ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.11.2018
ძალის დაკარგვა 21.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №248/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 20.03.2024
დოკუმენტის ტექსტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№248/04
2018 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში (შემდგომში – პუნქტი) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი პუნქტები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);
ვ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს პუნქტს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად;
ზ) ვირტუალური ვალუტა – ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არ არის გამოცემული ცენტრალური ბანკის ან სხვა საჯარო ორგანოს მიერ და რომელიც შეიძლება არ იყოს მიბმული ფიატურ ფულზე (ფული, რომლის ნომინალური ღირებულება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ), თუმცა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიიღება გადახდის საშუალებად და მისი გადაცემა, ვაჭრობა და შენახვა შესაძლებელია ელექტრონულად;
თ) ოფშორული ზონა – ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;
ი) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებები – გარიგებები, რომელთა განხორციელებისასაც არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი).
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებები
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება პუნქტის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება პუნქტის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციები (გარიგებები).
4. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში კლიენტების მიერ ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს (გარიგებებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების (გარიგებები) შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის (გარიგებები) შესრულების მომენტისთვის არსებული გადაცვლის (კომერციული) კურსით.
5. გარიგებების მოცულობაში აისახება ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა–გაყიდვისას (კონვერტაციისას) კლიენტისგან მიღებული (შემოსავალი) ნაღდი ფულის ოდენობა (ეროვნულ ვალუტაში).
6. თუ კლიენტს, საანგარიშო პერიოდში, რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.
7. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ანგარიშგების ყველა ფორმაზე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგების ფორმები
ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №4);
ე) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია გასატარებელი ღონისძიებების/რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ (ფორმა №9).
მუხლი 5🔗.
ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესახებ (ფორმა №1)
1. ფორმა მოიცავს პუნქტის დასახელებას, რეგისტრაციის ნომერს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, ფილიალების რაოდენობის, ეროვნული ბანკის ბოლო ადგილზე შემოწმების თარიღის და შეფასების შესახებ ინფორმაციას.
2. მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
3. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗.
ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებები) მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით პუნქტმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები (გარიგებები).
4. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს კლიენტსა და პუნქტს შორის განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
5. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ პუნქტს გააჩნია კლიენტების რეზიდენტობის შესახებ მონაცემები და ამასთან, მინიჭებული აქვს რისკის შესაბამისი კატეგორია, ამ კლიენტების და გახორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს აღნიშნულ ფორმაში.
მუხლი 7🔗.
ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №3)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებები) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმა მოიცავს რეზიდენტობის მიხედვით კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები (გარიგებები), ასევე განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციას.
3. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ პუნქტს გააჩნია კლიენტის რეზიდენტობის შესახებ მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ანგარიშგების ფორმაში.
3. ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების რეზიდენტების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
4. ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია კლიენტების იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებელი ოპერაციების (გარიგებების) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ.
მუხლი 8🔗.
ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა N4)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების (გარიგებების) მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებს, გარდა საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა.
3. აზარტული თამაშობების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვასთან, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციასთან, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციასთან, ბუკმეკერობასა და ფსონების დადების საქმიანობასთან, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).
4. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ლომბარდებს და ძვირფასეულობის მაღაზიებს.
5. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.
6. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
8. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები მოიცავს იურიდიული პირებს, რომელთა ერთ–ერთი საქმიანობას წარმოადგენს ვირტუალური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა ან/და კასტოდიანური მომსახურება.
9. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთაგან კონვერტაციის მიზნით მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მეტია ან ტოლი 100 000 ლარის (ეკვივალენტის).
10. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.
11. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის (გარიგების), ასევე, კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ჯამური მოცულობა.
12. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგებების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის (გარიგების) თანხა, ასევე, გარიგების მონაწილე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ჯამური მოცულობა.
13. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.
14. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომლეთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.
15. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენს ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშება ფმს-ში გაიგზავნა საეჭო სტატუსით“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდრულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
16. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდრულად შეესაბამება ამ მუხლის მე-15 პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.
მუხლი 9🔗.
სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №5)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.
მუხლი 10🔗.
ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №6)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. პუნქტმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
მუხლი 11🔗.
ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
2. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ოპერაციების (გარიგებების) აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
3. ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 12🔗.
ინფორმაცია გასატარებელი ღონისძიებების/რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე, დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული გასატარებელი ღონისძიებები/რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თითოეული გასატარებელი ღონისძიება/რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
3. თითოეული გასატარებელი ღონისძიების/რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს პუნქტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 13🔗.
ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ (ფორმა №9)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში პუნქტის მიერ კომერციულ ბანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, ასევე სხვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების (გარიგებების) შესახებ.
2. ფორმაში ასევე აისახება საანგარიშო პერიოდში პუნქტის სალაროში სხვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაცია.
3. გარიგებების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
მუხლი 14🔗.
პუნქტის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია
1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, პუნქტი, ეროვნულ ბანკს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პუნქტში არსებულ პოლიტიკა-პროცედურებს და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე, სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს მიზანშეწონილად ზედამხედველობის პროცესში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 15🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. პუნქტი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხორიციელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
3. კონკრეტული პუნქტის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, პუნქტის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს პუნქტთან ასოცირებულმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, პუნქტი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.
მუხლი 16🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პუნქტი, ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. პუნქტი, მოთხოვნის შემთხვევაში, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. პუნქტისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.
მუხლი 17🔗.
გარდამავალი დებულებები
პუნქტების მიერ ანგარიშგების პირველადი წარდგენა განხორციელდეს 2019 წლის ივლისის თვის განმავლობაში, რომელშიც უნდა აისახოს 2019 წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემები.