„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№230/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №230/04

2018 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 16/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016285) დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის დაწყებიდან ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანის მიზნით, მათ შორის, მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიანი ვადის განმავლობაში, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების გადატანა განახორციელოს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომ.“.

2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მოთხოვნათა წარდგენის 1-თვიანი ვადაში ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციაში მყოფ ბანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში, ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.“;

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) უნდა განხორციელდეს გარდაქმნა ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტების შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბანკის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით დადგენილი პროცედურით გარდაქმნისას, რა შემთხვევაშიც ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამონაკლის შემთხვევებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის 91 პუნქტით დადგენილი წესით.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.“.

4. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე