სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიში

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“

2018 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, სააგენტოში დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ შემოვიდა 251 განცხადება. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული საშუალებით 2018 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოვიდა 4 მოთხოვნა.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას, მსგავსი მოთხოვნით სააგენტოს საანგარიშო პერიოდში არ მიუღია არცერთი განცხადება.

ბ) შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო ინფორმაცია გაიცა 124 შემთხვევაში.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, ხოლო 3 განცხადება გადაგზავნილ იქნა რეაგირებისთვის უფლებამოსილ უწყებაში.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან

92 წარდგენილ იქნა ფიზიკური პირების მიერ;

45 წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა,11 წარმოდგენილ იქნა მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის წარდგენილი დანარჩენი განაცხადები გადანაწილდა სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე.

2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლები იყვნენ: თავმჯდომარის მრჩეველი თამარ კეთილაძე − საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი და თავმჯდომარის მრჩევლის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის, მოვალეობის შემსრულებელი ნატალია ჩუბინიძე.

გ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მასზე კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანხმად. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავება გათვალისწინებულია ზემოხსენებული ნორმებით, რაც შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სააგენტო საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იყენებს დოკუმენტბრუნვის (დეს) და სხვა ელექტრონულ სისტემებს. ელექტრონულ სისტემებში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის უფლება მინიჭებული აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ამასთან, განსხვავებულია წვდომის უფლების საზღვრები და ესადაგება თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. სააგენტოში არსებობს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაშვების ფორმალიზებული პროცედურები. ელექტრონულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია როგორც ფიზიკური, ისე შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, ასევე, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის რეგულაციების დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების არც ერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული განაცხადების განხილვისას სააგენტო ხელმძღვანელობდა „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსისა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციებით.

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან მიმართებით სააგენტოში შემოვიდა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვამდეც საჯარო ინფორმაცია გაიცა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებები სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა.

ზ) სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონია სააგენტოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

სოსო გიორგაძე

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე