შპს „თბილსათბობმშენის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2018 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე მაია სვიანაძე
წარმომადგენლები თამაზ გიორგაძე, დიმიტრი გაგოშიძე
მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილსათბობმშენმა“.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „თბილსათბობმშენი“ 1997 წლის 16 ივლისს იქნა დაფუძნებული, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის განხორციელება. დღეის მდგომარეობით საზოგადოებას ერიცხება ვადამოსული საგადასახადო და სხვა სახის ვალდებულებები, რომელთა ჯამური ოდენობა არსებითად აღემატება საზოგადოების ბალანსზე არსებული აქტივების ღირებულებას. დღეის მდგომარეობით მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენს 298 487.19 ლარს. სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საწარმოს დავალიანება განისაზღვრება 600 ლარის ოდენობით. არსებული საგადასახადო ვალდებულების გამო საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობა რამდენიმე წელია შეჩერებულია. საწარმოს საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრები არ გააჩნია, ამ ანგარიშებს კი ადევს საგადასახადო ინკასო. საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონება არაარსებითია, ვინაიდან მთლიანად ამორტიზებულია. შპს „თბილსათბობმშენს“ არ გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები, რის გამოც ვერ შეძლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა:
დააზუსტოს მოთხოვნა. ითხოვს თუ არა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას მოვალე. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს განცხადებელი, წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება;
► მიუთითოს მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხა, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა, ამ ანგარიშების რეკვიზიტებისა და ბანკების მისამართების მითითებით; ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება;
► მიუთითოს უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით; ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება;
► მიუთითოს მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხა არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით; ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება;
► „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მოთხოვნილი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას;
► წარმოადგინოს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოდან მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, მოქმედ საბანკო დაწესებულებებში შპს „თბილსათბობმშენის“ არსებული საბანკო ანგარიშებისა და ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხების თაობაზე.
განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2018 წლის 02 ოქტომბერს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მომართა შპს „თბილსათბობმშენის“ წარმომადგენელმა დიმიტრი გაგოშიძემ. განმცხადებლის განმარტებით, კომპანიის დირექტორი თამაზ გიორგაძე არ იმყოფება საქართველოში. განჩინებით მოთხოვნილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე ხელი კი მხოლოდ მას მიუწვდება. ამდენად, ითხოვა განჩინებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება 5 (ხუთი) სამუშაო დღით.
2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „თბილსათბობმშენის“ განცხადება და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.
2018 წლის 19 ოქტომბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილსათბობმშენმა“.
სასამართლომ მიიჩნია რა, რომ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული მასალები არ აკმაყოფილებდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.
2018 წლის 19 ოქტომბერს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილსათბობმშენმა“ და ითხოვა სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით. სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და შპს „თბილსათბობმშენს“. ხარვეზის გამოსასწორებლად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღით.
2018 წლის 05 ნოემბერს შპს „თბილსათბობმშენის“ მიერ შევსებული იქნა დადგენილი ხარვეზი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „თბილსათბობმშენის“ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თბილსათბობმშენის“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს;
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები;
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე;
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია, პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, სხდომის დარბაზი №30) შემდეგი დღის წესრიგით: 1.მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
11. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე