შპს ,,ჯეომეტ ლიმიტედს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330210318002654430
№2/28382-18
თბილისის საქალაქო სასამართლოს
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2018 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე – ლევან მიქაბერიძე
წარმომადგენელი (დირექტორი) – ირაკლი გაწერელია
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ დირექტორმა ირაკლი გაწერელიამ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯეომეტ ლიმიტედს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი (ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის დოკუმენტური დადასტურება) მტკიცებულებების წარმოდგენა.
2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, რაც მან შეავსო 23 ოქტომბერს (განცხადება საფოსტო განყოფილებას ჩაბარებული აქვს 22.10.2018წ.).
განცხადების მიხედვით, შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“ რეგისტრირებულია ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 28 აპრილს, რეგისტრაციის N454/002, საიდენტიფიკაციო №215133898. საზოგადოება ვერ აკმაყოფილებს კრედიტორთა ვადამოსულ მოთხოვნებს. კომპანიის სახელზე რიცხული დავალიანება მნიშვნელოვნად აღემატება საზოგადოების აქტივებს და საზოგადოებას შეწყვეტილი აქვს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. საზოგადოებას არ გააჩნია ქონება (გარდა ავტომანქანისა), რის გამოც გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. საბანკო ანგარიშებზე კომპანიას არ ერიცხება თანხები (კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიშები სს „საქართველოს ბანკში“, სს „პროკრედიტ ბანკში“, სს „ვითიბი ბანკინ ჯორჯიაში“, სს „თიბისი ბანკში“).
საზოგადოების კრედიტორები არიან შპს „ჯორჯია სთილ მილს ლიმითედი“, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 192 294.49 ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ კომპანიის დავალიანება შეადგენს 4 852 523,33 ლარს (საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა – 2 001 514,36 ლარი, ჯარიმა 766 478 და საურავი 2 084 530,97 ლარი). დავალიანების ნაწილი დაფარულია კომპანიის სახელზე რიცხული ქონებით (ელ. სასწორი, 2 მსუბუქი ავტომანქანა). ფორმალურად საზოგადოების ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით.
2018 წლის 11 ოქტომბრის ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელსაც თან ერთოდა გარკვეული დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის წერილის მიხედვით, შპს „ჯეომეტ ლიმიტედი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ასევე წარმოდგენილ იქნა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა და შემოსავლების სამსახურის ცნობა საბანკო ანგარიშების თაობაზე. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „ჯეომეტ ლიმიტედის“ სახელზე რეგისტრირებულია 1993 წლის სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირიცხება საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა.
2018 წლის 23 ოქტომბერს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებასთან დაკავშირებით შპს ,,ექსპერტ ჯგუფის’’ მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების: MERCEDES-BENZ 250D (სახელმწიფო ნომრით BMS 668) საბაზრო ღირებულება შეადგენს 1300 აშშ დოლარს (3 491,15 ლარს). ავტომობილი არის ცუდ მდგომარეობაში, აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, ამოღებულია ძრავი.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ჯეომეტ ლიმიტედს“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამდენად, უდავოა, რომ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის დოკუმენტური ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ცხადია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის (კრედიტორთა) მოთხოვნა (მოთხოვნები), ვერ დაიფარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ვინაიდან შპს „ჯეომეტ ლიმიტედს“ არ გააჩნია საკმარისი ქონება (ქონება ვერ ფარავს საპროცესო ხარჯს), მას უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს „ჯეომეტ ლიმიტედს“ (ს/ნ 215 133 898) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა (შეიტანეს) სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე