საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №514
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.020830
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №514
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი“.
მუხლი 2🔗
1. შეიქმნას საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი − კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი − კომიტეტის წევრი (მდივანი);
დ) სააგენტოს დირექტორის მოადგილე − კომიტეტის წევრი;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი − კომიტეტის წევრი;
ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოადგილე − კომიტეტის წევრი;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის (შემდგომში − საკომანდო პუნქტი) უფროსი − კომიტეტის წევრი;
თ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (შპს „საქაერონავიგაციის“) გენერალური დირექტორის მოადგილე − კომიტეტის წევრი;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი.
2. შეიქმნას საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პერსონალის შემადგენლობით.
3. საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის წესის“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობს ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო
1. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის (შემდგომში − წესი) მიზანია საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა საჰაერო სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, თანაბრად განაწილებისა და სარგებლობის გზით.
2. წესი არეგულირებს საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილად სარგებლობას და მისი მოთხოვნები ვრცელდება სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის სფეროში იმ პირებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საჰაერო სივრცის დაგეგმვასა და მის სარგებლობასთან.
მუხლი 2🔗. ტერმინები
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაცია (შემდგომში − კოორდინაცია) − სამოქალაქო და სამხედრო მხარეებს შორის კოორდინაცია, რომლის შედეგად მიიღწევა საჰაერო სივრცის მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილება შეთანხმებული ქმედებების განხორციელების გზით;
ბ) საჰაერო სივრცის მომხმარებელი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებულ (სამოქალაქო ან სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ფრენა, სარაკეტო-საარტილერიო სროლა, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება და სხვა) საქმიანობას ან ითხოვს საჰაერო სივრცის გამოყენებას;
გ) საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი − სამოქალაქო-სამხედრო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის ყოველდღიურ ორგანიზებასა და გამოყენებას.
მუხლი 3🔗. საჰაერო სივრცის სტრატეგიული მართვა, კომიტეტის მიზანი და ფუნქციები
1. საჰაერო სივრცის სტრატეგიული მართვა მოიცავს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჰაერო სივრცით მოქნილად სარგებლობის კონცეფციის (სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე) დანერგვას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის (შემდგომში − კომიტეტი) მიერ.
2. კომიტეტის მიზანია საჰაერო სივრცის ორგანიზების, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უწყვეტობა/თანმიმდევრულობა სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საჰაერო სივრცის სტრატეგიული მართვის გზით.
3. კომიტეტის ფუნქციებია:
ა) საჰაერო სივრცით მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვის უზრუნველყოფა, მისი მუდმივი კონტროლი, შეფასება/ანალიზი სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე;
ბ) საჰაერო სივრცის სტრუქტურის შეფასების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჰაერო სივრცის მომხმარებელთა მოთხოვნების/ინტერესების განხილვის უზრუნველყოფა;
დ) საჰაერო სივრცის მოქნილად გამოყენების მიზნით, შეთანხმებების დადებისა და პროცედურების დაწესების უზრუნველყოფა;
ე) მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო საჰაერო სივრცით სარგებლობის საკითხების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) განსახორციელებელი ცვლილებების უსაფრთხოების შეფასების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) იმ ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავების უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხებს და, საჭიროებისას, ამ აქტებში ცვლილებების შეტანის ინიციირება;
თ) საჰაერო სივრცის დაგეგმარების, განაწილებისა და სარგებლობასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების მიღების უზრუნველყოფა;
ი) საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების უწყვეტობის/თანმიმდევრულობის ხელშეწყობა;
კ) ამ წესის მოთხოვნების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ორგანიზაციებისთვის, ამ წესის დანართის შესაბამისად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗. კომიტეტის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. კომიტეტს ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომიტეტის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომიტეტის სამუშაო განრიგს კომიტეტის მდივნის წარდგინებით;
გ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
დ) უზრუნველყოფს კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
ე) აწვდის ინფორმაციას ევროკომისიას კომიტეტის შემადგენლობის შესახებ, მათ შორის, კომიტეტის შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში.
2. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომიტეტის ერთ-ერთი წევრი.
3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომიტეტის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტზე დამსწრე წევრები და კომიტეტის მდივანი. სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის წევრებს. ოქმში უნდა აისახოს კომიტეტის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია კომიტეტის თავმჯდომარე.
7. კომიტეტი საოქმო გადაწყვეტილებით სამდივნოს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომიტეტის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
8. კომიტეტი იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება თავმჯდომარის ან კომიტეტის წევრის/წევრთა მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. კომიტეტის სამდივნო
1. კომიტეტის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომიტეტი.
2. სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი უზრუნველყოფს კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას.
მუხლი 6🔗. საჰაერო სივრცის პრეტაქტიკური მართვა, ჯგუფი, მისი მიზანი და ამოცანები
1. საჰაერო სივრცის პრეტაქტიკური მართვა მოიცავს საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის (შემდგომში − ჯგუფი) მიერ.
2. ჯგუფის მიზანია საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობა საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების გზით.
3. ჯგუფის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს საჰაერო სივრცის განაწილება და ორგანიზება გადამწყვეტი, დროული და ქმედითი ღონისძიებების გატარების გზით;
ბ) საჰაერო სივრცის კოორდინირებულად ორგანიზების განხორციელების მიზნით, იმოქმედოს როგორც ეროვნულმა და, საჭიროებისას, როგორც საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრმა;
გ) შეაგროვოს და გააანალიზოს საჰაერო სივრცით სარგებლობის განაცხადები, როდესაც შეიძლება საჭირო იყოს საჰაერო სივრცის დროებით გამოყოფა, მათ შორის, საჰაერო სივრცის ორგანიზების სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის განაწილების შესახებ, რომელიც უკავშირდება ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, საჰაერო შოუებსა და ა.შ.;
დ) მონაწილეობა მიიღოს საჰაერო სივრცის განაწილების განხილვაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 7🔗. საჰაერო სივრცის ტაქტიკური მართვა
1. საჰაერო სივრცის ტაქტიკური მართვა მოიცავს საჰაერო სივრცის ნაწილის/არეს რეალურ დროში აქტივაციას, დეაქტივაციას ან გადანაწილებას.
2. საჰაერო სივრცის ტაქტიკური მართვის უზრუნველსაყოფად, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და საკომანდო პუნქტს შორის:
ა) უნდა არსებობდეს სათანადო საკომუნიკაციო საშუალებები (მაგ.: პირდაპირი სამეტყველო კავშირი და სხვა), ავტომატიზებული სისტემები და პროცედურები;
ბ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის დროული გაცვლა და ყველა დაინტერესებული პირისთვის (სივრცის მომხმარებელი, სხვა) შეტყობინება.
დანართი
საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის წლიური ანგარიშის შინაარსი
ა) საჰაერო სივრცით მოქნილად გამოყენების კონცეფციის სტრატეგიული, პრეტაქტიკური და ტაქტიკური დონეების ზოგადი აღწერა და სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის უფლებამოსილ ორგანოებს შორის პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ ინფორმაცია;
ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზების სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე შეთანხმებების, პროცედურებისა და დამხმარე სისტემების ფუნქციონირების შეფასების შესახებ ინფორმაცია;
გ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები (არსებობის შემთხვევაში) და გატარებული ზომები;
დ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შესახებ საჰაერო სივრცის ორგანიზების საკითხებზე, განსაკუთრებით, სასაზღვრო საჰაერო სივრცის შექმნისა და საქმიანობის საკითხებზე.