საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №503
სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.020819
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 17.12.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №503
2018 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი.
2. დამტკიცდეს საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულება და ინფორმაციის მართვის წესი.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №348 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულება და ინფორმაციის მართვის წესი
თავი I
საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) დებულება და ინფორმაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის წესს, ამოცანებს, ფუნქციებს, შემადგენლობას, ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავების, უსაფრთხოების დაცვისა და ინფორმაციის მართვის წესს.
2. ცენტრი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციით (1982), ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1974, შესწორებული), ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1979), საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1988), გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (2004), მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1978), ნავთობით გაჭუჭყიანებისაგან მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1969, შესწორებული), ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (MARPOL) (1973, შესწორებული), მოძრავი სატელიტური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციით (1976), „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ზოგადი პრინციპები
დადგენილება ემყარება საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ღია და დახურული ინფორმაციის ერთობლიობის, დისკრეციული უფლებამოსილების, ოპერატიულობის, საქმიანობის უწყვეტობის, პროპორციულობისა და კანონიერების პრინციპებს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ცენტრის დებულებასა და წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ერთობლივი საზღვაო ოპერაციები – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ნავსადგურებსა და ტერმინალებში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა, ზღვის გარემოს დაცვა, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლა და სხვა;
ბ) საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული არასასურველი საზღვაო მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გემზე, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, გემის კორპუსის გაბზარვა, გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება), გარემოს დაბინძურება, საზღვაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, გემის მართვის დაკარგვა, გემზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება, გემის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა და სხვა;
გ) საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა – საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებულობა, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე ან ბუნებრივ გარემოზე;
დ) ერთიანი ოპერაციული სურათი – ზღვაზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირებული გამოსახულება;
ე) მონაწილე უწყებები – ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებები;
ვ) ინფორმაცია – მონაცემი, მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ნებისმიერი ცნობა, განცხადება, ანგარიში, ფოტომასალა, რუკა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ნებისმიერი მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით გავრცელებული მასალა, რომელიც გადმოიცემა სიტყვიერად, წერილობით ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალი, ტექნიკური საშუალებები), საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ნებისმიერი სახის ღია ან დახურული ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ზ) ღია ინფორმაცია – საჯარო ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, საგადასახადო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
თ) დახურული ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, საგადასახადო ან კომერციულ საიდუმლოებას;
ი) კრიზისული სიტუაცია – ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენული) საფრთხე, ასევე შემთხვევა, რომელიც იწვევს ადამიანის გარდაცვალებას, მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს საზღვაო სივრცეში, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ასევე ხელყოფს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამართლებრივ რეჟიმს;
კ) ინფორმაციის მართვა – ინფორმაციის მიღება, მოძიება, დამუშავება, გაცვლა, შენახვა და დაარქივება;
ლ) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, გარდა ცენტრის, მონაწილე უწყებებისა და მათი წარმომადგენლების/ექსპერტებისა;
მ) საქართველოს საზღვაო სივრცე – შავ ზღვაში საქართველოს შიდა საზღვაო წყლები, ტერიტორიული ზღვა (წყლები), მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი;
ნ) ანალიტიკური პროდუქტი – ცენტრის მიერ მიღებული ან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეული პერიოდულობით შემუშავებული საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტი (კრებსითი ინფორმაცია, საინფორმაციო ცნობა, ანალიტიკური ბარათი, ანგარიში და ა.შ.);
ო) უკუგება – მონაწილე უწყებების შეფასება ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თაობაზე ან/და მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტზე დაყრდნობით;
პ) ინფორმაციის რეგულარული შეგროვება – ცენტრისა და მონაწილე უწყებების მიერ ინფორმაციის სისტემატური შეგროვება მათი სტანდარტული სამუშაო რეჟიმის მიხედვით;
ჟ) ინფორმაციის მიზნობრივი შეგროვება – ინფორმაციის შეგროვება კონკრეტული ფაქტის, ოპერაციის საინფორმაციო მხარდაჭერის ან/და სტრატეგიული დონის ანალიტიკური დოკუმენტის შემუშავების მიზნით;
რ) ტერმინალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბაჟო ტერმინალი და საბაჟო საწყობი;
ს) MMSI – საზღვაო მობილური მომსახურების იდენტიფიკატორი;
ტ) IMO – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია.
მუხლი 4🔗. ცენტრის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. ცენტრი არის უწყებათაშორისი მექანიზმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) ბაზაზე ჩამოყალიბებული მართვის, კონტროლის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კომუნიკაციების, ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიების, მონაცემთა ელექტრონული ბაზების ერთობლიობა.
2. მშვიდობიან პერიოდში, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ცენტრის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო საოპერაციო დონეზე მის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. საომარი მდგომარეობის დროს ცენტრი გადადის საქართველოს სამხედრო ძალების ოპერატიულ დაქვემდებარებაში.
4. ცენტრი ანგარიშვალდებულია საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს (შემდგომში – უწყებათშორისი საბჭო) წინაშე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს სამხედრო ძალების წინაშე.
მუხლი 5🔗. ცენტრის ამოცანები
ცენტრის ამოცანებია:
ა) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ამოცანების შესრულებისა და გადაწყვეტილების მიღების დუბლირებას, მშვიდობიან დროსა და კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოფს მონაწილე უწყებების შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას;
ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში რეალურ დროში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სურათის შექმნა;
გ) მონაწილე უწყებათა მიერ განხორციელებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ხელშეწყობა;
დ) ზღვაზე განსაცდელში მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, საქართველოს საზღვაო სივრცეში გარემოს დაცვისა და ხომალდების, ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში დროული გამოვლენის/ იდენტიფიკაციის, შეტყობინების, შეფასების, ანალიზისა და რეაგირების უწყებათშორისი მექანიზმის ჩამოყალიბება.
მუხლი 6🔗. ცენტრის ფუნქციები
1. ცენტრის ფუნქციებია:
ა) 24-საათიანი უწყვეტი ოპერაციული მზადყოფნისა და რეაგირების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ცენტრის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაცია და მართვა;
გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია, გამოვლენა, იდენტიფიკაცია და შეფასება;
დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით ერთობლივი რეაგირების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ე) ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა;
ვ) სასაზღვრო გამტარი პუნქტების (საბაჟო კონტროლის) გვერდის ავლით პირების, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებისა და სქემების გამოვლენა;
ზ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში არსებული ვითარებისა და მისი შესაძლო განვითარების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი;
თ) მონაწილე უწყებათა რესურსების თავსებადობის/ოპტიმალურად გამოყენების, ასევე საკომუნიკაციო და სხვა საშუალებათა, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საქართველოს მთავრობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში მნიშვნელოვანი საფრთხის, ანომალიის ან ნებისმიერი სხვა საყურადღებო პრობლემის ან/და საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მომზადება და უწყებათშორისი საბჭოსთვის მიწოდება;
კ) ცენტრში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობა;
ლ) საფრთხეების გამოვლენის, შეტყობინების პროცესის წარმართვის, საქმიანობის კოორდინაციისა და რეაგირების საკითხებზე მონაწილე უწყებებთან ერთად ერთობლივი სწავლებების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ და სწავლების შედეგების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს ინფორმირებულობა;
მ) საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით თავდაცვითი საზღვაო სწავლებების, წვრთნებისა და ვარჯიშების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური შტაბის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
ო) ცენტრის საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშის შედგენა და უწყებათშორისი საბჭოსთვის წარდგენა;
პ) შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ჟ) არსებული ინფორმაციის დამუშავება, რომელიც დაკავშირებულია ან შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ერთობლივ საზღვაო ოპერაციებთან, საზღვაო ინციდენტთან ან პოტენციურ საფრთხეებთან;
რ) ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ს) საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ტ) საქართველოს საზღვაო სივრცეში რეალურ დროში ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა და არსებული ვითარების მონიტორინგი;
უ) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება;
ფ) პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდების დაგეგმვა და განხორციელება, მონაწილე უწყებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით საქმიანობის ყოველდღიური მოკლე ანგარიშის მიწოდება;
ქ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გამოვლენილ საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ერთობლივი ოპერაციების კოორდინირება;
ღ) უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის საქართველოს ნავსადგურებსა და შიდა წყლებში შემოსვლის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით მოსაზრების წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის;
ყ) სპეციალური დანიშნულების და ატომური გემების საქართველოს ნავსადგურებსა და შიდა წყლებში შემოსვლის შესახებ მონაწილე უწყებების შეთანხმებული მოსაზრების წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის;
შ) საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია და შეფასება.
2. მონაწილე უწყებები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პოზიციას წარადგენენ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა.
მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები
1. ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობენ შემდეგი უწყებები:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;
თ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
ლ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაცია“;
მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური.
2. ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, მონაწილე უწყებები განსაზღვრავენ მუდმივ წარმომადგენლებს/ექსპერტებს, რომლებიც რჩებიან შესაბამისი მონაწილე უწყების მოსამსახურეებად და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ კონკრეტული საზღვაო ინციდენტის ან/და ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვაში.
მუხლი 8🔗. ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერა
1. ოპერაციულ დონეზე ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული).
2. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული:
ა) ხელს უწყობს ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;
ბ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-სამართლებრივ დახმარებას;
გ) ახორციელებს ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფას, ახდენს მიღებულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის ცალკეულ დავალებებს;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები იმავდროულად არიან ცენტრის მოსამსახურეები.
4. მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ცენტრის უფროსი. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
5. ცენტრის უფროსი/მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კორდინაციას უწევს მონაწილე უწყებების წარმომადგენელს/ექსპერტს ცენტრში საქმიანობისას;
გ) კოორდინაციას უწევს ინფორმაციის მართვას;
დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის ერთიანი სურათის შექმნას;
ე) კონტროლს უწევს საქართველოს საზღვაო სივრცეში საფრთხეების შეფასებას, ანალიზსა და რისკების განსაზღვრას;
ვ) კონტროლს უწევს შავი ზღვის ქვეყნებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლას;
ზ) კონტროლს უწევს დახურული ინფორმაციის მართვას;
თ) შეიმუშავებს გადამზადების პროგრამას ცენტრის მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეეებისა და მონაწილე უწყებების წარმომადგენლებისთვის/ექსპერტებისთვის, ასევე ზედამხედველობს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას;
ი) 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს უწყებათშორის საბჭოს;
კ) მონაწილე უწყებების წარმომადგენელთან/ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს უწყებათშორის საბჭოს;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;
მ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს მონაწილე უწყებათა წარმომადგენელი/ექსპერტი, ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
ნ) მიმართავს მონაწილე უწყებას შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, თუ ცენტრის საქმიანობისას მონაწილე უწყებათა წარმომადგენელი/ექსპერტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და არ ემორჩილება ცენტრის უფროსს;
ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ცენტრის უფროსის მოადგილე. ცენტრის უფროსის მოადგილე/მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ინიშნება 2 წლის ვადით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ცენტრის უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗. უწყებათშორისი საბჭო
1. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება უწყებათშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი;
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე;
კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი;
ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი;
ნ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაციის“ დირექტორი;
ო) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი.
2. უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მის საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობდნენ ხელისუფლების სხვა ორგანოთა წარმომადგენლებიც.
3. უწყებათშორისი საბჭო არის ცენტრის მონაწილე უწყებების მხრიდან მხარდაჭერის არსებითი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ცენტრის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობასა და საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტერესების დაცვას.
4. უწყებათშორისი საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე;
ბ) ადგენს უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული უწყებათშორისი ოპერაციების წარმართვასთან დაკავშირებით;
დ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მონაწილე უწყებების მიერ ცენტრისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და რესურსების დროებითი გადაცემის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის საქმიანობის სრულყოფისა და საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კონკრეტულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ქმნის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფებს.
5. უწყებათშორის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ეცნობება წერილობით როგორც უწყებათშორისი საბჭოს წევრის ვინაობა, ასევე მისი ცვლილება.
7. უწყებათშორისი საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები. უწყებათშორისი საბჭოს თავჯდომარე განსაზღვრავს მისი არყოფნის შემთხვევაში უწყებათშორისი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს.
8. უწყებათშორისი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასაზღვრო პოლიცია.
9. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომა იმართება ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.
10. უწყებათშორისი საბჭოს სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. სხდომა შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
მუხლი 10🔗. ცენტრის საქმიანობა
1. ცენტრი ფუნქციონირებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.
2. მშვიდობიან პერიოდში ცენტრი დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს მორიგეობას, რომელშიც ჩართულნი არიან სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სხვა მონაწილე უწყებების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი წარმომადგენლების/ექსპერტების ჩართვა სამორიგეო საქმიანობის შესრულებაში.
3. ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელ პირს ნიშნავს შესაბამისი მონაწილე უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ცენტრის უფროსთან შეთანხმებით.
4. ცენტრში მორიგეობის განმახორციელებელი პირის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, გემებისა და მათი ტვირთების, ეკიპაჟების, მგზავრების შესახებ მონაცემთა ინტეგრირებული ელექტრონული ბაზების წარმოება, ერთიანი ოპერაციული სურათის უზრუნველყოფა, საეჭვო აქტივობის იდენტიფიცირება და ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ბ) საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში არსებული ვითარების შესწავლა, ტენდენციებისა და ანომალიების გამოვლენა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
გ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემომავალ და გამსვლელ გემებთან დაკავშირებული ყოველგვარი დოკუმენტაციის შესწავლა სიზუსტისა და სისრულის თვალსაზრისით.
5. ცენტრში მონაწილე უწყებების მიერ განსაზღვრული წარმომადგენლები/ექსპერტები:
ა) მონაწილეობას იღებენ ცენტრის საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე:
ბ.ა) კრიზისული სიტუაციების დროს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
ბ.ბ) საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს სამხედრო ძალების მიერ განსაზღვრული სამუშაო რეჟიმის შესაბამისად.
6. მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი:
ა) უფლებამოსილია, შეასრულოს ცენტრის უფროსის დავალებები, რომლებიც გამომდინარეობს ცენტრის საქმიანობიდან;
ბ) ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ან/და ერთობლივი საზღვაო ოპერაციის ჩატარებისას ვალდებულია, ფლობდეს ზუსტ მონაცემებს თავის უწყებაში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით და ჰქონდეს კომუნიკაცია უწყების ხელმძღვანელებთან. კონკრეტულ საზღვაო ინციდენტთან ან ერთობლივ საზღვაო ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი ვალდებულია, ცენტრის უფროსს აცნობოს თავისი უწყების პოზიცია;
გ) ხელს უწყობს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, წინამდებარე წესის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოფს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილე უწყების პოზიციის წარდგენას ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა;
დ) უზრუნველყოფს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების კოორდინაციისა და ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის მხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში და კონკრეტულ საზღვაო ინციდენტზე რეაგირების დროს;
ე) მონაწილეობას იღებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიზნით ერთობლივი სწავლებების ორგანიზებაში;
ვ) აწარმოებს საზღვაო ინციდენტზე რეაგირების პროცედურულ ნუსხას, კონკრეტული რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ცენტრის ხელმძღვანელ პირებს უწევს პროფილურ-ექსპერტულ დახმარებას;
ზ) მონაწილეობს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და შესრულების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ერთობლივ სწავლებათა და ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
7. ცენტრი უფლებამოსილია, კომუნიკაცია ჰქონდეს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზღვაო სუბიექტებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
8. თუ მონაწილე უწყებათა წარმომადგენლებს/ექსპერტებს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ ცენტრში გამოცხადება/მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოთხოვნით, მონაწილე უწყებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ჩაანაცვლონ ისინი სხვა წარმომადგენლებით/ექსპერტებით.
მუხლი 11🔗. ინფრასტრუქტურა და რესურსები
1. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს ცენტრს კომპიუტერული ტექნიკითა და კომუნიკაციის საშუალებებით, იდენტიფიკაციისა და ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების სისტემებით.
2. მონაწილე უწყებები, საზღვაო ვითარების შესახებ გაცნობიერებულობის ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, ცენტრს უზრუნველყოფენ საქმიანობისათვის აუცილებელი სისტემებითა და მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
3. ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ელექტრონული კომუნიკაციის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელისა და საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. №2 დანართი მონაწილე უწყებების მიერ შევსების შემდგომ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი II
ინფორმაციის მართვის წესი
მუხლი 12🔗. ინფორმაციის მართვის ზოგადი წესები
1. ცენტრის მიერ მონაწილე უწყებებიდან ან/და სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, მოძიება, დამუშავება, გავრცელება, შენახვა და დაარქივება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, დაამუშაოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც აუცილებელია საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საფრთხეების პრევენციისთვის, გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფისთვის.
3. ცენტრმა ინფორმაცია უნდა შეინახოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდგომ ხორციელდება მონაცემთა წაშლა (ავტომატურად) ან შემდგომი შენახვის უზრუნველყოფა პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
4. დახურული ინფორმაციის მიღების, გაცვლის, დამუშავებისა და შენახვის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით.
5. ცენტრისთვის ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უწყებათშორის საბჭოს შემდგომი რეაგირებისთვის.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრი იყენებს უწყებათშორისი კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის: პირდაპირ ხმოვან და ვიზუალურ ტელეხიდებს, ელექტრონულ ფოსტასა და პირისპირ შეხვედრებს.
მუხლი 13🔗. ინფორმაციის სახეები და კატეგორიები
1. ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ხორციელდება ღია და დახურული ინფორმაციის გაცვლა.
2. შინაარსის, აქტუალობისა და სიზუსტის მიხედვით ინფორმაცია იყოფა სამ კატეგორიად:
ა) პირველადი ინფორმაცია – მონაცემები ფაქტის (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაფიქსირების, გამოვლენის, აღკვეთის, ასევე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ უნდა გაიცვალოს ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის (დანართი №3);
ბ) შუალედური ინფორმაცია – დამატებითი დაზუსტებული მონაცემები ფაქტთან (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაკავშირებით, რომლის გაცვლა ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის, ფაქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს პერიოდულად, მონაცემების დაზუსტებისთანავე (დანართი №3);
გ) საბოლოო ინფორმაცია – სრულყოფილი, დაზუსტებული და გადამოწმებული მონაცემები ფაქტთან (ინციდენტი, დანაშაული, სამართალდარღვევა, უბედური შემთხვევა და სხვა) დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიცვალოს ცენტრსა და მონაწილე უწყებებს შორის ფაქტის დასრულებისთანავე (დანართი №3).
მუხლი 14🔗. ინფორმაციის გაცვლა
1. მონაწილე უწყებები, უფლებამოსილების ფარგლებში, №1 დანართით განსაზღვრულ ყოველდღიურად გასაცვლელ ინფორმაციას აწვდიან ცენტრს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა. ცენტრის მიერ მონაწილე უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება №1 დანართის შესაბამისად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა.
2. ცენტრსა და მონაწილე უწყებას შორის ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი, მონაწილე უწყების წარმომადგენლის/ექსპერტის არყოფნის შემთხვევაში − მონაწილე უწყების უფლებამოსილი პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, ცენტრის უფროსი ან უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მონაწილე უწყებიდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. მონაწილე უწყება ცენტრს ინფორმაციას აწვდის დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო კრიზისულ სიტუაციაში – დაუყოვნებლივ.
4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული დანართ №1-ში, მნიშვნელოვანია ცენტრის ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, იგი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო კრიზისულ სიტუაციაში – დაუყოვნებლივ, მიაწოდოს ცენტრს.
5. მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი უფლებამოსილია, დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ცენტრისგან გამოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც მისი უწყების საქმიანობის სფეროსა და უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. ცენტრის უფროსი უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს მონაწილე უწყების წარმომადგენელს/ექსპერტს.
6. საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცენტრი უფლებამოსილია, გაცვალოს შესაბამისი სახის ინფორმაცია პარტნიორი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
7. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას მესამე პირზე გასცემს ინფორმაციის წარმდგენი მონაწილე უწყების თანხმობით. ინფორმაციის გაცემის თაობაზე მონაწილე უწყების პოზიციას მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი ან უფლებამოსილი პირი ცენტრს აცნობებს არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 72 საათისა. კრიზისულ სიტუაციაში მონაწილე უწყების წარმომადგენელი/ექსპერტი ან უფლებამოსილი პირი ცენტრს პოზიციას აცნობებს დაუყოვნებლივ.
8. ცენტრის მიერ დამუშავებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
მუხლი 15🔗. ინფორმაციის გაცვლა კრიზისული სიტუაციის დროს
1. კრიზისული სიტუაციისას ინფორმაციის/მონაცემების გაცვლა ხორციელდება დაუყოვნებლივ.
2. სიტუაციისთვის კრიზისული სიტუაციის სტატუსის მინიჭების საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წყვეტს ცენტრის უფროსი მონაწილე უწყების შესაბამისი წარმომადგენლის/ექსპერტის ინფორმაციის შინაარსის, მოცულობისა და საფრთხეების გათვალისწინებით.
მუხლი 16🔗.
ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
1. ცენტრი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონაწილე უწყებებიდან მიღებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას.
2. ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საზღვაო მონიტორინგის სისტემები;
ბ) ზღვაზე დაკვირვების სენსორები და სხვა ტექნოლოგიური საშუალებები;
გ) ადგილობრივი, რეგიონალური და სხვა საკოორდინაციო ცენტრები;
დ) სხვა სახელმწიფო უწყებები;
ე) პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები;
ვ) სხვა ნებისმიერი წყარო.
3. ცენტრის მიერ ინფორმაციის შეგროვება ხდება რეგულარულად და მიზნობრივად.
4. ცენტრის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების ეტაპზე ხდება ინფორმაციის დახარისხება და შეფასება, რაც გულისხმობს არსებული ინფორმაციის გადამოწმებას, შედარებასა და შეუსაბამო ინფორმაციის გამორიცხვას.
5. თუ ინფორმაცია არასაკმარისი, გაურკვეველი ან დაუზუსტებელია, ცენტრი ანალიზის წარმოების პროცესში უფლებამოსილია, მონაწილე უწყებიდან კონკრეტული ფაქტის შესახებ გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
6. ცენტრის მიერ ანალიტიკური პროდუქტის შემუშავების მიზნით ხორციელდება დახარისხებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი.
მუხლი 17🔗. ანალიტიკური პროდუქტი
1. საქართველოს საზღვაო სივრცის უწყვეტი მონიტორინგის შედეგად, ცენტრი ყოველდღიურად ამზადებს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების ერთიან ოპერაციულ სურათს, ყოველდღიური ანგარიშის სახით.
2. გარდა ყოველდღიური ერთიანი ოპერაციული სურათისა, ცენტრი მონაცემების დამუშავების შედეგად, საჭიროებისამებრ, შეიმუშავებს ასევე სხვა ანალიტიკურ პროდუქტს.
მუხლი 18🔗.
ინფორმაციის გავრცელება და ანგარიშგება
1. ცენტრი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტს მიზნობრივად ავრცელებს მონაწილე უწყებებსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტს მიზნობრივად ავრცელებს სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
3. ცენტრის მიერ მომზადებული ანალიტიკური პროდუქტის მიღების შემდეგ მონაწილე უწყება უფლებამოსილია, განახორციელოს უკუგება ანალიტიკური პროდუქტის მიღებიდან გონივრულ ვადაში.
4. ცენტრი მიღებული/დამუშავებული და მომზადებული ანალიტიკური პროდუქტის საფუძველზე, უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ოპერატიულ მზადყოფნას, საზღვაო ოპერაციების კოორდინაციას, მართვასა და პრევენციას.
მუხლი 19🔗. ინფორმაციის ასახვა/შენახვა ელექტრონულ და მატერიალურ მონაცემთა ბაზებში
1. ცენტრში შესული და დამუშავებული ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აისახება და ინახება შესაბამის ელექტრონულ ან/და მატერიალურ მონაცემთა ბაზებში.
2. ინფორმაციის შენახვა ხორციელდება ორსაფეხურიანი სისტემის მიხედვით, რომელიც გულისხმობს მონაცემთა აქტიური ფორმით (პერსონალური მონაცემების მითითებით) შენახვასა და დაარქივებას დეპერსონალიზებული ფორმით.
მუხლი 20🔗. ინფორმაციის შენახვის ვადები და დაარქივება
1. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება აქტიური სახით ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 წლისა, ხოლო არქივდება უვადოდ.
2. ინფორმაცია არქივდება დეპერსონალიზებული ფორმით, რაც გულისხმობს არსებული ინფორმაციის შენახვას პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.
თავი III. გარდამავალი დებულებანი
მუხლი
21🔗.
გარდამავალი დებულება
ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, უწყებათშორის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, დაამტკიცოს ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.