შპს „სიმ სიმის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/29101-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 29101-18 წ.

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

  გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

  2018 წლის  19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

მოვალე – შპს „სიმ-სიმ“

(საიდენტიფიკაციო კოდი 434166314).

წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე.

 მოთხოვნა – შპს „სიმ-სიმ“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 განიხილა შპს „სიმ სიმ“-ის წარმომადგენლის გიორგი ზედგინიძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გამოარკვია:

2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სიმ-სიმ’’-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „სიმ-სიმ“ დაფუძნდა 2015 წლის 19 ნოემბერს, მის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა მონობარათებით. საზოგადოებას 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე ერიცხება დავალიანება 34 699,54 ლარი. აღნიშნულ დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თავის მხრივ ერიცხება დავალიანება 0,05 პროცენტი. შესაბამისად კომპანიის მდგომარეობა უარესდება და სახეზეა მისი გადახდისუუნარობა. კომპანიას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ში და ნაშთი ნულის ტოლია. შპს ,,სიმ სიმ“-ის რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და შესაბამისად კომპანია არ ფლობს მატერიალურ აქტივებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ,,სიმ სიმ“-ის მიმართ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად გაკოტრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,სიმ სიმ“-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განმარტოს, უზრუნველყოფს თუ არა კომპანია გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2018 წლის 18 ოქტომბერს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,სიმ სიმ“-ის წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ სასამართლოს და მიუთითა, რომ კომპანია გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 ოქტომბრის ცნობით ირკვევა, რომ შპს „სიმ სიმს“ მოქმედი საბანკო ანგარიში აქვს სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“. ამასთან საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები ანგარიშიდან რომლითაც დგინდება, რომ შპს „სიმ სიმს“ ანგარიშზე სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ აქვს 0 (ნული) ლარი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 ოქტომბრის №413884 ცნობის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „სიმ სიმს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №417483 ცნობის თანახმად შპს ,,სიმ სიმ’’-ი არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №49/6/1/1/2-01659581 ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,სიმ სიმ’’-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობის შესაბამისად 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „სიმ სიმს“ საგადასახადო ვალდებულება შეადგენს: ძირითადი გადასახადი 27237,31 ლარი, საურავი – 7012,23 ლარი, ჯარიმა 50 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 400 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და  დაადგინა

1. შპს „სიმ სიმს“ (ს/ნ 434166314) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე გენადი მაკარიძე.