შპს „სანტექსის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/21500-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/21500-18

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციიგაუქმების შესახებ

2018 წლის 29 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „სანტექსი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 416289199, დირექტორი - ზაურ აბასოვი)

მოთხოვნა – შპს „სანტექსის“ მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანტექსის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2018 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სანტექსის" დირექტორმა ზაურ აბასოვმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, შპს „სანტექსს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სანტექსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 27 ივლისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 24 აგვისტოს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „სანტექსის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა ფინანსური მოთხოვნის დაზუსტება შპს ,,სანტექსის“ მიმართ და საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სსიპ შემოსავლების სამსახურს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2018 წლის 03 სექტემბერს.

2018 წლის 07 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელება. სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაჰბარდა 2018 წლის 05 ოქტომბერს.

2018 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და დამატებით ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) დღით კიდევ ერთხელ გაგრძელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის 14 (თოთხმეტი) დღით გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „სანტექსის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „სანტექსის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე, შპს „სანტექსი" უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს კომპანიის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „სანტექსი“ (ს/ნ 416289199) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე თინა ვაშაყმაძე.