა ასევე შპს „მირა“ მოვალე საწარმოს მიმართ არსებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით 8165.42 ლარის ნაწილში, მე-6 რიგის მოთხოვნით. მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 22 ოქტომბერს, 17 საათზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „თემოს“ კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით:
მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 22 ოქტომბერს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-9 სხდომათა დარბაზში, მისამართზე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6.
3. დაევალოს შპს „თემოს“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე