საქართველოს მთავარ პროკურატურის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარ პროკურატურის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2018 წლის ანგარიშს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2018 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 250 განცხადება, მათ შორის ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი იქნა 39 განცხადება.
წარმოდგენილი განცხადებებიდან საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 113 შემთხვევაში, 47 შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, 2 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 76 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 3 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, 9 განცხადებაზე კი, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ა) 33 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) 12 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ იქნა სხვა პირის პერსონალური მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უარი ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის ინტერესს;
გ) 27 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა აღრიცხვას არ აწარმოებდა;
დ) 4 შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დაცულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო 4 შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგანაც ერთ შემთხვევაში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ერთი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა საჩივრის წარმოდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, ერთი საჩივარი კი, განხილვის პროცესშია. ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა 3 სარჩელი, რომელთაგან ერთი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ასევე არ დაკმაყოფილდა მეორე სარჩელი პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხოლო ერთ სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმისას საქართველოს პროკურატურის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე პირის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას. ამასთან, ნაწილობრივ მოთხოვნილ იქნა ისეთი ინფორმაცია, რომლის აღრიცხვას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებდა ან საკითხი სცილდებოდა პროკურატურის კომპეტენციას, შესაბამისად დაინტერესებულ პირს მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში დაცული ინფორმაცია და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.
განუხილველად იქნა დატოვებული, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი ის განცხადებები, რომლებიც არ პასუხობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნებს.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2018 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2018 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარატმენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, დამუშავებაზე, შექმნასა და დაცვაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრი – საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე.
შალვა თადუმაძე
საქართველოს მთავარი პროკურორი