საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.11.2018
ძალის დაკარგვა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №256/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.05.2025
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№256/04
2018 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 523 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საპენსიო სააგენტოში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესს.
2. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მიზანია საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
3. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმს წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
4. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო სააგენტოში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და გაუქმების, ასევე, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე.
მუხლი 2🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საპენსიო სააგენტოს მიმართ შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი, თუ განხორციელდა საპენსიო აქტივების ინვესტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით. ასევე, დროებითი ადმინისტრირების რეჟიმის შემოღება ხდება ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობის, ან ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც საპენსიო სააგენტო დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
2. საპენსიო სააგენტოში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. წინამდებარე აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ აქტში, მინიმუმ, მითითებული უნდა იყოს:
ა) დროებითი ადმინისტრაციის შემოღების საფუძვლები;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი;
გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ვადა;
დ) დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა.
4. დროებით ადმინისტრაციას წარმართავს დროებითი ადმინისტრატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დროებითი ადმინისტრატორი შესაძლოა იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ისე სხვა პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, არ იქნება სახეზე ინტერესთა კონფლიქტი. დროებითი ადმინისტრატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს დროებითი ადმინისტრატორი, მის მიმართ დადგენილი პირობები, მათ შორის, მისი დანიშვნის ვადა.
მუხლი 3🔗.
დროებითი ადმინისტრატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ეფექტურად წარმართვისათვის დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
2. პირს ეკრძალება იყოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. დროებით ადმინისტრატორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გამოცხადებულია გაკოტრებულად.
3. დროებით ადმინისტრატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
4. დროებით ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
მუხლი 4🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
1. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული მომენტიდან.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება საპენსიო სააგენტოს სახელით და მისი ხარჯებით დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 5🔗.
დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებანი
1. დროებით ადმინისტრატორზე გადადის საპენსიო სააგენტოს ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
2. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს საპენსიო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები.
3. საპენსიო სააგენტოს დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საპენსიო სააგენტოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნამდე 1 (ერთი) წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებულმა პირებმა საპენსიო სააგენტოს ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საპენსიო სააგენტოსთვის ან საპენსიო სქემის მონაწილეთათვის ზიანის მიყენება.
4. დროებით ადმინისტრატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას დროებითი ადმინისტრატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს დროებითი ადმინისტრატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს დროებითი ადმინისტრატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული დროებითი ადმინისტრატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით.
5. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის რიგი გადაწყვეტილებები შესაძლოა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას. წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შესაძლოა განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის მოქმედების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.
მუხლი 6🔗.
ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან
დროებითმა ადმინისტრატორმა საპენსიო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის, მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების/ქმედებებისა და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ანგარიშგება უნდა განახორციელოს ეროვნულ ბანკთან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული პერიოდულობით და აგრეთვე დროებითი ადმინისტრატორის ვადის ამოწურვისას (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებისას).
მუხლი 7🔗.
დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ხანგრძლივობა და მისი გაუქმება
1. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადა არ უნდა აჭარბებდეს 1 (ერთ) წელს, თუმცა, სათანადო საფუძვლის არსებობისას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. აღნიშნული საფუძველი, მათ შორის, შესაძლოა იყოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების რომელიმე საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან/და საპენსიო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით.
3. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი უქმდება:
ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
4. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.