სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №577
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.020893
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,829 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოხალისეობის შესახებ საქართველოს კანონი 88% 24.12.2015 პირის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვის წესის და თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 24.01.2024 სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი 81% 27.06.2018 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 78% 08.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 17.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №577 2018 წლის 27 ნოემბერი    ქ. თბილისი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდება“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდება (შემდგომში − წესდება) განსაზღვრავს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობითი საქმიანობის განხორციელების წესს,  მოხალისეთა სტატუსს, მოხალისის რეგისტრაციის წესსა და მოხალისეთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. მოხალისეობითი ურთიერთობა 1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) ურთიერთობა, რომელიც ამ წესდებისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება. 2.  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობა არის საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  ფიზიკური პირის ნებით, საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობითა და უანგაროდ არაერთჯერადად განხორციელებული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა. 3. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისე (შემდგომში − მოხალისე) შეიძლება იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, საკომუნიკაციო დონეზე ფლობს სახელმწიფო ენას, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უშლის მოხალისეობითი საქმიანობის განხორციელებაში და რომელიც მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, ნებაყოფლობით განახორციელოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა. 4. თუ პირს აქვს უმუშევრის სტატუსი, მას ეს სტატუსი უნარჩუნდება მოხალისედ დარეგისტრირების შემდგომ და უფლება აქვს, ისარგებლოს ყველა იმ შეღავათითა და დახმარებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევრის სტატუსის მქონე პირისათვის არის გათვალისწინებული. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, დამსაქმებელთან შეთანხმებით, მოხალისეობითი საქმიანობის განხორციელების დროს, მოხალისე შეიძლება არ გამოცხადდეს სამსახურში. 6. მოხალისეობითი საქმიანობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად.  7. მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, გასცეს ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. მუხლი 3🔗. საერთაშორისო თანამშრომლობა მოხალისეობით სფეროში 1. სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დებს ხელშეკრულებებს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობის განვითარების მიზნით პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული მოხალისეებისა და მოხალისეთა გაერთიანებების საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრების ხელშეწყობის მიზნით. 2. სამსახური ხელს უწყობს მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეთა ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვა ქვეყნების მოხალისეობით ორგანიზაციებთან, ამ მიზნით ახორციელებს პროექტებს და თანამშრომლობს ამ ქვეყნების კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დებს ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს. 3. სამსახური საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს გრანტების მოძიებას საქართველოში მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული მოხალისეების მომზადების/გადამზადების მიზნით პროექტების განსახორციელებლად. თავი II მოხალისეთა რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები და მოხალისეთა მართვა მუხლი 4🔗. მოხალისედ რეგისტრაცია 1. პირს მოხალისის სტატუსი ენიჭება მოხალისეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის მომენტიდან. 2. მოხალისეობის მსურველი ავსებს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ აპლიკაციის ფორმას (დანართი №1) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა ოფიციალურ ვებგვერდზე −  www.volunteers.ge-ზე, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 3. მოხალისეობის მსურველმა რეგიტრაციისთვის განკუთვნილი  აპლიკაცია შეიძლება შეავსოს წერილობითი ფორმით ნებისმიერ სახანძრო-სამაშველო დანაყოფში. წერილობითი ფორმით შევსების შემთხვევაში, ამ აპლიკაციის ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საამისოდ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 4. აპლიკაციისთვის განკუთვნილი კითხვარი მოიცავს ინფორმაციას პირის პერსონალური მონაცემების, განათლების, ფიზიკური შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების შესახებ, აგრეთვე სხვა დამატებით მონაცემებს. 5.  სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, მოხალისეობის მსურველი აპლიკანტის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა),  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,   ამოწმებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 6. აპლიკაციების დამუშავებას უზრუნველყოფს სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მოხალისეობის მსურველთათვის მართავს საინფორმაციო ხასიათის შეკრებებს. 7.  მოხალისეობის მსურველი, რომელსაც შევსებული აქვს აპლიკაცია ოფიციალურ ვებგვერდზე − www.volunteers.ge-ზე, სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე გადის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ  სამედიცინო შემოწმებას, აგრეთვე ხდება მოხალისეობის მსურველთან გასაუბრება და აპლიკაციისათვის განკუთვნილ კითხვარში მითითებული უნარ-ჩვევების გადამოწმება. აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში,  მოხალისეობის მსურველი ელექტრონული ფორმით იღებს შეტყობინებას მისი კანდიდატურის მოხალისედ შერჩევის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოხალისეობის მსურველი დებს მოხალისის ფიცს (დანართი №2) და ხელს აწერს მოხალისეობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შემდეგაც მოხალისეობის მსურველი მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულად ჩაითვლება. 9. მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირების შემდეგ იქმნება მოხალისის პირადი ელექტრონული პროფილი, რომელშიც შეიტანება მონაცემები პირის შესახებ და ეტაპობრივად ხდება აღნიშნული ინფორმაციის განახლება. მოხალისის პირადი ელექტრონული პროფილი განთავსდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა ოფიციალურ ვებგვერდზე − www.volunteers.ge-ზე. 10. პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული მოხალისეთა ეროვნულ სიაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ან საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად. მუხლი 5🔗. მოხალისეობითი ხელშეკრულება 1. მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით,  განსაზღვრული ვადით. 2. ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს მხარეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. მუხლი 6🔗. მოხალისის უფლებები და მოვალეობები 1. მოხალისეს უფლება აქვს მოხალისეობითი საქმიანობის განხორცილებისას უზრუნველყოფილი იყოს  უსაფრთხო გარემოთი. 2. მოხალისეებსა და მათი ოჯახის წევრებს, თვითგანვითარების მიზნით, უფლება აქვთ, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესით, ისარგებლონ სამსახურის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურით (მათ შორის, სავარჯიშო, საგანმანათლებლო), ასევე მოხალისეს უფლება აქვს, მოხალისეობრივი ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით სარგებლობაში მიიღოს სამსახურის ბალანსზე არსებული აღჭურვილობა ან სხვა მოძრავი ქონება. 3. მოხალისეს, სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს მოხალისეობითი საქმიანობის განხორციელებისთვის გაწეული ისეთი აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, როგორიცაა საგანგებო სიტუაციის ადგილამდე მგზავრობის ხარჯი, აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს საკვებითა და განთავსებით უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციის სპეციფიკიდან და მასზე რეაგირების ღონისძიების ხანგრძლივობიდან გამომდინარე. 4. მოხალისეს უფლება აქვს, მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მოხალისეობის განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. 5. მოხალისეს უფლება აქვს, ისარგებლოს ყველა იმ შეღავათითა და უპირატესობით, რომელსაც სამსახური მიანიჭებს მას სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოხალისეთა წახალისების მიზნით განხორციელებული პროექტებისა და წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს სამსახურის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვარჯიშებში, საველე სწავლებებში, საწვრთნელ შეკრებებში, სხვა ღონისძიებებსა და წამახალისებელ პროექტებში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება და წამახალისებელი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს. 7. მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ პირზე (მოხალისეზე) ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის  62-ე მუხლით, 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 66-ე მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიები. 8. მოხალისე ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და სამსახურთან დადებული ხელშეკრულების  შესაბამისად; ბ) სამსახურს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება სამსახურთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს; გ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, რომელსაც იგი იყენებს თავისი საქმიანობის განხორციელებისას; დ) აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი; ე) სამსახურს დროულად აცნობოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის სამსახურთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში. 9. სამსახური ვალდებულია, მოხალისეობითი ურთიერთობის დაწყებამდე გააცნოს მოხალისეს ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 10. ეს წესდება არ ზღუდავს მოხალისის უფლებას, ისარგებლოს იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მუხლი 7🔗.  მოხალისეთა ორგანიზება და სამსახურის მიერ მხარდაჭერის ღონისძიებები 1. სამსახური ხელს უწყობს მოხალისეების ორგანიზებას ტერიტორიული, პროფესიული ან/და ასაკობრივი ნიშნით, განსაზღვრავს მოხალისეთა ჯგუფების ლიდერებს, მათი კვალიფიკაციიდან ან/და სპეციალური უნარებიდან გამომდინარე ან სხვა ნიშნით. 2. საბაზისო უნარების ჩამოყალიბების მიზნით, მოხალისეთა მომზადებას უზრუნველყოფს სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი.   3. მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეებს უფლება აქვთ, დააარსონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამსახური თანამშრომლობს ამ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მოხალისეთა თვითორგანიზების ხელშეწყობისა და საქართველოში მოხალისეობითი საქმიანობის განვითარების მიზნით. 4. სამსახური, მოხალისეობითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, დებს ხელშეკრულებებს/მემორანდუმებს სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან,  სიმულაციური ვარჯიშების, საველე სწავლებების, საწვრთნელი შეკრებების, სხვა ღონისძიებებისა და წამახალისებელი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. მუხლი 8🔗. მოხალისეთა შეკრება 1. საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეთა შეკრება ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სატელეფონო ზარის მეშვეობით, აგრეთვე კომუნიკაციის სხვა წინასწარ შეთანხმებული საშუალებით. 2. მოხალისე მეხანძრე-მაშველთან დაკავშირება შეიძლება განხორციელდეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშუალებებით, აგრეთვე  კრიტიკული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. მოხალისეთა სრული ან ნაწილობრივი შეკრების შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის  მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, იღებს სახაძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე მოხალისე მეხანძრე-მაშველთა რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახაძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორი. 4. საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეთა სრული ან ნაწილობრივი შეკრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი, სახაძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოხალისეთა სრული ან ნაწილობრივი შეკრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოხალისეთათვის შეტყობინებას უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 9🔗. საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეთა მართვა და მათი უსაფრთხოება 1. საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისისთვის კონკრეტული ფუნქციის დაკისრება ხდება ტერიტორიული პრინციპის, მოხალისის კომპეტენციისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. 2. მოხალისე ვალდებულია, მოხალისეობითი საქმიანობის განხორციელებისას ატაროს სამსახურის მიერ საამისოდ გადაცემული ოფიციალური ამოსაცნობი ნიშანი (ჟილეტი, ქუდი ან/და სამკლაური), რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 3. სამსახური ვალდებულია, მოხალისეს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დაწყებამდე გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის, მისი თავიდან აცილების ღონისძიებებისა და  საფრთხის შემცველი აღჭურვილობისადმი მოპყრობის წესების შესახებ. 4. სამსახური ვალდებულია, დანერგოს მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მოხალისე პერსონალური დამცავი აღჭურვილობით და მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. 5. საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის  ან მოხალისისთვის სხვაგვარად აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირის მითითებით, მოხალისე ვალდებულია, შეწყვიტოს მოხალისეობითი საქმიანობა და დატოვოს ტერიტორია. 6. მითითებისადმი მოხალისის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოხალისის მიერ ტერიტორიის დასატოვებლად. მუხლი 10🔗. მოხალისის ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს მოხალისის ქმედებით მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხალისემ აღნიშნული ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. თავი III მოხალისე მეხანძრე-მაშველი მუხლი 11🔗. მოხალისე მეხანძრე-მაშველი 1. ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მანძილის, რთული რელიეფის ან სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები სწრაფად და ეფექტიანად ვერ ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია,  მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეთაგან შექმნას მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოხალისეთა ეროვნულ  სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეს, თავისივე თანხმობით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სათანადო მომზადების გავლის შემდეგ, კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში შეიძლება დაეკისროს მეხანძრე-მაშველის  ფუნქციების შესრულება. 3. საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, მოხალისე მეხანძრე-მაშველთა მომზადებას/გადამზადებას უზრუნველყოფს სამსახური. 4. კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს ამ ტერიტორიულ ერთეულში მუდმივად მცხოვრები, სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურე ან არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი. 5. მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის ორგანიზების მიზნით, სამსახური თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან. მუხლი 12🔗. მოხალისე მეხანძრე-მაშველთა აღჭურვა და ქონებაზე პასუხისმგებლობა 1. ამ წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებს სამსახური დროებით სარგებლობაში გადასცემს სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. 2. სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობაზე პასუხისმგებელია ამ წესდების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი.   თავი IV მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვა მუხლი 13🔗. მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის საფუძველი ფიზიკური პირის მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის საფუძვლები: ა) მოხალისეობითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა; ბ) დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად/არაჯეროვნად შესრულება; გ) მოხალისეთა შეკრებებზე/ტრენინგებზე არასაპატიო მიზეზით სისტემატური გამოუცხადებლობა; დ) პირადი განცხადება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ზ) გარდაცვალება. მუხლი 14🔗. მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის წესი 1. მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, მოხალისეთა მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე, იღებს სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, რაც ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მოხალისეთა მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიმართვაში აღწერილი უნდა იყოს მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის საფუძვლები. 3. მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის შესახებ შეტყობინება მოხალისეს ეცნობება ამ წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, რის შემდეგაც ოფიციალური ვებგვერდიდან − www.volunteers.ge-დან იშლება მისი პირადი პროფილი. 4. ამ წესდების მე-13 მუხლის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით, მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხული პირი კარგავს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოხალისეობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას.