საჩივრის ავტორი – შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
მოთხოვნა – განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა (დასაბუთება) და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ დირექტორმა ბესარიონ ხუჭუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა:
დააზუსტოს მოთხოვნა. ითხოვს თუ არა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას მოვალე. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს განმცხადებელი, წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება;
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით მოთხოვნილი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
წარმოადგინოს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და მოვალის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 05 სამუშაო დღე.
2018 წლის 21 სექტემბერს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ დირექტორმა ბესარიონ ხუჭუამ. განმცხადებლის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, რომ ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას და, ასევე, წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ცნობა საზოგადოების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. განჩინება გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა (დასაბუთება) და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება.
სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და რომლის მეშვეობითაც ხდება მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს კიდეც კანონის პირველი მუხლის ფორმულირებიდან, რომლის მიხედვით კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სადავო არაა, რომ კრედიტორის ინტერესი ყოველთვის არის მოთხოვნის დროული და სრული დაკმაყოფილება, მაგრამ რთულია მოვალის რეალური მიზნების დადგენა და ინტერესების განსაზღვრა. ნორმალურ პირობებში, კეთილსინდისიერი მოვალის მიზანი შეიძლება იყოს: ა. ვადამოსული ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულების ვადის გადავადება; ბ. ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გონივრული შეღავათების დადგენა და სხვა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ წარმოდგენილი შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ქონების აღწერის ნუსხიდან დგინდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება 208 250.06 ლარის ღირებულების მქონე ინვენტარი; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოვალე კომპანია შპს მზიანეთში“ (ს/ნ 402052559) ფლობს 40%-იან წილს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაზომიერად დაცვის გათვალისწინებით, მოვალის ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად გამოსაკვლევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ მიმართ დაწყებული უნდა იქნეს გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
3. შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
4. შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
5. შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ (ს/ნ 404465495) აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
6. შეჩერდეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
7. აიკრძალოს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
8. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
9. განემარტოს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ (ს/ნ 404465495), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
10. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
11. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 18 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №30).
12. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგი:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
13. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან (გამოქვეყნებიდან) 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე