საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 06.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №287/04
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016367
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 05.06.2024
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№287/04
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 482 მუხლის პირველი პუნქტისა, და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს წესი გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიმართ, რომლებსაც რეგისტრაცია გაუუქმდა ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის (შემდგომში – პროვაიდერი) რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
2. ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერისათვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება პროვაიდერის ლიკვიდაცია.
3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია პროვაიდერის აქტივების რეალიზაცია და პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
5. პროვაიდერის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ პროვაიდერთან დაკავშირებული პირი.
6. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
7. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ასევე ადგილობრივ საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ პროვაიდერი წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.
მუხლი 2🔗.
ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დღიდან პროვაიდერის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.
2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება პროვაიდერის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
3. თუ ლიკვიდირებული პროვაიდერი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი, პროვაიდერის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გაიხსნება ლიკვიდაციაში მყოფი პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება კომერციულ ბანკებში ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდგომაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება.
5. ამ წესის მე-4 მუხლში გათვალისწინებული საფუძვლით, ლიკვიდატორის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია, გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით სალიკვიდაციო პროვაიდერისგან წინასწარმიღებული თანხის ნაშთი გადარიცხოს შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასეთი ოპერაციის საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) გადაიხდება სალიკვიდაციო პროვაიდერის ნაშთიდან.
6. პროვაიდერში ერთი ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირის სხვადასხვა ელექტრონული საფულე (არსებობის შემთხვევაში, ქვესაფულე) შესაძლოა გაერთიანდეს და შესაბამისი პირის ერთ ელექტრონულ საფულედ იქნეს გადატანილი. პირის ელექტრონულ საფულეებში (არსებობის შემთხვევაში, ქვესაფულეებში) რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ.
7. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ დასაშვებია მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა.
8. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით ლიკვიდატორი უფლებამოსილია დალუქოს და აღრიცხოს სალიკვიდაციო პროვაიდერის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.
9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს (პროვაიდერს) ეკრძალება ამ რეგისტრაციით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ის ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.
10. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები იურიდიულ პირზე (პროვაიდერზე) ვრცელდება ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე.
11. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო უცხოური პროვაიდერის ფილიალის მიმართ, რომელიც იურიდიული პირია, ეროვნული ბანკი აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის სათავო პროვაიდერს და ამ უკანასკნელის ზედამხედველ ორგანოს.
12. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი პროვაიდერის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის შესაბამის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.
13. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიშიდან.
14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება დაიფარება ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის პროვაიდერის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗.
ლიკვიდატორის უფლებები
1. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებსა და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი პროვაიდერის სახელით დადოს ახალი გარიგებები.
4. პროვაიდერის ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ან შეწყვეტამდე უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი ცალმხრივად და ორმხრივად (ასევე, მრავალმხრივ) მავალდებულებელი გარიგება, მათ შორის:
ა) პროვაიდერსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება;
ბ) ხელშეკრულებები იმ მომსახურების შესახებ, რომელსაც ახორციელებდა ან/და რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდა პროვაიდერი;
გ) პროვაიდერის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 30 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ პროვაიდერი აპირებს გამოიყენოს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო ქირაზე, გარდა იმ გადასახდელი თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.
5. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილად ცნობა, თუ ამის შედეგად პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირმა ამ პროვაიდერის ხარჯზე მიიღო ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლა რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია პროვაიდერისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
6. ლიკვიდატორს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:
ა) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან პროვაიდერის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო პროვაიდერის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში არსებული სალიკვიდაციო პროვაიდერის ანგარიშები;
ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისაგან;
გ) გადასცეს კომერციულ ბანკს ან/და სხვა პროვაიდერს საფინანსო აქტივები, მათ შორის სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება;
დ) ორგანიზაცია გაუწიოს კომერციული ბანკებისთვის და სხვა პროვაიდერებისთვის ვალდებულებათა გადაცემას, ელექტრონული საფულეების შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
8. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია პროვაიდერის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს და ორგანიზება გაუწიოს მათ გადაცემას.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას სავალდებულოა შესაბამისი კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ კომერციულ ბანკს ან/და პროვაიდერს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები კომერციული ბანკი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები კომერციული ბანკი და პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს.
მუხლი 4🔗.
ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
2. ლიკვიდატორმა პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ პროვაიდერის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. ხოლო, ლიკვიდატორმა თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს პროვაიდერის საქმეები პროვაიდერის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ პროვაიდერის საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს პროვაიდერის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია (არსებობის შემთხვევაში) და ამავდროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.
5. ლიკვიდატორი ვალდებულია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში:
ა) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებს და შუამავალ პროვაიდერებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე რიცხული სახსრების, ასევე შუამავალი პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე სალიკვიდაციო პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით წინასწარგანთავსებული თანხის ნაშთის გამოყენება;
ბ) გააკეთოს განაცხადები სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო პროვაიდერის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა) გასხვისება;
გ) დაუგზავნოს შეტყობინებები პროვაიდერის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
6. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად (არსებობის შემთხვევაში), უნდა გაანადგუროს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი, ხოლო შესაბამისი განადგურების აქტი წარადგინოს ეროვნულ ბანკში. ლიკვიდატორი უფლებამოსილია უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.
7. ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკს და შუამავალ პროვაიდერს უნდა წარუდგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა, ასევე არსებობის შემთხვევაში, ბეჭდის ნიმუშები.
8. ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო პროვაიდერის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში უნდა გაუგზავნოს შეტყობინებები:
ა) პროვაიდერის მსესხებლებსა და დებიტორებს და მოსთხოვოს პროვაიდერის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა;
ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ პროვაიდერის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად კრედიტორებს და კლიენტებს. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა – მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, შეტყობინება ეცნობებათ სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით.
9. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს სალიკვიდაციო პროვაიდერის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
გ) დანიშვნიდან ორი თვის ვადაში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს;
დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს პროვაიდერის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;
ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს პროვაიდერის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);
ვ) უზრუნველყოს პროვაიდერის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ზ) პროვაიდერის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარად;
თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;
ი) პროვაიდერის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;
კ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა არახელსაყრელი იყოს პროვაიდერის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სალიკვიდაციო პროვაიდერის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ნ) პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ო) უზრუნველყოს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით;
პ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს პროვაიდერის კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;
ჟ) დაიცვას ეთიკის ნორმები და მოეპყროს პროვაიდერის მომხმარებლებს კეთილსინდისიერად;
რ) ყოველ 6 თვეში უზრუნველყოს კრედიტორთა ინფორმირება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნების გზით.
10. ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში სალიკვიდაციო პროვაიდერის კრედიტორების მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
11. მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს თავად კლიენტი.
12. ლიკვიდაციის პროცესში პროვაიდერის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს სალიკვიდაციო პროვაიდერის საქმეები.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული საფულეების სხვა პროვაიდერთან გადატანა
1. ლიკვიდატორი სალიკვიდაციო პროვაიდერის ელექტრონული საფულის გადატანის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა პროვაიდერს. ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს პროვაიდერმა ელექტრონული საფულის მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები და აღინიშნება, რომ პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობის ელექტრონული საფულეების მიღებაზე არის თანახმა.
2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ელექტრონული საფულეები გადაიტანოს მხოლოდ იმ პროვაიდერებთან, რომლებიც განაცხადებს თანხმობას, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, და ამავდროულად მათ საქმიანობას, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო ან დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ელექტრონული ფულის გამოშვება და ელექტრონული ფულით ოპერაციების განხორციელება წარმოადგენს.
3. ელექტრონული საფულეების გადატანაზე რამდენიმე პროვაიდერის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც თანახმაა ელექტრონული საფულეების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.
4. თუ ელექტრონული საფულეების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი პროვაიდერი არაა თანახმა, ლიკვიდატორი უფლებამოსილია ელექტრონული საფულეები გადაიტანოს სხვადასხვა პროვაიდერთან იმ მოცულობით, რომელზეც მათ განაცხადეს თანხმობა. ამასთან, მიმღები პროვაიდერების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც თანხმობას განაცხადებს ელექტრონული საფულეების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი ელექტრონული საფულეების გადაცემა ხდება მოთხოვნილი ელექტრონული საფულეების წილის მოცულობით რიგით მეორე პროვაიდერისათვის.
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროვაიდერების მიერ ელექტრონული საფულეების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც პირველი წარადგენს თანხმობას.
6. ამ მუხლის შესაბამისად გადასატან ელექტრონულ საფულეებში განთავსებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები პროვაიდერის აქტივების 10%-ს.
7. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი პროვაიდერი არ განაცხადებს თანხმობას ელექტრონული საფულეების მიღების თაობაზე, ან პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, ან მიმღები პროვაიდერი თანახმაა ელექტრონული საფულეების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, შესაბამის ელექტრონულ საფულეებზე განთავსებული სახსრების ნომინალური ღირებულება დაუბრუნდება მომხმარებლებს. თუ შეუძლებელია მომხმარებლისთვის დაბრუნება, მათ შორის მესაკუთრის გამოვლენის შეუძლებლობის გამო, ელექტრონულ საფულეებზე განთავსებული სახსრების ნომინალური ღირებულება გადაირიცხება მოუკითხავი თანხების ანგარიშზე.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საფულეების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ პროვაიდერს გადასცემს ამ ელექტრონულ საფულეებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა.
მუხლი 6🔗.
მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
3. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.
მუხლი 7🔗.
სალიკვიდაციო პროვაიდერის აქტივების საჯარო (ელექტრონულ) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა
1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, პროვაიდერის აქტივები გაყიდოს საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ელექტრონული აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში პროვაიდერის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონი წარიმართება ელექტრონული აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით:
ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო აქტივის მოკლე აღწერას. ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, ლიკვიდატორი უთანხმებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელსაც განცხადების პროექტს წარუდგენს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე;
გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ე) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდული აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;
ვ) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.
2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
3. ლიკვიდატორის მიერ ფინანსურ აქტივებზე პროვაიდერის მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, პროვაიდერის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით.
5. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით გააუქმოს საბალანსო უწყისიდან.
მუხლი 8🔗.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ან შეწყვეტა
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სალიკვიდაციო პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია პროვაიდერის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე.
2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) სრულადაა დაფარული პროვაიდერის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;
ბ) უნდა განხორციელდეს საქმიანობის საგნის ცვლილება ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების შესაბამისად.
3. ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ პროვაიდერს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად. აღნიშნულ შემთხვევაში ლიკვიდატორი მოქმედებს ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
4. პროვაიდერს აქტივები აღარ აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ პროვაიდერის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ პროვაიდერის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) პროვაიდერის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
6. პროვაიდერის ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებულ პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
8. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტებით დადგენილი პროცედურით საქმიანობის საგნის ცვლილებისას, რა შემთხვევაშიც პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით.
9. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, პროვაიდერს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს პროვაიდერის პარტნიორებს/აქციონერებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.
10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელ დასკვნასთან ერთად წარუდგენს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოიცემა პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
11. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს.
12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება საქმიანობის საგნის ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი.
13. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრებას, ან თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, იგი უნდა ემსახურებოდეს პარტნიორთა/აქციონერთა ინტერესების დაცვას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება და ყველა დარჩენილ კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში, იგი აღარ ექვემდებარება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗.
ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერი;
ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.
მუხლი 10🔗.
ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:
ა) პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;
ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის, მათ შორის, პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორების ან/და ყოფილი ლიკვიდატორების მიერ პროვაიდერის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;
გ) კომერციული ბანკებისაგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;
დ) სალიკვიდაციო პროვაიდერის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
ე) პროვაიდერის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;
ვ) პროვაიდერის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისთვის;
ზ) ფინანსური დარღვევებისათვის;
თ) პროვაიდერის მომხმარებლებთან არაეთიკური ან/და არაკეთილსინდისიერი მოპყრობისათვის.
2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფაში, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და სხვა ღონისძიებებში, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით.
მუხლი 11🔗.
ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის პროვაიდერის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.
5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ლიკვიდატორად რამდენიმე პროვაიდერში.
7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით.