თბილისის სააპელაციო სასამართლოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში ასახულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: სტატისტიკურ მონაცემებს, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიღებულ სამართლებრივ აქტებს. ასევე, ინფორმაციას საქმეთა მიმდინარეობის/შედეგის შესახებ.
I. ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის შესახებ:
2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 309 განცხადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, როგორც სასამართლოში განცხადების უშუალოდ წარმოდგენით, აგრეთვე განცხადებების ელექტრონული ფორმის წარმოდგენით ოფიციალური ვებ-გვერდის http://service.court.ge/public/ მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის # 1/225 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფარგლებში სასამართლო პერიოდულად ანთავსებს სტატისტიკურ ინფორმაციას.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
II. ინფორმაცია მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობისა და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოხელეების შესახებ:
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან:
4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (305), საჯარო ინფორმაცია:
● მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 234 შემთხვევაში;
● 29 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
● 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
● 38 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში შემოსული განცხადებები, უმეტესწილად, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას. გარდა ამისა, უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნილი იყო ისეთი ინფორმაცია, რომელზეც სასამართლო სტატისტიკურ მონაცემებს არ ამუშავებდა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებების დამუშავება (დეპერსონალიზაცია/დაშტრიხვა) და სტატისტიკური მონაცემების შედგენა ხდებოდა მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე.
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ან/და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, სასასამართლოს კომპეტენტური სტრუქტურული ერთეულების მოხელეების უშუალო მონაწილეობით. კერძოდ, გადაწყვეტილებები მიიღეს შემდეგმა მოხელეებმა:
- ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა;
- კანცელარიისა და სტატისტიკის სამსახურის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტებმა და სპეციალისტებმა.
კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში განსაზღვრული არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი მოხელეები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას.
III. ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
IV. ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
V. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის
მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა შემდეგ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს:
1. „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;
2. სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ იძლეოდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების შესაძლებლობას ან/და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნილი ინფორმაცია დაცული არ იყო.
VI. ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ მიღებული 1 გადაწყვეტილება, რომელზეც დაკმაყოფილდა საჩივარი.
VII. ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასურმა შეადგინა - 81 ლარი და 70 თეთრი.
აკაკი მაისურაძე
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი