საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წლის 15 დეკემბერს დაიწყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა/რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 2018 წლის 15 მარტს და შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 მარტის №2-164 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნანა ჩინჩილაკაშვილი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://mepa.gov.ge/Ge/SubscribePublicInfo), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის შესაბამისად, სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მომართა 210 განმცხადებელმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნრეობის სამინსიტროში შემოსული 210 განცხადებიდან
• 78 შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე;
• 4 შემთხვევაში-სამეწარმეო იურიდიული პირი;
• 11 შემთხვევაში- სახელმწიფო უწყება;
• 82 განცხადება შემოიტანა ა(ა)იპ-მა (არასამთავრობო ორგანიზაცია);
• 35 განცხადება წარდგენილი იყო ჟურნალისტის მიერ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, რეაგირება განხორციელდა ყველა განცხადებაზე. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა 198 განცხადება. ინფორმაცია ნაწილობრივ გაიცა 5 განმცხადებელზე, ხოლო დასაბუთებული უარი მიიღო 1 განმცხადებელმა. 6 განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში შემოვიდა 1 განცხადება.
საჯარო ინფორმაციაზე პასუხის ნაწილობრივად გაცემისას, პასუხისმგებელი პირი ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ხოლო უარი მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ინფორმაცია უწყებაში არ მოიძებნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროში შემოსული განცხადებები შეიცავდა უმეტეს შემთხვევაში ერთზე მეტ მოთხოვნას. ადგილი ჰქონდა ისეთი მოთხოვნების წარდგენასაც, რომლებიც სცილდებოდა სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, მოთხოვნები განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. აღნიშნულის შესახებ კი ინფორმაცია მიეწოდათ განმცხადებლებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას. შესაბამისად, სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული საანგარიშო პერიოდში.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები, მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. უწყებაში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (edoc) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
2018 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ლევან დავითაშვილი