სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ 2018 წლის ანგარიში
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ 2018 წლის ანგარიში
საჯარო ინფორმაციის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2018 წლის განმავლობაში სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ სულ შემოვიდა 33 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 1 ერთეული. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში შემოსული განცხადებებიდან
საჯარო ინფორმაცია გაიცა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 24 განცხადებასთან მიმართებით;
ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა 1 გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
8 განცხადება განხილვის პროცესშია;
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა;
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 29 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემით დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 4 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია;
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე. 2018 წლის 12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირა ნემსაძე, ხოლო 2018 წლის 12 ივლისიდან 19 ივნისის ჩათვლით − პალატის სასწავლო ცენტრის უფროსი ინგა ქომეთიანი. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილეს და სათანადო გადაწყვეტილებები მიიღეს ზემოდასახელებულმა პირებმა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აქვს სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული რეესტრი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირების პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით.
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ აპარატის თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ განცხადებებთან მიმართებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების ფაქტი.
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობდა „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.
საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულ განცხადებებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია სასამართლო წესით გასაჩივრებას და არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, არ ყოფილა სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის“ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრების შემთხვევა.
მარიკა გოგოლაძე
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ თავმჯდომარე