ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები: კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ანა ადამია, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მენეჯერი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ავთანდილ კვინიკაძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.
2018 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 82 განცხადება, მათ შორის:
შემოსული განცხადებებიდან 62 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 10 განცხადება არ დაკმაყოფილდა, 7 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 3 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით.
10 განცხადებიდან, რომლებზეც განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე:
3 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაცული არ იყო, მოთხოვნილი მონაცემი არ იყო დამუშავებული და სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ფორმები ასეთი ინფორმაციის აღრიცხვას არ ითვალისწინებს; 1 მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაწერილი იყო CD-R დისკზე აუდიო ვერსიის სახით, რომლის პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად შეუძლებელი იყო; 5 შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კონკრეტული საქმეების მასალები იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს, არ წარმოუდგენიათ ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გადაცემაზე, ასევე, ვინაიდან განმცხადებლები პირდაპირ უთითებდნენ საქმეში მონაწილე მხარეებს, მასალების პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკაციის გარეშე გადაცემა იყო შეუძლებელი. 1 მოთხოვნა ბუნდოვანი იყო და მხარეს გაეგზავნა მიმართვა დაზუსტებული განცხადების წარმოსადგენად.
7 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მიეწოდა სტატისტიკური მონაცემები მთლიანად/ ნაწილობრივ ან არ გადაეცა საქმის მასალები) 1 მოთხოვნა ეხებოდა მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციის მიწოდებას და არ დაკმაყოფილდა სრულად, რადგან არ იყო დამუშავებული და სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ფორმები ასეთი ინფორმაციის აღრიცხვას არ ითვალისწინებს; ხოლო, 6 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაეცა სტატისტიკური მონაცემი სრულად, არ გადაეცა საქმის მასალები სხვადასხვა მოტივით, კერძოდ, 3 შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ისეთი ინფორმაციის (საქმის მასალების) გაცემის ნაწილში, რაც საჭიროებდა დიდი რაოდენობით საქმეების სისტემატიზაციასა და საარქივო დამუშავებას, მათში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით; 1 შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის მასალების (გადაწყვეტილებების) გადაცემაზე, ვინაიდან საქმე განხილული იქნა დახურულ სასამართლო სხდომაზე (არასრულწლოვნის ან სხვა პირთა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით) და ასეთი მასალების დაშტრიხული ფორმით გადაცემაც არ გამორიცხავდა პირდაპირ ან არაპირდაპირ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას; 1 შემთხვევაში განმცხადებელს მიეწოდა სტატისტიკური მონაცემი და არ გადაცემია საქმის მასალები ვინაიდან მოთხოვნილი იქნა კონკრეტული საქმეების მასალები იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მხარეს, ან მხარის წარმომადგენელს, არ წარმოუდგენიათ ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გადაცემაზე, 1 განმცხადებელის მოთხოვნა ეხებოდა ვიდეოჩანაწერის (კომპიუტერული მონაცემის) მიწოდებას, რომლის გამოთხოვაც ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ჩანაწერში პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად შეუძლებელია;
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 14 განცხადება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების და სასამართლოს გადაწყვეტილებების გადაგზავნის მოთხოვნით, საიდანაც დაკმაყოფილდა 13 განცხადება, ხოლო ერთ არ დაკმაყოფილდა, რადგან მოთხოვნილი მონაცემი არ იყო დამუშავებული და სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ფორმები ასეთი ინფორმაციის აღრიცხვას არ ითვალისწინებს;
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერისა და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით ან ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი – www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
ანა ადამია
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი