შპს „მუნ სტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/26628-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/26628-17

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და  სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების  შესახებ

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადე ბელ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს „მუნ სტარ“

(საიდენტიფიკაციო კოდი 434157440)

დირექტორი – ელხან აივაზოვი

წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ქრისტინე კუბლაშვილი

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

2017 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა  შპს „მუნ სტარის" დირექტორმა ელხან აივაზოვმა და მოითხოვა  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით  შპს „მუნ სტარს“ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს  „მუნ სტარის“  მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 4 ოქტომბერს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა  შპს „მუნ სტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის  საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017  წლის 24 ნოემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა შპს „მუნ სტარის“ მიმართ 303 334,11 (სამას სამი ათას სამას ოცდათოთხმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის ნაწილში, მე-4 რიგში. მეურვის − სსიპ − „აღსრულების ეროვნულის ბიუროს“ წარმომადგენლის ირაკლი წიკლაურის მიერ გამოქვეყნებულ იქნა სამეურვეო-საფინანსო ანგარიში, რომლის მიხედვით, შპს „მუნ სტარს“ (ს/კ 434157440) ჰყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი: სსიპ − ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ გააჩნია, ასევე არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. მოვალის სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „მუნ სტარის“ (ს/კ 434157440) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, კომპანიის საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება, ორგანიზაციას ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“, თუმცა, ანგარიშზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება. ასევე, შპს „მუნ სტარის“ (ს/კ 434157440) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში საწარმოს მხრიდან ქონების გასხვისებას ადგილი არ ჰქონია და ამ პერიოდში არ მომხდარა კრედიტორების დაკმაყოფილება.

2018 წლის 21 ნოემბერს კრედიტორთა კრებაზე მოვალის წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შპს ,,მუნ სტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რასაც მეურვის წარმომადგენელი ქრისტინე კუბლაშვილი დაეთანხმა.

სასამართლო გაეცნო მოვალის წარმომადგენლის გიორგი ზედგინიძის შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის  (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.  

მოცემულ შემთხვევაში, მეურვის სამეურვეო-საფინანსო ანგარიშით დადგენილია, რომ  მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „მუნ სტარი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში  აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187- ე, 284-285- მუხლებით და

 

დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა:

1. შეწყდეს შპს „მუნ სტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 19, საიდენტიფიკაციო კოდი № 434157440).

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს შპს მუნ სტარი“ (მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №19, საიდენტიფიკაციო კოდი №434157440) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №83073) განთავსებული 5000 ლარი გადაეცეს  სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების  საფასურის სახით.

4.  განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                             თამარ ჭუნიაშვილი