საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა საკანონმდებლო ინიციატივებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ ხარჯებს, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა ოფიციალურ კორესპონდენციას.
2018 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 169 წერილობითი განცხადება (მათ შორის ორი შემთხვევა ეხება თავდაპირველად მოთხოვნილ ინფორმაციაში დაზუსტების შეტანას), აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხილულ იქნა და შესაბამისი პასუხი გაეცა 109 მოთხოვნას, მათ შორის: 10 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაცულ საჯარო ინფორმაციას; ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სრულად უარის თქმის თაობაზე (გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად); 14 განცხადებაზე პასუხი გაგზავნილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაგვიანებით.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად 28 განცხადება გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო 32 განცხადებაზე მიმდინარეობდა საქმისწარმოება.
გადაწყვეტილებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სტრუქტურული ერთეულების პოზიციების გათვალისწინებით, იღებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 6 აგვისტოს №301 ბრძანებით განსაზღვრულია ის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, რომელთა მიერაც ხდებოდა მოთხოვნილ ინფორმაციაზე კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება.
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, წარმოდგენილი იქნა 1 ადმინისტრაციული საჩივარი და 4 შემთხვევაში სარჩელი, აქედან 1 ადმინისტრაციულ საჩივართან და 2 სარჩელთან დაკავშირებით გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც შეწყდა ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვა და სარჩელიც გამოხმობილ იქნა სასამართლოდან, ხოლო 2 სარჩელზე სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ წარმოშობია. საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით გააჩნია მონაცემთა ბაზები, მათ შორის არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და ასევე საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობის სხდომები იმართებოდა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის სხდომების საჯაროდ გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე სისტემატურად განთავსებულია საქართველოს მთავრობის სხდომების დღის წესრიგი და მიღებული გადაწყვეტილებები. მთავრობის ყოველი სხდომის შემდეგ იმართება საქართველოს მთავრობის წევრთა ბრიფინგები. საქართველოს მთავრობის ინიციატივის – „ღია მმართველობის“ ფარგლებში სისტემატურად იმართებოდა საქართველოს მთავრობის წევრების პრესკონფერენციები მთავრობისა და ცალკეული უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე შექმნილია საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ველი, სადაც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ქვეყნდება საჯარო ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.
ალექსანდრე დარახველიძე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე